Thumbnail

დღეს, ევროპის ჩემპიონატზე E ჯგუფის მატჩები გაიმართება. ყველაზე დიდ ინტერესს ესპანეთისა და შვედეთის დაპირისპირება იწვევს, რომელიც სევილიაში შედგება.

ევრო 2020-ის დაწყებამდე ორივე გუნდს პრობლემები შეექმნა. ესპანეთს კაპიტანი სერხიო ბუსკეტსი ჰყავს ინფიცირებული და ვერ ითამაშებს. ამის გამო "ფურია როხა" რამდენიმე დღე იზოლაციაში იმყოფებოდა, მაგრამ შემთხვევების რაოდენობა არ გაზრდილა, რაც იმას ნიშნავს, რომ მდგომარეობა ნორმალურია. შვედეთს ორი ფეხბურთელი ჰყავს ინფიცირებული - იუვენტუსის თავდამსხმელი დეიან კულუშევსკი და ბოლონიას მცველი მატიას სვანბერგი. ისინი გუნდთან ერთად ჯერჯერობით არ იმყოფებიან.

ეს გუნდები ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ. ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში ერთ ჯგუფში იყვნენ. ესპანეთმა შინ 3:0 მოიგო, ხოლო შვედეთში ფრე 1:1 დაფიქსირდა. მათ დაპირისპირება სულ მალე კიდევ მოუწევთ - ამჯერად მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, რადგან იქაც ერთ ჯგუფში არიან. სხვათა შორის, ორივე გუნდმა ცოტა ხნის წინ საქართველოს წინააღმდეგ ითამაშა. შვედეთმა ვილი სანიოლის გუნდს შინ 1:0 მოუგო, ხოლო ესპანეთმა თბილისში 2:1 გაიმარჯვა.

ესპანეთიც და შვედეთიც ევროპის ჩემპიონატზე მთავარი ვარსკვლავების გარეშე ასპარეზობენ. ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 1 თვის წინ ტრავმა მიიღო და იანე ანდერსონს მისი განაცხადში შეყვანა არ შეეძლო, ხოლო ლუის ენრიკემ სერხიო რამოსი თავისი ნებით დატოვა შემადგენლობის მიღმა, რის მიზეზადაც ფორმაში არყოფნა დაასახელა.

სევილიაში 'ესტადიო ლა კარტუხა' თამაშის მასპინძლობისთვის მზადაა

ზოგადად, ესპანეთის ნაკრებში თაობათა ცვლის პროცესია და რთული სათქმელია, რას უნდა ველოდოთ ევროპის 3-გზის ჩემპიონისგან. "ფურია როხას" აღარ ჰყავს ჩავი-ინიესტას თაობა და ბოლო პერიოდში დიდ ტურნირებზე (2012 წლის შემდეგ) ღირებულ წარმატებას ვერ აღწევს. იგივე ითქმის შვედეთის ნაკრებზეც, რომელიც როგორც წესი, ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობს, მაგრამ მეტს ვერაფერს აღწევს და ჯგუფური ბარიერი 2004 წლის მერე აღარც გადაულახავს.

"ესპანეთთან სტუმრად თამაში ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა მსოფლიო ფეხბურთში. ვიცით, რომ თუ ყველაფერს ჩვენს დონეზე გავაკეთებთ, შანსი აუცილებლად გვექნება", - თქვა მატჩამდე შვედეთის ნაკრების მწვრთნელმა ანდერსონმა.

"მათ არ ჰყავთ ისეთი მოთამაშე, რომელიც შეიძლება გლობალურ ვარსკვლავად ჩაითვალოს, მაგრამ გუნდურობით გამოირჩევიან. ფიზიკურად ძლიერი, მაღალი ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც დაცვაში კარგად არიან ორგანიზებულნი და ზუსტად იციან, რა უნდა გააკეთონ. წარსულში შვედეთთან რამდენჯერმე ვითამაშეთ და ყოველთვის პრობლემებს გვიქმნიდნენ. ამჯერად თამაში ევროპის ჩემპიონატზე გვაქვს. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რთული მატჩი იქნება და იმედი მაქვს, რომ ამ გამოწვევას გავუმკლავდებით", - ეს კი ესპანელთა დამრიგებლის, ლუის ენრიკეს სიტყვებია.

საინტერესო ფაქტები

⚽ ეს არის მეოთხე მატჩი ესპანეთსა და შვედეთს შორის დიდ ტურნირებზე (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები). 1950 წელს მუნდიალზე შვედებმა 3:1 მოიგეს, 1978 წელს ესპანელებმა 1:0, ხოლო ევრო 2008-ზე გამარჯვება ისევ ესპანეთს დარჩა - 2:1.

⚽ შვედეთმა ესპანეთთან ბოლო 12 მატჩში კარი მშრალად მხოლოდ ერთხელ შეინარჩუნა (2006 წლის ოქტომბერში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, 2:0 იოჰან ელმანდერისა და მარკუს ოლბაკის გოლებით). ეს არის შვედების ბოლო გამარჯვებაც ესპანელთა წინააღმდეგ.

⚽ ესპანეთი მეთერთმეტედ მონაწილეობს ევროპის ჩემპიონატზე და წინა 10 ტურნირიდან „ფურია როხა“ 3-ჯერ ჩემპიონი გახდა (1964, 2008, 2012). მხოლოდ გერმანიას აქვს უფრო მეტი ჩემპიონის ტიტული (4), ვიდრე ესპანეთს.

⚽ შვედეთის ნაკრები მეშვიდედ თამაშობს ევროპის ჩემპიონატზე. პირველად სკანდინავიელები ევროფორუმზე 1992 წელს იყვნენ, როდესაც ტურნირს უმასპინძლეს და საუკეთესო შედეგიც მაშინ აჩვენეს (ნახევარფინალი). მას შემდეგ შვედეთმა ყველა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა გარდა 1996 წლისა.

⚽ ესპანეთმა ბოლო 6 ევროპის ჩემპიონატიდან 5-ჯერ პლეი ოფში ითამაშა. მხოლოდ 2004 წელს ასპარეზობას ჯგუფურ ეტაპზე გამოეთიშა.

⚽ ესპანეთმა ევროპის ჩემპიონატზე ბოლო 16 მატჩიდან მხოლოდ 2 წააგო (11 მოგება, 3 ფრე) და ორივე ბოლო ორ თამაშში - 2016 წელს, ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში ხორვატიასთან და მერვედფინალში იტალიასთან.

⚽ ესპანეთმა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე პირველი ტურის ბოლო 5 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო (2016 წელს ჩეხეთთან 1:0).

⚽ შვედეთი ევროპის ჩემპიონატის ბოლო სამ გათამაშებაში ჯგუფში ჩარჩა. ბოლოს შვედებმა პლეი ოფში 2004 წელს ითამაშეს, როდესაც მეოთხედფინალში ნიდერლანდებთან პენალტების სერიაში წააგეს (0:0, 4:5).

⚽ შვედეთმა ბოლო 8 თამაშიდან 6 წააგო ევროპის ჩემპიონატზე (1 მოგება, 1 ფრე). ერთადერთი გამარჯვება მათ 2012 წელს საფრანგეთთან მოიპოვეს და კარიც მხოლოდ მაშინ შეინახეს მშრალად (2:0). ევრო 2016-ზე მხოლოდ უკრაინაზე (0) მეტი გოლი გაიტანა შვედეთმა (1) და ისიც ირლანდიელი კირან კლარკის ანგარიშზეა, რომელმაც ავტოგოლი მიითვალა.

⚽ ესპანეთის ბოლო 37 გოლი ევროპის ჩემპიონატზე გატანილია საჯარიმოს შიგნიდან. ბოლოს "ფურია როხამ" ევროზე საჯარიმოს გარედან გოლი 2000 წელს გაიტანა, როცა რაულმა სლოვენია დაამწუხრა.

⚽ ხერარდ მორენომ შესარჩევ ეტაპზე ესპანელების მხრიდან ყველაზე მეტ გოლში მიიღო მონაწილეობა (3 გოლი, 3 საგოლე პასი). ის გასულ სეზონში ლა ლიგაში საუკეთესო იყო ესპანელებს შორის შედეგიანობით და 23 გოლი გაიტანა.

⚽ ამ გუნდების ბოლო ხუთ მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 2-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

 ⚽ ესპანეთის ნაკრების ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ შვედეთის ნაკრების ბოლო 5 მატჩში 2-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ერთხელ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ შვედეთს ბოლო 5 მატჩი მოგებული აქვს, მაგრამ მანამდე 8 თამაშიდან 6 წააგო. შვედებს ბოლო 15 მატჩია ფრედ არ უთამაშიათ. ბოლოს ფრე სწორედ ესპანეთის წინააღმდეგ დაფიქსირდა (2019 წელს 1:1).

⚽ ესპანეთის ნაკრებს 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და უკანასკნელად უკრაინის ნაკრებთან დამარცხდა (0:1).

⚽ ესპანეთს და შვედეთს ერთმანეთში 14-ჯერ უთამაშიათ, საიდანაც 6 მატჩი პირინელებმა მოიგეს, 3 სკანდინავიელებმა და 5-ჯერ ფრე დაფიქსირდა.

სავარაუდო შემადგენლობები

ესპანეთი (4-3-3): უნაი სიმონი - ასპილიკუეტა, ლაპორტი, პაუ ტორესი, ალბა - ლორენტე, როდრი, პედრი - მორენო, მორატა, ფერან ტორესი
კოვიდინფიცირებული: სერხიო ბუსკეტსი

შვედეთი (4-4-2): ოლსენი - ლუსტიგი, ლინდელოფი, დანიელსონი, აუგუსტინსონი - ს. ლარსონი, ეკდალი, ოლსონი, ფორსბერგი - ისაკი, ბერგი
კოვიდინფიცირებულები: კულუშევსკი და სვანბერგი

კომენტარები

ბოლო ამბები