Thumbnail

ევროპის ჩემპიონატების კლასიკა - სტიუარტ პირსის ღრიალი უემბლიზე

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ევრო 96-ის ერთ-ერთი საკულტო მომენტი
  • სტიუარტ პირსის შურისძიება 6 წლის შემდეგ

ბევრი ფეხბურთელის კარიერას ფონად დიდ ტურნირზე გაფუჭებული პენალტის ტრაგიზმი სდევს თან. რაც უფრო მჭიდროა ამ მოთამაშის კავშირი იმ კლუბთან, თუ ნაკრებთან, მით უფრო დიდია ტრაგედიაც. მაგალითად, ინგლისის ნაკრების მოქმედი მწვრთნელის, გარეთ საუთგეიტის ასეთი ისტორია, 1996 წლის ევროპის ჩემპიონატზე, გერმანიასთან გაფუჭებულ პენალტს უკავშირდება, რის გამოც ინგლისის სტადიონებზე მისთვის არაერთხელ დაუსტვენიათ.

მაგრამ ინგლისის ნაკრებს ბევრი პენალტების სერია აქვს წაგებული და თუ ევრო 96 საუთგეიტისთვის ტრაგიკული აღმოჩნდა, ვიღაცეებმა ამ ჩემპიონატზე წარსული ცოდვები გამოისყიდეს. ერთ-ერთი ასეთი სტიუარტ პირსი გახლდათ, რომელმაც ჯერ ესპანეთთან გაიტანა პენალტი, შემდეგ გერმანიასთან ნახევარფინალში, სადაც 6 წლის წინ, ბოდო ილგნერისგან განსხვავებით, ანდრეას კიოპკემ პირსის დარტყმულის კუთხე ვერ გამოიცნო.

საუთგეიტი ბრიტანულმა პრესამ ძალიან 'აკენწლა'. საქმე იქამდე მივიდა, რომ ცენტრალური მცველისადმი შარჟის ტალღა 'პიცა ჰათის' კომერციულ ვიდეო რგოლშიც ასიხა, სადაც მას თავზე მუყაოს პაკეტი აქვს ჩამოცმული და თანამემამულეებს ემალება. საუთგეიტის რბილმა პერსონამ, სტვენა, კრიტიკა და ლანძღვა შეადრებით ადვილად გადაიტანა, მაგრამ 1990 წელს ტურინში ვერგატანილი პენალტის სევდა, ნოტინგემ ფორესტის სიამაყით სავსე, სულ შეწუხებული სახით მოსიარულე კაპიტანმა - სტიუარტ პირსმა 6 წელი გულით ატარა.

"ინგლისში სტადიონებზე სადაც ჩავდიოდი, ყველგან ერთი სიმღერა მესმოდა ტექსტით - 'სტიუარტ პირსი გერმანელია!' მომდევნო 2-3 სეზონი, ჩემი პენალტი ყველას ახსოვდა." - იხსენებს პირსი - "მაგრამ იცით რა?! პენალტის აცილება არაფერს ნიშნავს, ბურთი უნდა აიღო და მეორედ დაარტყა, ეს გავაკეთე ესპანეთთან და არ შევმცდარვარ. მახსოვს, ტერი ვენეიბლზი მოვიდა 'დარწმუნებული ხარ? ხომ არ გაგიჟდი' - მეკითხებოდა, მეთქი დაწყნარდი ბოსს, მესამე პენალტს მე დავარტყამთქო."

პირსი ესპანეთთან გატანილი პენალტის შემდეგ

პირსმა სუბისარეტას გაუტანა, შემდეგ განვლილი 6 წლის ბრაზი ერთბაშად მოაწვა და ღრიალი დაიწყო. თვალებდაქაჩული პირსის კადრებმა მაშინ მთელი პრესა გადაფარა და სწორედ ამ დროს შეარქვეს ფორესტის ლეგენდას მეტსახელი - 'PSYCHO!'. 'ფსიქოპატის' ნაკრებმა ესპანეთი პენალტების სერიაში დაამარცხა, ეს იყო ინგლისის ნაკრების პირველი გამარჯვება თერთმეტმეტრიანების სერიაში დიდ ტურნირზე.

მომდევნო ეტაპზე, ტერი ვენეიბლზის სიმპატიური გუნდი ძველ მეტოქეს - გერმანიას დაუპირისპირდა. როგორც 1990-ში, აქაც ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა. პირსი არც გერმანელებთან შეუშინდა პენალტის დარტყმას და როგორც ზემოთ ვთქვით, ილგნერისგან განსხვავებით, აქ კიოპკეს აჯობა. რატომღაც, გერმანიასთან ღრიალი არ დაუწყია, ემოციებისგან დაცლილმა გოლი მშვიდად აღნიშნა. იმ დღეს ინგლისი არც პირსმა დააღალატა და არც ალბათ საუთგეიტმა. საუთგეიტამდე საქმე არ მივიდოდა, დევიდ სიმენს რომ შტეფან როიტერის 'ასაღებ პენალტზე' ხელი ცოტა ადრე გაეშალა. თუმცა, ეს უკვე სხვა კაცის ტრაგედიაა.

კომენტარები

ბოლო ამბები