Thumbnail

ევროპის ჩემპიონატის პირველი ტური ცენტრალური მატჩით დასრულდება, რომელშიც გერმანიის ნაკრები მიუნხენში საფრანგეთის ნაკრებს შეხვდება. ალემანების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა პრესკონფერენცია გამართა და მნიშვნელოვანი თამაშის წინ კომენტარი გააკეთა.

ლიოვის თქმით, მისი გუნდი ბოლო ორი კვირის განმავლობაში კარგად მოემზადა და საინტერესო იქნება, როგორ წარმოაჩენს თავს ისეთი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ, როგორიც საფრანგეთია.

იოახიმ ლიოვი: "მოუთმენლად ველოდებით მსოფლიოს ჩემპიონის წინააღმდეგ თამაშს, რაც განსაკუთრებულია. ასეთი სტარტი ყოველდღე არ ხდება. ველოდებით სტადიონზე გულშემატკივრების დაბრუნებასაც. გუნდური ატმოსფერო და სულისკვეთება ფანტასტიკურია. ყველა მოთამაშე მშიერია და სურს წარმატებას მიაღწიოს. ეს ყველაფერი მშვიდად ძილის საშუალებასაც მაძლევს. მხოლოდ ჰოფმანი ვერ ითამაშებს, გორეტცკამ გუნდთან ერთად 4-5-ჯერ ივარჯიშა და მისი მდგომარეობა კარგად გვაქვს შესწავლილი, თამაში შეუძლია. რისკის ქვეშ არ იმყოფება, მაგრამ მას ვუთხარი, რომ გადაწყვეტილებას ბოლო ვარჯიშის შემდეგ სამედიცინო შტაბთან საუბრით მივიღებთ.  შეტევაში მაღალი ხარისხის ფეხბურთელები გვყავს, ვერნერი, სანე, ჰავერტცი, მიულერი და გნაბრი, ნებისმიერს შეუძლია თამაშის ბედი მარტომ გადაწყვიტოს. ორივე გუნდში არიან სახიფათო შემტევები და მუდმივი კონცენტრაცია იქნება საჭირო, ფრანგ ფეხბურთელებს თვალი არ უნდა მოვაცილოთ. ვფიქრობ, ბოლო 14 დღის განმავლობაში გავაკეთეთ ის, რაც გვინოდა. საინტერესო იქნება როგორ წარმოვაჩენთ თავს ისეთი მაღალი კლასის გუნდის წინააღმდეგ, როგორიც საფრანგეთია".

შეგახსენებთ, რომ გერმანიისა და საფრანგეთის ნაკრების მატჩი 15 ივნისს, მიუნხენში "ალიანს არენაზე" გაიმართება. F ჯგუფში მათ გარდა, პორტუგალიისა და უნგრეთის ნაკრებები არიან, რომლებიც პირველ ტურში ბუდაპეშტში შეხვდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები