Thumbnail

ევროპის ჩემპიონატს ტურნირის კიდევ ერთი ფავორიტი ერთვება. საფეხბურთო მექაში, ლონდონის "უემბლიზე" ინგლისის ეროვნული ნაკრები ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ხორვატიას შეხვდება. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ინგლისი კონტინენტის პირველობაზე მონაწილეობას მეათედ მიიღებს და მათ ტურნირის პირველი შეხვედრა არასდროს არ მოუგიათ. ხორვატია კი ევროზე მონაწილეობას მეექვსედ მიიღებს და აქამდე ტურნირის პირველ შეხვედრაში არ დამარცხებულა.

ჯგუფში მათ გარდა კიდევ ჩეხეთი და შოტლანდიაა. მიუხედავად იმისა, რომ მათაც კარგი გუნდები ჰყავთ ინგლისი და ხორვატია ჯგუფის ფავორიტები არიან და შესაბამისად მათი შეხვედრაც პირველი ადგილისთვის დაპირისპირებაა. გარეთ საუთგეიტის გუნდისთვის უპირატესობა ისაა, რომ მეტოქეს "უემბლიზე" ეთამაშება ადგილზე, სადაც "სამმა ლომმა" ისტორიაში პირველი და ჯერ-ჯერობით, უკანასკნელი დიდი ტურნირი მოიგო (1966 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატი).

საუთგეიტის გუნდი ხორვატიასთან შეხვედრას კარგ ფორმაში ხვდება. ბოლო 6 მატჩიდან ბრიტანელებმა ექვსივე მოიგეს და თანაც ისე, რომ მხოლოდ ერთი გოლი გაუშვეს (პოლონეთისგან). ბოლო 10 მატჩიდან კი "სამმა ლომმა" მხოლოდ 2 წააგო (ბელგიასთან და დანიასთან). შედარებით არასტაბილურად გამოიყურება ხორვატია. ზლატკო დალიჩის გუნდმა ბოლო 5 შეხვედრიდან, მხოლოდ 2 მოიგო. ბალკანელები ევროპის ჩემპიონატს ცუდ ხასიათზე ხვდებიან, რადგან მოსამზადებელი ორი ამხანაგური მატჩიდან ვერცერთი მოიგეს. 1 ფრედ ითამაშეს ჩვენს მეზობელ სომხეთთან და ერთიც წააგეს ბელგიასთან.

თუ ორივე გუნდის ფორმას და არსებულ სიტუაციას გავითვალისწინებთ, ინგლისი წყვილის მცირე, თუმცა მაინც ფავორიტია. ბრიტანელებს ხორვატებზე შური აქვთ საძიებელი. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში დალიჩის გუნდმა ინგლისელებს მანჯუკიჩის 109-ე წუთზე გატანილი გოლით მოუგო და ფინალის გარეშე დატოვა. ეს ინგლისელი ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაცია უნდა იყოს.

საუთგეიტს სჯერა, რომ მის გუნდს ხორვატიის დამარცხება შეუძლია 

"მოსკოვში იმედგაცრუებულები ვიყავით (საუბარია 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალზე), მას შემდეგ მათ ორჯერ ვეთამაშეთ. მათ ძალიან გამოცდილი გუნდი ჰყავთ, კარგი ფეხბურთელებით, შესანიშნავი მენტალიტეტით, წარმოუდგენელი სულისკვეთებით და კარგი ტაქტიკით. ასე, რომ, ჩვენი პირველი თამაშისთვის ხორვატია დიდი გამოწვევაა, მაგრამ ვიცით, რომ მათი დამარცხება შეგვიძლია", - განაცხადა გარეთ საუთგეიტმა.

"ინგლისი ევროს მოგების ერთ-ერთი ფავორიტია. მათ შესანიშნავი გუნდი ჰყავთ, ბევრი მაღალი დონის მოთამაშით, განსაკუთრებით შეტევაში. ჩვენ მათი შეჩერება დაგვჭირდება, რაც ადვილი არ იქნება, განსაკუთრებით "უემბლიზე". ჩვენი პირველი და მთავარი მიზანი ჯგუფური ეტაპის დაძლევაა. დანარჩენზე ეტაპობრივად უნდა ვიფიქროთ, თუმცა ჯერ ასე შორს არ გავიხედავდი. პირველ რიგში, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პლეი ოფამდე მივაღწიოთ", - განაცხადა ზლატკო დალიჩმა.   

საერთ ჯამში, ეს ორი ნაკრები (მას შემდეგ, რაც ხორვატიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა და იუგოსლავიას გამოეყო) ისტორიის განმავლობაში ერთმანეთს 9-ჯერ დაუპირისპირდა. 5-ჯერ გამარჯვება ინგლისის ნაკრებს დარჩა, მათ შორის ევრო 2004 წლის ჯგუფურ ეტაპზე, სადაც ბრიტანელებმა 4:2 იმარჯვეს, ორ შემთხვევაში ძირითადი დრო ფრედ დასრულდა (აქ ითვლება მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩიც) დანარჩენი 2 შეხვედრა კი ბალკანელებმა მოიგეს.

საკადრო პრობლემები ზლატკო დალიჩის გუნდს საერთოდ არ აქვს და ყველა მოთამაშე მწყობრშია. ინგლისელებს ტრავმის გამო ჯერ მეისონ გრინვუდი, შემდეგ კი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი გამოაკლდათ. იმ 26-კაციანი სიიდან, რომელიც ევროსთვის არის გამოძახებული, საეჭვოა ბუკაიო საკას და ჰაირი მაგუაირის თამაში.  

საინტერესო ფაქტები

⚽ ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეათედ მიიღებს მონაწილეობას, ტურნირის პირველი მატჩი კი მათ არასოდეს მოუგიათ (5 ფრე და 4 მარცხი). 

⚽ ხორვატიის ეროვნული ნაკრები კონტინენტის პირველობაზე მეექვსედ იასპარეზებს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მათ მხოლოდ ერთი ჩემპიონატი, ევრო 2000 გამოტოვეს.

⚽ ბალკანელებს ევროპის ჩემპიონატის პირველი შეხვედრა არასდროს არ წაუგიათ (4 მოგება, 1 ფრე).

⚽ საერთო ჯამში ეს ორი ნაკრები ერთმანეთს 9-ჯერ შეხვდა 5-ჯერ ინგლისმა მოიგო, ხორვატებმა კი ძირითად დროში მეტოქე 2-ჯერ დაამარცხეს.

⚽ "სამ ლომს" ბალკანელებთან ძირითად დროში ზედიზედ 5 მატჩია არ წაუგია.

⚽ ჰარი კეინმა ევროს საკვალიფიკაციო ეტაპზე ყველა შეხვედრაში გაიტანა, სულ 12 გოლი და შესარჩევი ეტაპის ბომბარდირი გახდა.  

⚽ ბრიტანელებმა ხორვატებს ბოლო 4 საშინაო შეხვედრაში (ყველა ტურნირზე ერთად) მინიმუმ 2 გოლი მაინც გაუტანეს. 

⚽ საუთგეიტის გუნდმა "უემბლიზე" გამართული ბოლო 10 მატჩიდან 9 მოიგო.

სავარაუდო შემადგენლობები

ინგლისი (4-2-3-1): პიკფორდი - უოკერი, სტოუნსი, მინგსი, ჩილველი - ფილიპსი, რაისი - სტერლინგი, მაუნტი, ფოდენი - კეინი.
ტრავმა: მაგუაირი (?), საკა (?).

ხორვატია (4-2-3-1): ლივაკოვიჩი - ვრსალკო, კალეტა-კარი, ვიდა, გვარდიოლი - ბროზოვიჩი, კრამარიჩი - მოდრიჩი, კოვაჩიჩი, პერიშიჩი - რებიჩი.

კომენტარები

ბოლო ამბები