Thumbnail
  • თუკი გარიგება შედგა, კლუბს 4 ფეხბურთელი გამოიცვლის
  • Mundo Deportivo საინტერესო მოლაპარაკებების დეტალებს ამხელს

ესპანურ ბარსელონასა და ინგლისურ მანჩესტერ სიტის შორის დიდი გაცვლა მზადდება, რომლის თანახმადაც ადგილსამყოფელს ერთბაშად 4 ფეხბურთელი შეიცვლის. Mundo Deportivo-ს ცნობით, კატალონიურ გრანდში ჟოაო კანსელო და ბერნარდუ სილვა გადავლენ, ხოლო პრემიერლიგის ჩემპიონს უსმან დემბელე და სერხი რობერტო მიაშურებენ.

როგორც ირკვევა, ერთი კვირის წინ, ბარსელონას პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა და დირექტორი მატეუ ალემანი სიტის მთავარ მწვრთნელს პეპ გვარდიოლას მალიორკაში გამართულ გოლფის ტურნირზე შეხვდნენ და აღნიშნული გარიგების დეტალები განიხილეს. ბარსელონამ პორტუგალიელი ფეხბურთელებით დაინტერესება სწორედ მაშინ გამოხატა და ახლა, კლუბები შესაბამის სამუშაოებს აწარმოებენ.

აღსანიშნავია, რომ კანსელოსა და სილვას ინგლისურ კლუბთან კონტრაქტები 2025 წლამდე აკავშირებთ, თუმცა, ბარსაში გადასვლა ძალიან სურთ. ამ ამბავს ხელს ისიც უწყობს, რომ პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელების აგენტი ჟორჟე მენდეშია, მას კი ბარსელონას ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობები აქვს.

შედარებით რთულ ვითარებაშია კატალონიური კლუბი, რომელსაც სიტიში გადასვლაზე დემბელესა და რობერტოს თანხმობა ჯერ არ გააჩნია. არადა, ამ ფეხბურთელთა კონტრაქტებს ვადა 2022 წლის ივნისში გადის, ამგვარად, უკვე მომდევნო წლის იანვრიდან მათ მოლაპარაკებების დაწყება თავისუფალი აგენტის რანგში შეეძლებათ.

გვარდიოლას სერხი რობერტოს წაყვანა დიდი ხანია სურს, რადგანაც ფეხბურთელის ტაქტიკური მომზადება და მისი უნარი სხვადასხვა პოზიციებზე იმოქმედოს, ძალიან მოსწონს. ამან, შესაძლოა, რობერტოს ნაბიჯიც დააჩქაროს, აი, დემბელეს დათანხმება კი უფრო რთული იქნება.

ბარსელონაში ეჭვობენ, რომ უსმანს მიმდინარე კონტრაქტის ბოლომდე ამოწურვა და ახალ კლუბში უფასოდ გადასვლა სურს. ფრანგი ფეხბურთელის აგენტი უახლოეს პერიოდში ბარსას უფროსობასთან შეხვედრას გეგმავს და შესაძლოა, საკითხს მეტი ნათელი მოეფინოს.

კომენტარები

ბოლო ამბები