Thumbnail
  • იტალიამ მეორე თამაში არანაკლებად შთამბეჭდავად ჩაატარა
  • შვეიცარია რთული მეტოქეა - 3 ბურთით ბევრი წელია, არ წაუგია
  • მანჩინიმ მთელი იტალია ერთ ორგანიზმად, ერთ სისტემად გააერთიანა

Sei bellissima – ‘ულამაზესი ხარ’ – ასე მიმართავს დღეს იტალიის მთავარი სპორტული გამოცემის, 'გაძეტა დელო სპორტის' პირველი გვერდი ‘სკუადრა აძურას’.

იტალიის აღტკინებას თავისი ლოგიკური საფუძველი აქვს. თურქეთთან ასე მოგება გვესმის - არც მეტოქეა ყველაზე ძლიერი, თან პირველი თამაშის და საშინაო ტრიბუნების ემოცია. მაგრამ შვეიცარია თურქეთი არ არის - რთული, უსიამოვნო და ძნელად სათამაშო გუნდია. ხუთ დღეში ორჯერ ასეთი ხარისხის ფეხბურთის თამაში დიდი ამბავია. არც მახსოვს, სანაკრებო ტურნირი რომელიმე გუნდს ასეთი ტემპით და აღმაფრენით დაეწყოს.

იტალიის ისტორიაში ეს ნამდვილად არ ყოფილა. პირიქით, ჯგუფური ეტაპი იტალიისთვის ყოველთვის წვალების და ნერვების ადგილი იყო.

'გაძეტა დელო სპორტის' პირველი გვერდი დღეს

მანჩინის გუნდი ერთ მთლიანობას ქმნის, ერთი ჰარმონიაა - ერთი რიტმით და ტემპით მოძრაობს. სისწრაფეები და ტემპიც აქედან მოდის. ესეც წლობით სისტემურად გუნდის შენების შედეგი. ამ ევროპაზე ბევრი კარგი გუნდი ვნახეთ. ისეთი ტურნირია, რომ დიდი გრანდები უმეტესად კარგ ფორმაში არიან. ამიტომაც, უფრო მეტად კარგ ამბებზე და საჩემპიონო შანსებზე გვიწევს წერა და ლაპარაკი, ვიდრე რომელიმე გუნდის კრიზისზე. თუმცა, ამ წელგამართული გრანდების ფონზეც კი, მანჩინის იტალია გამორჩეულად კარგია. ასეთი ხარისხის ფეხბურთი ამ ევროზე ჯერ არავის უთამაშია. თანაც, ორჯერ ზედიზედ და თანაც, შვეიცარიასთან.

შვეიცარიის ამბავი რომ გითხრათ: ბოლო 50 თამაშია, ანუ ზუსტად იმდენი, რამდენიც საძიებო სისტემამ ამომიგდო, ამ გუნდს სამი ბურთით არ წაუგია. ორბურთიანი სხვაობითაც სულ ორჯერ დამარცხდა. იტალიასთან კი ძალიან საწყლად გამოიყურებოდა. ანდორას ან გიბრალტარს თუ არა, რომელიმე ყაზახეთს ან ესტონეთს ჰგავდა.

არადა, ზემოთ, როგორც გითხარით, ჯგუფს იტალია ისტორიულად რთულად იწყებს ხოლმე. სწორედ ამიტომ ალაპარაკდა ბევრი ‘ახალ იტალიაზე’.

'აძურის' პროგრესული სტილი აქვს - აგრესიული პრესინგი და დინამიური შეტევა. თუმცა, თუ  ჩემპიონობა უნდა, არც ის ძველი ხელოვნებები უნდა დაივიწყოს, რომელმაც 4 მსოფლიოს ჩემპიონობა მოუტანა. ისტორიულად იტალიური სტილი ამ გუნდს პლეი ოფში ძალიან რთულ მოსაგებ ოპონენტად ხდის. ამ ორ თამაშშიც ყველაზე მეტად მანჩინის გუნდი შვეიცარიასთან თამაშის მეორე ტაიმში მომეწონა. არა იმიტომ, რომ მაზოხისტი ვარ. არა, უბრალოდ მომგებიან ანგარიშზე თამაშის გაყინვის და დაცვიდან მისი კონტროლის უნარი საჩემპიონო გუნდს აუცილებლად უნდა ჰქონდეს. იტალიამაც 2:0-ზე თამაში კარგად მოკლა. შვეიცარიას ბურთი უფრო ხშირად ჰქონდა, თუმცა 90 წუთში კარში ერთხელ დაარტყა.

მოკლედ, ‘ახალ თამაშს’ ტრადიციული იტალიური დაცვა რომ ემატება, საჩემპიონო ფორმულაც ეს არის. იტალია 10 თამაშია არ უშვებს. მთავარია, ჯორჯო კიელინი დიდი ხნით არ გამოაკლდეს. სკამის სიღრმე მანჩინის გუნდის ყველაზე ძლიერი მხარე არ არის. 1 თვეში 7 თამაში როცა გიწევს, უელსთან როტაციის უფლება მანჩინისთვის ამ ეტაპზე დიდი ფუფუნებაა.

ლოკატელი საუკეთესო იყო

ყველაზე სიმბოლური პირველი გოლი იყო. სასუოლოს ლოკატელიმ და ბერარდიმ ისეთი შეტევა და გოლი შექმნეს, რომ ნებისმიერი გრანდის ვარსკვლავი მოაწერდა ხელს. ამ იტალიის ძალაც ეს არის - სასუოლო, ნაპოლი, ლაციო, იუვე, ინტერი, მილანი, რომა - მანჩინიმ სრულიად იტალიის გუნდი შექმნა.

სასუოლოს ლოკატელი ისე თამაშობს, რომ პსჟ-ს მარკო ვერატის ძირითადში დაბრუნება გაუჭირდება. ესეც სიმბოლურია. ვერატის დიდი თაყვანისმცემელი ვარ, თუმცა ლოკატელი სულ უნდა თამაშობდეს. სექტემბრიდან ეს ბიჭი დიდ გუნდში იქნება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები