Thumbnail

ევროპის ჩემპიონატის მეორე შეხვედრას აზერბაიჯანის დედაქალაქმა უმასპინძლა. ბაქოს "ოლიმპიურ" სტადიონზე ერთმანეთს უელსისა და შვეიცარიის ეროვნული გუნდები დაუპირისპირდნენ. A ჯგუფის ამ შეხვედრაში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა - ფრე 1:1. 

უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტ პეიჯმა, რომელმაც ამ თანამდებობაზე რაიან გიგზი ჩაანაცვლა (ამ უკანასკნელს კანონთან აქვს პრობლემები), მისთვის ჩვეულ 3-4-3 სათამაშო სქემას, ამჯერად ოთხი მცველით თამაში ამჯობინა - ასე უელსი გაცილებით უკეთესად გამოიყურებოდა ალბანეთთან ამხანაგურ შეხვედრაში. უელსელი ფანებისთვის მთავარი სიახლე იყო ის, რომ აარონ რემზიც და კიფერ მურიც სასტარტოში გამოჩნდნენ. ჩანდა, რომ დენიელ ჯეიმსი, გარეთ ბეილი და რემზი ცენტრფორვარდ კიფერ მურს დაეხმარებოდნენ, ჯო მორელი და ჯო ალენი კი უფრო მოედნის ცენტრში იმოქმედებდნენ.

რემო ფროილერი მზად აღმოჩნდა, მოედანზე პირველივე წუთებიდან გასულიყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ვლადიმირ პეტკოვიჩი ბაქოში სამი ცენტრალური მცველით ითამაშებდა, მარიო გავრანოვიჩი (8 გოლი ნაკრების ბოლო 9 მატჩში) კი სათადარიგოთა შორის აღმოჩნდებოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, წინ გამწესებულ ჰარის სეფეროვიჩს გვერდში შერდან შაჩირი და ბრილ ემბოლო ამოუდგნენ.

შვეიცარიის ნაკრები ნელ-ნელა დაეუფლა ბურთს და უელსი იძულებული გახდა, უკან დიდი ძალებით დაეხია. პირველი 45 წუთი უგოლოდ დასრულდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგ პოზიციაში მყოფ ჰარის სეფეროვიჩს შესვენებამდე ოთხჯერ (!) ჰქონდა გატანის შანსი, თუმცა ბენფიკას ფორვარდმა მიზანი ვერაფრით გაასწორა.

სულ უშანსოდ არც უელსელები იყვნენ, მაგრამ შვეიცარიელთა მეკარე იან ზომერმა კიფერ მურს არ გაატანინა.

ბრილ ემბოლოს გოლი შვეიცარიელებს 3 ქულის მოსაპოვებლად არ ეყოთ

ანგარიში მეორე ტაიმის დებიუტში გაიხსნა. ძალიან აქტიურმა ბრილ ემბოლომ ჯერ სოლორეიდის გოლით დაგვირგვინება სცადა ძლიერი დარტყმით, მაგრამ დენი უორდს ვერ აჯობა. ეპიზოდს კუთხური მოჰყვა და გლადბახის ფორვარდმა მიზანს ამჯერად უკვე თავით მიაღწია. უელსელთა მცველმა კონორ რობერტსმა შვეიცარიელს ხელი ვერ შეუშალა.  

გატანილი გოლის შემდეგ შვეიცარიის ნაკრებმა სათამაშო ინიციატივა დათმო, რაც აშკარად ადრე მოუვიდა. გათამამებულმა უელსმა მიზანს თამაშიდან ვერა, მაგრამ სტანდარტული მდგომარეობის გათამაშების შემდეგ მაინც მიაღწია. მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე, კუთხური თავით გატანილი გოლით კიფერ მურმა დაასრულა - 1:1.  

იყო კიდევ ერთი საყურადღებო ეპიზოდი - ევროპის ჩემპიონატზე VAR პირველად გამოიყენეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მოედანზე შეცვლაზე შესულმა მარიო გავრანოვიჩმა გაიტანა. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, შვეიცარიელთა ფორვარდმა ეს თამაშგარე მდგომარეობიდან მოახერხა და გოლი არ ჩაითვალა. 

ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, 16 ივნისს, უელსი თურქეთს დაუპირისპირდება, შვეიცარია კი იტალიას შეხვდება.

TOP - ბრილ ემბოლო (შვეიცარია)

შვეიცარიის ნაკრების თავდამსხმელი მოედანზე მთელი მატჩის განმავლობაში გამორჩეული იყო, მეორე ტაიმის დასაწყისში მის აქტიურობას კი გოლიც მოჰყვა. 24 წლის ფეხბურთელის დრიბლინგები უელსელებს პრობლემებს გამუდმებით უქმნიდა, განსაკუთრებით სახიფათო კი ის მეტოქის საჯარიმოში იყო. ყველაფერთან ერთად, ემბოლო თავისი გუნდის დაცვასაც ძალიან ეხმარებოდა. 

ემბოლოს სტატისტიკა კარის ჩარჩოში 3 დარტყმა (1 გოლი), 4 დრიბლინგი (3 წარმატებული), 23 პასი (20 ზუსტი, 87%), 7-იდან 5 მოგებული პოზიციური ბრძოლა და 7-იდან 4 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლაა.

გარეთ ბეილს ფლანგზე რიკარდო როდრიგესი ეღობებოდა

FLOP - გარეთ ბეილი (უელსი)

უელსის ნაკრების გულშემატკივრები თავიანთი კაპიტნისგან ალბათ გაცილებით მეტს მოელოდნენ. ტოტენჰემის 31 წლის შემტევს კარში საერთოდ არ დაურტყამს, წააგო 5-ივე პოზიციური ბრძოლა, კიდევ 5 საჰაერო ორთაბრძოლიდან კი გამარჯვებული მხოლოდ 2 შემთხვევაში გამოვიდა.  

უელსი 1:1 შვეიცარია

გოლები: 0:1 ემბოლო (49'), 1:1 მური (74')

უელსი (4-1-4-1): უორდი - კ.რობერტსი, მეპამი, როდონი, ბ.დევისი - ალენი - ბეილი, მორელი, რემზი (90' ამპადუ), ჯეიმსი (75' ბრუკსი) - მური.

შვეიცარია (3-4-1-2): ზომერი -  ელვედი, შერი, აკანჯი - მბაბუ, ჯაკა, ფროილერი, როდრიგესი - შაჩირი (66' ზაკარია)- ემბოლო, სეფეროვიჩი (84' გავრანოჩიჩი).

კომენტარები

ბოლო ამბები