Thumbnail

'მისია უნდა შესრულდეს' - ბრაზილიის ნაკრები კოპა ამერიკაზე თამაშს დათანხმდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ბრაზილიის ნაკრები კოპა ამერიკაზე თამაშს დათანხმდა, რომელიც ამ ქვეყნის ტერიტორიაზე გაიმართება. ბრაზილიელმა ფეხბურთელებმა, რომლებიც მანამდე ტურნირის ბოიკოტირებას აპირებდნენ, განცხადება გაავრცელეს.

"როდესაც ბრაზილიელი იბადება, იბადება ფანატი. ჩვენ ეს წერილი 200 მილიონზე მეტი გულშემატკივრისთვის დავწერეთ, რათა გამოვხატოთ საკუთარი შეხედულება წელს ამერიკის თასის ჩატარებასთან დაკავშირებით.

ჩვენ ერთი გუნდი ვართ, მაგრამ განსხვავებული შეხედულებებით. სხვადასხვა მიზეზთა გამო - ჰუმანიტარული თუ პროფესიონალური, უკმაყოფილო ვართ ამერიკის თასის ჩატარებით, მიუხედავად იმისა, ის ჩილეში გაიმართება თუ ბრაზილიაში. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა მისი განხორციელების არაადეკვატურობაში დაგვარწმუნა. 

არასდროს გვსურდა ამ საკითხზე პოლიტიკურ ჭრილში საუბარი. ვაცნობიერებთ ჩვენი პოზიციის მნიშვნელობას, თვალს ვადევნებთ მედიას, სოციალურ ქსელებს. გვინდა შეწყდეს ცრუ სიახლეების გავრცელება, სადაც ჩვენი სახელებია გამოყენებული. თუმცა, გვახსოვს ისიც, რომ პროფესიონალი ფეხბურთელები ვართ. 

გვაქვს მისია, რომელიც ყვითელ-მწვანე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონების, უდიდესი ისტორიის მქონე გუნდის მაისურების მორგებით უნდა შესრულდეს. ჩვენ ვეწინააღდეგებით კოპა ამერიკა 2021-ს, მაგრამ არასდროს ვამბობთ უარს ბრაზილიის ნაკრებში თამაშზე", - ნათქვამია “სელესაოს”  ფეხბურთელების განცხადებაში. 

2019 წლის კოპა ამერიკაც ბრაზილიაში ჩატარდა და გამარჯებული მასპინძელი გახდა

შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკის ჩატარების უფლება მანამდე კოლუბმიასა და არგენტინას ჩამოართვეს, ერთ-ერთ მიზეზად კი ამ ქვეყნებში არსებული რთული ეპიდომიოლოგიური ვითარება დასახელდა. კონმებოლმა ტურნირი, რომელიც 11 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით უნდა ჩატარდეს, ბრაზილიაში გადაიტანა, სადაც კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ასევე პრობლემებია.

კოპა ამერიკის 47-ე გათამაშებაში ათი სამხრეთამერიკული ქვეყანა უნდა გამოვიდეს: არგენტინა, ბოლივია, ბრაზილია, ეკვადორი, ვენესუელა, კოლუმბია, პარაგვაი, პერუ, ურუგვაი, ჩილე. ტურნიში ასევე მიწვეულია ორი ნაკრები - ავსტრალია და ყატარი.

კომენტარები

ბოლო ამბები