Thumbnail

ლაშა შავდათუაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა და ისტორიაში პირველი ქართველი ძიუდოისტი გახდა, რომელსაც ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ოქროს მედლები აქვს მოგებული. მან ფინალში ტომი მაციასს სამი შიდოს უპირატესობით აჯობა.


ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ლაშა შავდათუაშვილს ვრცელი სტატია მიუძღვნა და ქართველი ძიუდოისტის დამსახურებებზე გაამახვილა ყურადღება.

IJF ლაშა შავდათუაშვილზე

ის იღიმის, ჩუმადაა. სიტყვებს ვერ პოულობს. მართლაც რთულია საკუთარ თავზე საუბარი ტრიუმფიდან რამდენიმე წუთის შემდეგ.

მსოფლიოში მილიონობით ძიუდოისტია, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ათასი ახერხებს ჩემპიონობას, სამივე დიდ ტურნირზე ოქროს მედლის მოგება კი იშვიათობაა. მაგალითად, საქართველოს ასეთი მხოლოდ ერთი ძიუდოისტი ჰყავს, ისიც 2021 წლის 8 ივნისიდან.

ლაშა 2013 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, რის შემდეგაც წონითი კატეგორია შეიცვალა და ამის შემდეგ ტახტზე ადგილის შენარჩუნებისთვის მუდმივი ბრძოლა უწევდა, რადგანაც ძიუდოში ახალი სახეები ჩნდებოდნენ. ლაშა ნომერ პირველი იყო და არაფერია იმაზე კარგი, როცა უძლიერსს ამარცხებ.

📺 შავდათუაშვილი v უნგვარი

ლაშა შავდათუაშვილს რთული პერიოდიც ჰქონდა. იგი მიეჩვია სხვადასხვა სინჯის მედლების მოგებას, თუმა ვერ მივიდა მთავარ მწვერვალამდე - მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს მედლამდე.

ახალი თაობის გმირი იაპონელი შოჰეი ონო იყო, მასთან ერთად იდგა აზერბაიჯანელი რუსტამ ორუჯოვიც. ოლიმპიადის გამარჯვებული ონო გახდა, ვერცხლის მედალს რუსტამი დაეუფლა, ხოლო შავდათუაშვილმა მაინც შეძლო მედლის აღება და ბრინჯაოს მედალი მოიგო. თითქოს მისი დრო წავიდა, მაგრამ ის ტოპ 5 ძიუდოისტში მაინც რჩებოდა მისი ტალანტისა და ქართული ბუნების წყალობით - როცა საქმე ეხება ბოლო ამოსუნთქვამდე ბრძოლას, ქართველებს ვერავინ შეედრება. ისინი ამ დროს ამაყები და სასტიკები არიან.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ლაშას ძირითადად ბრინჯაოს მედლებისთვის უნდა ებრძოლა. ასეთი ანალიზის გაკეთება იმაზე მიუთითებს, რომ ლაშას და ქართველებს არ იცნობ. 29 წლის ასაკში ის ბუდაპეშტში ჩავიდა, რათა ისეთი საქმე გაეკეთებინა, რაზეც ფსონს რამდენიმე დღის წინ ვერავინ დადებდა, გარდა ახლობელი ადამიანებისა. საქართველო განსაკუთრებულია და მათ ძიუდოისტებს პროგნოზების განადგურება უყვართ.


ფინალი სანახაობრივი არ იყო. ის იყო დაძაბული, ტაქტიკური და ლაშამ ტომი მაციასს მოუგო, რითაც სამუდამოდ შეიცვალა სტატუსი. 2012 წელს ეროვნული გმირი გახდა, 2013 წელს რამდენიმე ათას ძიუდოისტს შეუერთდა, ხოლო 2021 წელს მან შეძლო გამხდარიყო ქვეყნის სახე და ისტორიის ნაწილი.

ამიტომაც არ ლაპარაკობს ბევრს, რთულია საუბარი საკუთარ წარმატებაზე მაშინ, როცა ფინალი რამდენიმე წუთის წინ მოიგე. ქედს ვიხრით ლაშას წინაშე, რადგანაც მან გაგვაოცა.

''მთავარი ის არის, რომ ჩემმა კარიერამ ახალგაზრდებს ძიუდოს სიყვარული შთააგონოს. მე ყოველთვის ვცდილობდი შრომას, ვფიქრობდი ძიუდოზე 24 საათის განმავლობაში და ვმუშაობდი ბევრს, რათა პროგრესი მქონოდა. თუ ახალი თაობაც იგივეს გააკეთებს, ძიუდოს საქართველოში კარგი მომავალი გარანტირებული აქვს'', - განაცხადა ლაშამ.

როცა ცოცხალი ლეგენდა ფიქრობს სხვებზე და არა საკუთარ თავზე, ეს ნიშნავს, რომ ის აკონტროლებს საკუთარ თავს, აერთიანებს ღირებულებებსა და ცოდნას, რასაც მედლების მოსაპოვებლად იყენებს. ამის შეჩერება არავის შეუძლია.

იქვეა გიორგი ათაბეგაშვილი, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი ემოციების შეკავებას ცდილობს. მას უნდა იყვიროს, ძალიან გაიხაროს, მაგრამ ის პრეზიდენტია, თავს იჭერს და მხოლოდ ჰალსტუხს იხსნის. ''ბედნიერი ვარ, რომ საქართველომ ჩემი პრეზიდენტობის დროს ზედიზედ 3-ჯერ შეძლო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოგება. ეს ჯილდოა იმ მსხვერპლისთვის, რომელიც ჩვენ გავიღეთ." 

ლაშა შავდათუაშვილი წარსულიცაა, აწმყოც და მომავალიც...

კომენტარები

ბოლო ამბები