Thumbnail

იტალიის ნაკრებმა თურქეთთან იმდენად კარგად ითამაშა, რომ ახლა ამ გუნდისგან ყველა არა მხოლოდ ჯგუფიდან გასვლას, არამედ უფრო მეტს ელის!

უცნაურია, მაგრამ იტალიამ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ერთ მატჩში ორზე მეტი გოლი ისტორიაში პირველად სწორედ ახლა, თურქეთთან გაიტანა. "აძურას" 28-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ბოლო 9 თამაშში გოლიც არ გაუშვია. გარდა ამისა, შინ, მშობლიურ რომში ითამაშებს, სადაც როგორც წესი, იტალიის ნაკრები არ აგებს ხოლმე. მანჩინის გუნდი შვეიცარიასთან 3 ქულის მოპოვების შემთხვევაში ჯგუფიდან გავა და მიმდინარე ევრო 2020-ზე პირველი გუნდი გახდება, რომელიც პლეი ოფის საგზურს მოიპოვებს.

მეორე მხარესაა საათივით აწყობილი შვეიცარიის ნაკრები, რომელიც ძალიან გამოცდილი და რაც მთავარია, სტაბილურობით გამორჩეული გუნდია. ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდმა პირველ ტურში ქულები უელსთან დაკარგა, იმის მიუხედავად, რომ დიდი უპირატესობა ჰქონდა და წესით, მოგებაც დაიმსახურა. აქედან გამომდინარე, იტალიასთან მარცხის უფლება შვეიცარიას პრაქტიკულად აღარ აქვს, რადგან მდგომარეობას ძალიან გაირთულებს. სხვათა შორის, შვეიცარია კარგ ფორმაშია, რადგან უელსთან ფრემდე, ზედიზედ 6 თამაში ჰქონდა მოგებული. პეტკოვიჩი ძალიან კარგად იცნობს იტალიურ ფეხბურთს. 2012-2014 წლებში ის რომის ლაციოს დამრიგებელი იყო და 2013 წელს იტალიის თასის ფინალიც მოიგო, თანაც რომას წინააღმდეგ.

შვეიცარია იტალიაში მატჩისთვის რომში მოემზადა

გუნდებს საკადრო პრობლემები თითქმის არ აქვთ. იტალიას თურქეთთან მარჯვენა მცველი ალესანდრო ფლორენცი დაუშავდა და მოედანზე ვერ გავა. ის წესით ლორენცო დი ლორენცომ უნდა შეცვალოს, რომელიც თურქეთთან ძალიან მაგრად ჩაერთო თამაშში, მაგრამ მანჩინიმ თქვა, რომ ერთადერთი მარჯვენა მცველის პოზიციაზე არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული: ის არჩევანს დი ლორენცოსა და რაფაელ ტოლოის შორის გააკეთებს. როგორც "აძურის" მწვრთნელმა განმარტა, დი ლორენცოს შემთხვევაში გუნდი უფრო შემტევია, მაგრამ ტოლოისთან ერთად იტალია დაცვაში უფრო კომპაქტური იქნება.

ამასობაში, იტალიის ნაკრებს მარკო ვერატი დაუბრუნდა. პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავი უკვე 4 დღეა, გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ ძირითადში დაიწყებს თუ არა, ჯერ მაინც უცნობია. მანჩინიმ თქვა, რომ ბოლო ვარჯიშის მერე მიიღებს გადაწყვეტილებას. სავარაუდოდ, ის არ გარისკავს და ნახევარდაცვაში მის ადგილს ისევ მანუელ ლოკატელი დაიკავებს, რომელმაც თურქეთთან პირველი საგოლე შეტევა ძალიან ოსტატური პასით დაიწყო.

იტალია ფლორენციიდან რომში გაემგზავრა

შვეიცარიის ნაკრებში საკადრო პრობლემები არ არის. ერთადერთი, მეკარე იან ზომერის თამაშია კითხვის ნიშნის ქვეშ. გამოცდილ კიპერს ფიზიკური პრობლემები არ აქვს, მაგრამ მეორე შვილს ელოდება და სამწვრთნელო შტაბთან შეთანხმებულია, რომ გუნდი დროებით უნდა დატოვოს, რათა მეუღლის გვერდით იყოს. თუმცა, ჯერ მისი ართამაში გადაწყვეტილი არ არის.

"არსებობს დაძაბულობა, როგორც ყოველთვის და ასეც უნდა იყოს. ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ, მაგრამ ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს. შვეიცარიას დიდ პატივს ვცემთ. ვსაუბრობთ გუნდზე, რომელიც ფიფას რეიტინგის ათეულშია. ჰყავს მწვრთნელი, რომელიც კარგად იცნობს იტალიურ ფეხბურთს და შესაბამისად, ვიცით, რომ კარგად თამაში იქნება საჭირო. ჩვენს გუნდში ყველა ფეხბურთელი ძირითადი შემადგენლობის წევრია. საბოლოოდ, 11 მოთამაშე თამაშობს, მაგრამ ვინც არ უნდა გავიდეს მოედანზე, ყველა მაქსიმუმს გაიღებს", - თქვა მანჩინიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.

"8 წლის შემდეგ სასიამოვნოა რომში დაბრუნება. მოედანზე მარცხენა სათადარიგო სკამისკენ წავედი, რომელმაც ლაციოში ბევრი წარმატება მომიტანა, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ჩვენი მარჯვენა სათადარიგო სკამი იყო. პატივი უნდა ვცეთ იტალიას, მაგრამ არა მეტისმეტად. საჭიროა, მათი ენთუზიაზმი შევაკავოთ. ისინი ფავორიტები არიან არა მხოლოდ ჯგუფში, არამედ მთლიანად ტურნირზე. ჩვენ ისინი ჩვენი ფეხბურთით უნდა გავაკვირვოთ და 120% უნდა გავიღოთ", - ეს პეტკოვიჩის სიტყვებია.

საინტერესო ფაქტები

⚽ ევროპის ჩემპიონატზე იტალია და შვეიცარია პირველად შეხვდებიან. თუმცა, ორ მსოფლიოს ჩემპიონატზე სამჯერ უთამაშიათ. 1954 წელს შვეიცარიამ ჯგუფში 2:1 მოუგო იტალიელებს, ხოლო შემდეგ პლეი ოფში 4:1 აჯობა. 1962 წელს ჩილეში, იტალიამ ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეს 3:0 სძლია.

⚽ შვეიცარიას იტალიასთან ბოლო 8 მატჩიდან არცერთი არ აქვს მოგებული (4 ფრე, 4 წაგება). ბოლოს მათ იტალიელები 28 წლის წინ ბერნში 1:0 დაამარცხეს (1993 წელს), მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე და რობერტო მანჩინი მაშინ მოედანზე იყო.

⚽ იტალიას შვეიცარიასთან შინ 24-ჯერ უთამაშია და ერთადერთხელ დამარცხდა (18 მოგება, 5 ფრე) 1982 წელს, რომში, სტადიო ოლიმპიკოზე (0:1). და ეს იყო "სკუადრა აძურას" პირველი თამაში 1982 წელს მოგებული მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის შემდეგ.

⚽ შვეიცარიას ევროპის ჩემპიონატზე ჩატარებულ ბოლო ოთხ მატჩში ფრე აქვს ნათამაშები და ამ ტურნირზე არცერთ ქვეყანას უფრო გრძელი ფრეების სერია არ აქვს.

⚽ იტალიას ბოლო 9 მატჩია, გოლი არ გაუშვია. აპენინელთა კარში გოლი უკანასკნელად ნიდერლანდელმა დონი ვან დე ბეეკმა გაიტანა. იტალიას ბოლოს ზედიზედ 10 შეხვედრაში კარი მშრალად 1989 წლის ნოემბრიდან 1990 წლის ივნისამდე აქვს შენახული.

⚽ გამარჯვების შემთხვევაში იტალია გახდება პირველი გუნდი, რომელიც ევრო 2020-ის პლეი ოფის საგზურს მოიპოვებს. ამასთან, იტალიამ ევროპის ჩემპიონატზე საწყისი ორი თამაში 9 შემთხვევიდან მხოლოდ ორჯერ მოიგო (2000 და 2016 წლებში).

⚽ იტალიის ნაკრების მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა შეიძლება გახდეს რიგით მეორე ყველაზე ახალგაზრდა მეკარე ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში, რომელიც ზედიზედ ორჯერ კარს მშრალად შეინახავს (22 წლის 111 დღის). პირველ პოზიციაზე იგორ აკინფეევია, რომელმაც ეს 2008 წელს გააკეთა (22 წლის და 71 დღის ასაკში).

⚽ შვეიცარიელ ჰარის სეფეროვიჩს ევროპის ჩემპიონატზე ბოლო 5 თამაშში 13 დარტყმა აქვს, საიდანაც 4 უელსთან პირველ ტაიმზე მოდის, მაგრამ გოლი ჯერჯერობით არ გაუტანია.

⚽ ჩირო იმობილეს რომის სტადიო ოლიმპიკოზე 118 თამაშში 92 გოლი აქვს გატანილი, მას მერე, რაც 2016 წელს ლაციოს შეუერთდა. იმობილე ან ინსინიე (ან ორივე) შეიძლება გახდნენ პირველი იტალიელი ფეხბურთელები 2002 წლის მერე, რომლებიც დიდ ტურნირზე (მსოფლიოს/ევროპის ჩემპიონატი) პირველ-ორ მატჩში გოლებს გაიტანენ. ეს ბოლოს კრისტიან ვიერიმ გააკეთა 2002 წლის მუნდიალზე, როცა ეკვადორთან დუბლი შეასრულა და მეორე ტურში ხორვატიასაც გაუტანა.

⚽ 2014 წლიდან ჯერდან შაჩირი მონაწილეობდა შვეიცარიის ნაკრების გოლების 50%-ში დიდ ტურნირებზე (მსოფლიოს/ევროპის ჩემპიონატი). ამ პერიოდში შვეიცარიამ 14 გოლი გაიტანა, საიდანაც 5 შაჩირის ანგარიშზეა, ხოლო 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.

⚽ იტალიის ნაკრების ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ორივე გუნდს არ გაუტანია, რადგან იტალია ბოლო 9 თამაშია გოლს არ უშვებს.

⚽ შვეიცარიის ნაკრების ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ასევე 3-ჯერ ორივემ გაიტანა.

⚽ იტალიისა და შვეიცარიის ნაკრებების ბოლო ხუთ დაპირისპირებაში ერთხელ გავიდა 2.5-ზე მეტი გოლი და 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა. ბოლო სამი თამაში ფრედ დასრულდა.

⚽ ოფიციალური შეხვედრები (არა ამხანაგური) ამ გუნდებს შორის ბოლოს ევრო 2000-ის შესარჩევ ეტაპზე შედგა და იტალიამ უდინეში ალესანდრო დელ პიეროს დუბლით 2:0 მოიგო და ამ მატჩში იტალიის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა ფრანჩესკო ტოტის, ხოლო შვეიცარიაში გოლი არ გასულა.

⚽ მთლიანობაში იტალია და შვეიცარია ერთმანეთს 57-ჯერ შეხვედრიან, საიდანაც 28-ჯერ იტალიელებმა იმარჯვეს, 22-ჯერ ფრე დაფიქსირდა და 7 მატჩი შვეიცარიამ მოიგო.

სავარაუდო შემადგენლობები

იტალია (4-3-3): დონარუმა - დი ლორენცო, ბონუჩი, კიელინი, სპინაცოლა - ბარელა, ჟორჟინიო, ლოკატელი - ბერარდი, იმობილე, ინსინიე.
ტრავმა: ფლორენცი

შვეიცარია (3-4-1-2): ზომერი - ელვედი, შერი, აკანჯი - მბაბუ, ზაკარია, ჯაკა, როდრიგესი - შაჩირი - ემბოლო, სეფეროვიჩი.

კომენტარები

ბოლო ამბები