Thumbnail
  • მილუოკი 107:96 ბრუკლინი
  • იანის ანტეტოკუნმპომ ნეტსს 34 ქულა ჩაუგდო

იანის ანტეტოკუნმპოს მილუოკი ბაქსმა ბრუკლინ ნეტსთან NBA-ს მეოთხედფინალური სერია 2 მარცხით დაიწყო, თუმცა, შინაურ კედლებში სრულფასოვანი რევანშის აღება შესძლო. მილუოკელებმა მშობლიურ Fiserv Forum-ში მე-2 თამაშიც მოიგეს (107:96) და წონასწორობა აღადგინეს.

ბაქსს წარმატების მიღწევაში ბრუკლინელთა ერთ-ერთი ლიდერის კაირი ირვინგის ტრავმაც დაეხმარა. მატჩის მე-2 მეოთხედში ის ზუსტი შეტევის შემდეგ იანისის ფეხზე დახტა, მარჯვენა კოჭი იტკინა და მოედანზე დაბრუნება ვეღარ მოახერხა. ირვინგს ამ დროს უკვე 11 ქულა ჰქონდა და სავარაუდოა, რომ სტუმრებს კიდევ დიდ დახმარებას გაუწევდა.

ასე კი, ნეტსს მხოლოდ კევინ დურანტის (28 ქულა, 13 მოხსნა) ყოჩაღობა არ ეყო, რადგანაც ხსენებული ანტეტოკუნმპო ტრადიციულად შეუჩერებელი გახლდათ. იანისმა 34 ქულას 12 მოხსნა წაამატა და მას კრის მიდლტონი (19 ქულა, 8 პასი) ჯრუ ჰოლიდეი (14 ქულა, 9 პასი) და პი ჯეი ტაკერიც (13 ქულა, 7 მოხსნა) კარგად დაეხმარნენ.

აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალურ დაპირისპირებაში მე-5 მატჩი 15 ივნისს ჩატარდება და მას უკვე ბრუკლინის Barclays Center უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ სერია ტრადიციულად ოთხ მოგებამდე გრძელდება, მისი გამარჯვებული კი კონფერენციის ჩემპიონობისთვის ფილადელფიასა და ატლანტას შორის უმჯობესს გაეჯიბრება.

📺 მილუოკი V ბრუკლინი

კომენტარები

ბოლო ამბები