Thumbnail

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოსტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებს მეორე მედალი ტატო გრიგალაშვილმა 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოუტანა. წინა დღეს, ჩემპიონობა ლაშა შავდათუაშვილმა (-73) იზეიმა.

21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ფინალურ შეხვედრაში ბელგიელ მატიას კასესთან, დამატებით დროში, იპონით წააგო.


ტატომ გამოსვლა ტურნირის მეორე წრეში დაიწყო და ფინალამდე გზა ბრწყინვალედ განვლო. ჯერ სამხრეთკორეელი ძინ ლი მუნი დაამარცხა იპონით, შემდეგ კი შვედ რობინ პაცეკს აჯობა ვაარით. ქართველმა ძიუდოისტმა 1/8-ფინალში ბერძენ ალექსიოს ნტანანციდისს 50 წამში მოუგო, 1/4-ფინალში კი ბელგიელ სამი ჩუჩის დამარცხება წუთნახევარში შეძლო. გრიგალაშვილს 1/2-ფინალში კიდევ უფრო ნაკლები დროს დასჭირდა ნიდერლანდელი ფრენკ დე ვიტის ეფექტურად დასაიპონებლად -  23 წამი!


მსოფლიოს ჩემპიონატის მე-4 საშეჯიბრო დღეს კიდევ ერთმა ქართველმა ძიუდოისტმა, ლუკა მაისურაძემაც იასპარეზა, რომელმაც გამოსვლა 1/4-ფინალში, უზბეკ შაროფიდინ ბოლტაბოევთან წაგებით დაასრულა. ამ უკანასკნელს ბრინჯაოს მედლითვის შეხვედრა პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი ეგუტიძემ მოუგო.

10 ივნისს ბუდაპეშტში მედლები კაცთა შორის -90, ხოლო ქალებში -70 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდება. საქართველოს ნაკრების ღირსებას ბექა ღვინიაშვილი და მარიამ ჭანტურია დაიცავენ.

კომენტარები

ბოლო ამბები