Thumbnail

ორწლიანი ლოდინი დასრულდა: From Software-მა E3-ზე Elden Ring-ის თრეილერი აჩვენა

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • E3-ზე ვიხილეთ Elden Ring-ის პირველი გეიმფლეი, რომელიც Dark Souls-ს მოგვაგონებს
  • თამაში 2022 წლის 21 იანვარს გამოვა
  • მისი ავტორები ჯორჯ მარტინი და ჰიდეტაკა მიაზაკი არიან

როგორც იქნა, უსასრულო დუმილის შემდეგ, From Software-მა, პროექტ Elden Ring-ის თრეილერი გვაჩვენა და მისი გამოსვლის თარიღიც გაამხილა: თამაშს 2022 წლის 21 იანვარს ვიხილავთ.

ლეგენდარული Dark Souls-ის ფანებს გაგახარებთ იმის გაგება, რომ Elden Ring-ის სტილი სწორედ ამ ფრენჩაიზისას ჰგავს. Elden Ring-ის სამყარო, ბნელი, მისტიური და გოთიკური სტილით შთაგონებულია. სწორედ ეს განასხვავებს From Software-ის თამაშებს, ბაზარზე არსებული სხვა სათავგადასავლო და როლური თამაშებისაგან.

შეგახსენებთ, რომ Elden Ring პირველად 2019 წლის E3-ზე დააანონსეს, როგორც ‘From Software-ის ტრადიციული სტილის, ღია სამყაროს მქონე თამაში, Dark Souls-ის შემქმნელის, ჰიდეტაკა მიაზაკის და Game of Thrones-ის ავტორის, ჯორჯ მარტინისგან.’  თუმცა, ამ განცხადების შემდეგ, სტუდიაც და მისი მფლობელი კომპანია Bandai-ც თვალსაწიერიდან გაქრნენ და, ორი წლის განმავლობაში, Elden Ring-ზე არავითარი ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. 

ფესტივალზე ნაჩვენებ მოკლე ვიდეოში, ბევრი სიახლე ვიხილეთ: ნანგრევები, დრაკონები, ‘ბოსები’ რომლებთანაც შებრძოლება მოგვიწევს… იმაზეც იყო მინიშნება, რომ Dark Souls-ის მსგავსი მულტიფლეიერი, Elden Ring-საც ექნება. სტუდიის წარმომადგენლის მიხედვით, თამაშის სამყაროს ‘შუამიწები’ (The Lands Between) ჰქვია და მათი ისტორია მიაზაკისა და მარტინის კოლაბორაციის შედეგია. თამაშს დღე-ღამის ციკლი აქვს და მის უშველებელ რუკაზე, ყველანაირ ლოკაციას ნახავთ, Dungeons & Dragons-ის სტილის მიწისქვეშა გამოქვაბულებიდან დაწყებული, ძველი ქალაქების ნანგრევებით დასრულებული.

თამაში PlayStation 4-ისთვისაა განკუთვნილი, თუმცა PS5-ის ‘აფგრეიდის’ მიღებას, მყიდველები უფასოდ შეძლებენ. Elden Ring ასევე ხელმისაწვდომი იქნება  Xbox One-სა და Xbox Series X/S-ის მფლობელებისთვისაც. თამაშის ზუსტი ფასი, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, ის 60-70 დოლარი ეღირება.

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები