Thumbnail
  • მემფის დეპაი, შესაძლოა, არა ბარსელონაში, არამედ იუვენტუსში გადავიდეს
  • ესპანური მედიის ინფორმაციით, ტურინელები მას უკეთეს პირობებს სთავაზობენ

ბარსელონა და იუვენტუსი მემფის დეპაისთვის ბრძოლას აგრძელებენ. ესპანური ‘მუნდო დეპორტივოს’ ინფორმაციით, კატალონიურ და ტურინულ გრანდებს შორის ფაქტობრივად აუქციონი მიმდინარეობს.

როგორც ირკვევა, ახლა ტურინელები უფრო წინ არიან, რადგან ხსენებული გამოცემის ცნობით, ნიდერლანდელ თავდამსხმელს უფრო მაღალ ხელფასს სთავაზობენ, ვიდრე ბარსა. როგორც იცით, დეპაი თავისუფალი აგენტია და მსურველებს მისი გადაბირება უფასოდ შეუძლიათ. ამის გამო, ნიდერლანდელისთვის მაღალი ხელფასის გადახდა ლოგიკურია. ‘მუნდო დეპორტივოს’ ცნობით, იუვე მას ამჟამად ბარსელონაზე წელიწადში 3 მილიონი ევროთი მეტ ხელფასს სთავაზობს.

ამრიგად, ბარსას დეპაის ტრანსფერთან დაკავშირებითაც ისეთი საფრთხე ემუქრება, როგორც ეს კიდევ ერთი ნიდერლანდელის, ვეინალდუმის შემთხვევაში ხდება. როგორც იცით, ეს უკანასკნელიც თავისუფალი აგენტია და ბარსელონასთან თითქმის შეთანხმებული იყო, მაგრამ ახალი ცნობების თანახმად, პარი სენ-ჟერმენმა უკეთესი პირობები შესთავაზა. თუმცა ეს ტრანსფერი ჯერ არ გაოფიციალურებულა.

ფაქტია, რომ ვეინალდუმიც და დეპაიც ბარსას მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის ფავორიტები არიან. კატალონიელებმა ჯერჯერობით ორი (ასევე უფასო) ფეხბურთელი დაიმატეს - ერიკ გარსია და და სერხიო აგუერო. კატალონიური გრანდის პრიორიტეტი ახლა ლიონელ მესისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაა - თანაც, დიდი ფინანსური კრიზისის ფონზე.

მემფის დეპაიმ ლიონში 4 წელი და 6 თვე ითამაშა. გასულ სეზონში მან საფრანგეთის ჩემპიონატის 37 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი გააკეთა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები