Thumbnail

ჯოკოვიჩის მე-19 სლემი - ნოვაკმა ციციპასს ორსეტიანი ჩამორჩენის მიუხედავად მოუგო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ჯოკოვიჩი 6:7 (6:8), 2:6, 6:3, 6:2, 6:4 ციციპასი
  • სერბმა ჩოგბურთელმა როლან გაროსი კარიერაში მეორედ მოიგო

34 წლის სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა საფრანგეთის ღია პირველობის მოგება კარიერაში მეორედ მოახერხა, საერთო ჯამში კი, მე-19 სლემ-ტურნირზე იმარჯვა. ამგვარად, ის შვეიცარიელ როჯერ ფედერერსა და ესპანელ რაფაელ ნადალს მხოლოდ 1 ტიტულითღა ჩამორჩება. წლევანდელი როლან გაროსის ფინალში ნოლემ 22 წლის ბერძენი სტეფანოს ციციპასი 6:7 (6:8), 2:6, 6:3, 6:2, 6:4 დაამარცხა.

თამაში 4 საათსა და 12 წუთს გაგრძელდა და ანგარიშიდან სჩანს, რომ ძალიან საინტერესოდ წარიმართა. სასტარტო სეტში ჯოკოვიჩი 6:5-ზე აწვდიდა, თუმცა, საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ მოახერხა და ტაი-ბრეიკზე დამარცხდა. მეორე სეტში ნოვაკი 2-ჯერ დაბრეიკდა და შანსი არ ჰქონია, შემდეგ კი, კორტზე ვითარება შეიცვალა. ჯოკოვიჩს თავისი მოწოდება აღარ წაუგია, ციციპასმა კი შეცდომებს მოუხშირა და დრამატული მარცხი განიცადა.

აღსანიშნავია, რომ ჯოკოვიჩი მხოლოდ მე-6 ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც ღია ერაში (მოყოლებული 1968 წლიდან) სლემ-ტურნირის ფინალში ორსეტიანი ჩამორჩენა მოახერხა. დღევანდლამდე, ეს, ბიორნ ბორგს, ივან ლენდლს, ანდრე აგასის, გასტონ გაუდიოსა და დომინიკ ტიმს მოეხერხებინათ. ამას, გარდა ნოვაკი ასევე ღია ერაში პირველი ჩოგბურთელი შეიქმნა, რომელსაც ოთხივე სლემ-ტურნირი მინიმუმ 2-ჯერ აქვს მოგებული. მთელს ისტორიაში კი ეს მხოლოდ როდ ლეივერსა და როი ემერსონს გაუკეთებიათ.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელი როლან გაროსის საპრიზო ფონდი 34 367 215 ევრო იყო, საიდანაც ჩემპიონმა 1 400 000 მიიღო, ფინალისტს კი 750 000 ერგო. ამას გარდა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა 2 000 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და ატპ-ს რეიტინგში პირველობას კიდევ უფრო გაიმყარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები