Thumbnail

სანკტ-პეტერბურგის "გაზპრომ არენაზე" ევროპის ჩემპიონატის E ჯგუფის პირველი მატჩი გაიმართა - პოლონეთის ნაკრები სლოვაკეთს დაუპირისპირდა და მოულოდნელად დამარცხდა - 1:2.

პაულო სოუზას ტრავმების გამო შეტევაში გუნდის გადაწყობა მოუწია. მილიკისა და პიონტეკის გარეშე დარჩენილი ნაკრები ტაქტიკურადაც გადაეწყო - 4-4-2-დან 3-5-2-ზე, სადაც ლევანდოვსკის შეტევაში ჟელინსკი ეხმარეობდა. სლოვაკეთის ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ოპტიმალურად იყო დაკომპლექტებული. 

სლოვაკეთის ნაკრები მე-18 წუთზე კურიოზული გოლით დაწინაურდა - რობერტ მაკმა მარცხენა ფლანგზე ორ მცველს აჯობა, საჯარიმოში შეიჭრა და მახვილი კუთხიდან დაარტყა - ბურთი ძელს მოხვდა, შემდეგ კი შჩესნის ზურგს. გოლი მაკს რომ ჩათვლოდა ის მის სანაკრებო კარიერაში მე-15 იქნებოდა. 

სლოვაკთა გოლში უდიდესი წვლილი რობერტ მაკს მიუძღვის

ბურთს უფრო პოლონეთის ნაკრები ფლობდა, მაგრამ გაცილებით სახიფათო სლოვაკთა შეტევები იყო, პირველი ტაიმიც მინიმალური სხვაობით დასრულდა. ლევანდოვსკიმ და კომპანიამ პირველ ტაიმში კარში ზუსტად დარტყმა ვერ შეძლეს.

მეორე ტაიმი დაიწყო და სოუზას გუნდმა პირველივე შეტევაში გაათანაბრა, რიბუსის პასით გოლი ტორინოს ნახევარმცველმა კაროლ ლინეტიმ გაიტანა. 

კაროლ ლინეტის გოლი სლოვაკთა კარში

მაშინ, როცა პოლონელთა უპირატესობა უკვე აშკარა გახდა, გუნდი საყრდენმა გჟეგოჟ კრიხოვიაკმა დააღალატა, რომელმაც მეორე ყვითელი ბარათი მიიღო (ჯერ პირველ ტაიმში გააფრთხილეს) და გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დატოვა. 

62-ე წუთიდან პოლონეთი 10 კაცით თამაშობდა - კრიხოვიაკის გაძევება

69-ე წუთზე სლოვაკეთის ნაკრები კვლავ წინ გავიდა, მაკის კუთხურს მილან შკრინიარის გასროლა მოჰყვა. საგოლე პასი მარეკ ჰამშიკს ჩაეთვალა.

TOP - მილან შკრინიარი (სლოვაკეთი)

მილანის ინტერის მცველმა ძირითად ფუნქციასაც (ლევანდოვსკის შეჩერება) ბრწყინვალედ გაართვა თავი და გამარჯვების გოლიც გაიტანა.

FLOP - გჟეგოჟ კრიხოვიაკი (პოლონეთი)

სინამდვილეში ტრიოს დასახელება შეიძლება - მეკარე შჩესნიმ ავტოგოლი მიითვალა, კრიხოვიაკმა ნაკრები გადამწყვეტ მომენტში დააღალატა, ხოლო ლევანდოვსკიმ 90 წუთის განმავლობაში მიზანი ვერ გაისწორა. არადა, წესით, სამივე ნაკრების ლიდერია...

მნიშვნელოვანი ფაქტები

📌 ვოიცეხ შჩესნის 2012 წელსაც ცუდი სტარტი ჰქონდა, როცა საბერძნეთთან მატჩში გააძევეს. 

📌 ვოიცეხ შჩესნი პირველი გოლკიპერია, ვინც ევროპის ჩემპიონატების (ფინალური ეტაპები) ისტორიაში ავტოგოლი მიითვალა.

📌 მარეკ ჰამშიკის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში სწორედ პოლონეთთან მატჩში შედგა - 2007 წელს (2:2).

📌 კაროლ ლინეტის გოლი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მე-2 ტაიმებში ყველაზე სწრაფ გოლებში მეორე ადგილზეა. ლინეტიმ გოლი 32-ე წაზმზე გაიტანა მე-2 ტაიმში.

📌 სლოვაკეთმა პოლონეთს ბოლო 5 დაპირისპირებიდან 4 მოუგო.

პოლონეთი 1:2 სლოვაკეთი

პოლონეთი (3-5-2): შჩესნი - ბერეშინსკი, გლიკი, ბედნარეკი - იოჟვიაკი, ლინეტი (74. ფრანკოვსკი), კრიხოვიაკი, კლიხი (85. მოდერი), რიბუსი (74. პუხაჩი) - ლევანდოვსკი, ჟელინსკი (85. შვიდერსკი)

სლოვაკეთი (4-2-3-1): დუბრავკა - პეკარიკი (79. კოშელნიკი), შატკა, შკრინიარი, ჰუბოჩანი - ჰრომადა (79. ჰროსოვსკი), კუცკა - ჰარასლინი (87. ძიურიში), ჰამშიკი, მაკი (87. სუსლოვი) - დუდა   

კომენტარები

ბოლო ამბები