Thumbnail

'არ დავნებდები' - კრისტიან ერიკსენის პირველი კომენტარი გულის შეტევის შემდეგ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

დანიის ნაკრების ნახევარმცველმა კრისტიან ერიკსენმა, რომელსაც ევრო 2020-ის სასტარტო მატჩში ფინეთთან გულის შეტევა დაემართა, თავის მდგომარეობაზე ისაუბრა. 

მილანის ინტერის 29 წლის ნახევარმცველი შეუძლოდ შეხვედრის პირველი ტაიმის მიწურულს გახდა და გონება დაკარგა. ექიმებმა კრისტიანს პირველი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, შემდეგ კი ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

"არ დავნებდები. ახლა უკეთესად ვარ, მაგრამ მინდა გავერკვე, რა მოხდა. მსურს მადლობა გადაგიხადოთ ყველას იმისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეთ", - აქვეყნებს ერიკსენის სიტყვებს Gazzetta dello Sport.

საბედნიეროდ, ექიმებმა ერიკსენის გადარჩენა მოახერხეს  

კრისტიანის მდგომარეობაზე კომენტარი დანიის ეროვნული ნაკრების ექიმმა მორტენ ბიოსენმაც გააკეთა:

"მას გული გაუჩერდა და დეფიბრილატორით გავაცოცხლეთ. რაღაც მომენტში ვიფიქრეთ, რომ ხელიდან გამოგვეცალა. მომხდართან დაკავშირებით კონკრეტული მიზეზების დასახელება ამჟამად არ შეგვიძლია. მუდმივ კონტაქტში ვართ კრისტიანთან, ექიმებთან და მის ოჯახთან".

კრისტიან ერიკსენი დანიის ეროვნული ნაკრების ღირსებას 2010 წლიდან იცავს და მისი მაისურით ჩატარებულ 109 მატში 36 გოლი აქვს გატანილი.

დანიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი, სადაც B ჯგუფში გამოდის, ფინეთთან სენსაციური მარცხით (0:1) დაიწყო. კასპერ იულმანის გუნდი მომდევნო შეხვედრას ჯგუფის ლიდერ ბელგიასთან, 17 ივნისს ჩაატარებს

კომენტარები

ბოლო ამბები