Thumbnail
  • დინამო ბათუმი 3:0 თელავი
  • გოლები: 1:0 ჯიღაური (50), 2:0 ნიქაბაძე (76), 3:0 ზარია (86)
  • გია გეგუჩაძის გუნდმა დინამო თბილისს 2 ქულით გაასწრო

საქართველოს ჩემპიონატის მე-16 ტური ბათუმში დასრულდა, სადაც დინამო ბათუმმა თელავს უმასპინძლა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, რითაც სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა. გია გეგუჩაძის გუნდმა კარგად ისარგებლა დინამო თბილისის მიერ ქულების დაკარგვით და კონკურენტს 2 ქულით გაასწრო.

თამაში ბათუმელთა აქტიურობით დაიწყო, მე-7 წუთზე პირველი რეალური საგოლე მომენტი შეიქმნა. ჯაბა ჯიღაურის პასით თელაველთა კარს ვამარა სანოგო ემუქრებოდა, მაგრამ ფრანგ ფორვარდს ცოტა დააკლდა გატანამდე. მასპინძლები პირველ ნახევარში მეტოქეზე უკეთ თამაშობდნენ და ხიფათიც ძირითადად კახელთა კართან იქმნებოდა. ორჯერ ახლოს იყო გოლთან ლადო მამუჩაშვილი - მან ჯერ ჯარიმა დაარტყა და გიორგი ჩოჩიშვილმა აჯობა, მერე კი შორი მანძილიდან ურტყამდა და ულამაზესი გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ თელავი ძელმა გადაარჩინა. ტაიმის ბოლო ჯიღაურსაც კარგი მომენტი ჰქონდა, თუმცა სუსტად დაარტყა.

მე-2 ტაიმის სტარტიც დინამო ბათუმის აქტივში უნდა შევიტანოთ, რამაც შედეგი მალე გამოიღო. 50-ე წუთზე გიული მანჯგალაძემ შესანიშნავი პასი გააკეთა და საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილ ჯიღაურს ბურთის დასამუშავებლად და დასარტყმელად დიდი დრო ჰქონდა, რაც იდეალურად გააკეთა და ანგარიში გახსნა. 6 წუთში გიორგი ფანცულაიას წაქცევისთვის და ბოლო იმედის ჯარიმისთვის ვაჟა ფაცაცია გააძევეს და თელავი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. დანიშნული ჯარიმა კი ფანცულაიამ შეასრულა, სტუმრები ისევ ძელმა გადაარჩინა.

76-ე წუთზე მატჩის ბედი გადაწყდა. საჯარიმოს მისადგომებთან რატი არდაზიშვილს ბენჟამენ ტეიდიმ ბურთი წაართვა და პასი გიორგი ნიქაბაძეს გადააწოდა, რომელმაც სეზონში მე-3 გოლი იოლად გაიტანა და ყოფილი გუნდის დამწუხრება არც უზეიმია. აშკარა იყო, რომ დარჩენილ დროში კაცნაკლული თელავი ვერაფერს შეცვლიდა და ვერც შეცვალა. უფრო მეტიც: მატჩის მიწურულს ნიქაბაძემ გოლს საგოლე პასი დაამატა და საბოლოო შედეგი გიორგი ზარიამ დააფიქსირა. ამგვარად, ზღვისპირელებმა 3:0 გაიმარჯვეს და სანაკრებო პაუზის შემდეგ სეზონი პოზიტიურად განაახლეს.

დინამო ბათუმმა 16 ტურის შემდეგ 34 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ლიდერია, ხოლო თელავს 15-მატჩიანი მოუგებელი სერიით და 8 ქულით, ბოლო, მე-10 პოზიცია უკავია. გია გეგუჩაძის გუნდი მომდევნო ტურში 14 ივნისს, წყალტუბოში, სამგურალს დაუპირისპირდება, ხოლო თელავი იმავე დღეს გორში დილას შეხვდება.

დინამო ბათუმი 3:0 თელავი

გოლი: 1:0 ჯიღაური (50), 2:0 ნიქაბაძე (76), 3:0 ზარია (86)

დინამო ბათუმი (4-3-3): კუპატაძე - მამუჩაშვილი, კობახიძე, გაგოშიძე (89. მარგველაშვილი), აზაროვი (89. ნავალოვსკი) - ალთუნაშვილი, ტეიდი, მანჯგალაძე (79. ზარია)- ჯიღაური, სანოგო (66. ნიქაბაძე), ფანცულაია (66. გროცურეკი)

თელავი (3-4-3): ჩოჩიშვილი - ძოწენიძე, თევზაძე, ჯიქია (55. შეყილაძე) - ფაცაცია, ბაშალეიშვილი, ჯანელიძე (82. ხაბულიანი), არდაზიშვილი (82. კანდელაკი) - მარაქველიძე, კოხრეიძე (68. ციცქიშვილი), შერგელაშვილი

კომენტარები

ბოლო ამბები