Thumbnail

'ისინი ბავშვებივით არიან' - ჩეფერინი რეალს, იუვეს და ბარსას ისევ ემუქრება

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირმა (უეფა) შეაჩერა დისციპლინალური საქმის წარმოება ესპანური რეალისა და ბარსელონას, ასევე იტალიური იუვენტუსის წინააღმდეგ, რომელიც სუპერლიგის დაარსებას ეხება. თუმცა, ჯერ გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებული არ არის და დიდი შანსია, რომ მომავალში პროცესები სხვაგვარად წარიმართოს.

უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი ამ საკითხზე და მეამბოხე კლუბები (რეალი, ბარსელონა და იუვენტუსი) ბავშვებს შეადარა. მან მიშელ პლატინის კრიტიკასაც არ უპასუხა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თქვა: "იუვენტუსი და ანიელი არსებობენ და იარსებებენ, ჩეფერინი კი წავა. კლუბებს აქვთ ლეგიტიმური უფლება, რომ თავიანთი ტურნირი შექმნან". 

"სამართლიანობა ნელა, მაგრამ ყოველთვის მოდის. მე არ გავცნობილვარ დისციპლინალური კომისიის კომპეტენციის სპეციფიკას, მაგრამ აშკარაა, რომ საქმე სასამართლოში უნდა მოგვარდეს. როგორც ჩანს, ჯერ არ არის საბოლოო გაჩერება. ზოგჯერ ისეთი განცდა მაქვს, რომ ბარსელონა, რეალი და იუვენტუსი იმ ბავშვებს ჰგვანან, რომლებიც ხანდახან სკოლას აცდენენ, დაბადების დღეზე ვერ მიდიან, რადგან მიწვეულნი არ არიან, მაგრამ შემდეგ წვეულებაზე მოხვედრას პოლიციასთან ერთად ცდილობენ. პლატინი? ფეხბურთში არაფერი მაკვირვებს, მაგრამ მისი კომენტარი ჩემი პასუხის ღირსი არ არის. ანიელის ხელს თუ ჩამოვართმევ? ეს პირადული საკითხია, არ მინდა ამაზე პასუხის გაცემა, მაგრამ ვფიქრობ, მან იცის, როგორ მოვიქცევი", - თქვა ჩეფერინმა.

შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს სუპერლიგის შექმნის შესახებ ინგლისურმა მანჩესტერ იუნაიტედმა, მანჩესტერ სიტიმ, ტოტენჰემმა, ლივერპულმა, ჩელსიმ და არსენალმა, ესპანურმა ბარსელონამ, ატლეტიკო და რეალმა, იტალიურმა მილანმა, ინტერმა და იუვენტუსმა გამოაცხადეს. გულშემატკივრების პროტესტისა და ფიფასა და უეფას მხრიდან სანქციებთან დაკავშირებული მუქარის შედეგად, პროექტის დატოვება მხოლოდ რეალმა, ბარსელონამ და იუვენტუსმა გადაიფიქრეს. დანარჩენ 9 კლუბთან მიმართებაში უეფა მცირე სასჯელით შემოიფარგლა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები