Thumbnail

გიორგი მამარდაშვილი უკვე ვალენსიას ფეხბურთელია, ის დინამო თბილისიდან (ლოკომოტივში იჯარით თამაშობდა) იჯარით ესპანურ კლუბში გადავიდა, "ღამურებს" მისი გამოსყიდვის უფლება სეზონის ბოლოს ექნებათ. 

197 სმ. სიმაღლის 20 წლის ქართველი გოლკიპერის საიჯარო პირობები ასეთია: ის მთავარი გუნდის მე-3 გოლკიპერი იქნება, თუმცა თავიდან ითამაშებს სარეზერვო გუნდში. კვირის განმავლობაში მამარდაშვილი პირველ გუნდთან ერთად მოემზადება და თუ მატჩის წინასწარ განაცხადში ვერ მოხვდება, სარეზერვოში ითამაშებს და ისევ პირველი გუნდის ვარჯიშებს დაუბრუნდება. 

MUNDO DEPORTIVO წერს, რომ ვალენსიას სამი გოლკიპერიდან ერთ-ერთს კლუბიდან წასვლა მოუწევს. კლუბში ირიცხებიან იასპერ სილესენი, ხაუმე დომენეკი და კრისტიან რომერო. აი, რას წერს პრესტიჟული ესპანური გამოცემის ვებვერსია სამივე მათგანზე.

იასპერ სილესენი. ნიდერლანდელი გოლკიპერი ერთბაშად ორ, ურთიერთგამომრიცხავ სიაშია. პირველი ეს ვალენსიადან წამსვლელთა სავარაუდო სიაა. ერთი მხრივ, ეს გასაგებიცაა, სილესენი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია გუნდში, თუმცა მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ძნელი წარმოსადგენია, რომ ვალენსია მისი გაყიდვით დიდ თანხას მიიღებს. მეორე სია ხოსე ბორდალასის სიაა, რომელშიც სილესენს, როგორც სასტარტო გოლკიპერს უკავია ადგილი. მწვრთნელს ეიმედება, რომ ნიდერლანდელი ახალ სეზონში ვალენსიას პირველი გოლკიპერი იქნება.

ხაუმე დომენეკი. ის კლუბის ერთ-ერთი კაპიტანია, მაგრამ მალე 31 წლის გახდება. შესაძლოა, მან იფიქროს წასვლაზე და კარიერის უფრო სტაბილურად გაგრძელებაზე, თუ ახალი მწვრთნელის გეგმებში არ ჯდება. 

კრისტიან რივერო. მან ახლახან კონტრაქტი კიდევ 2 წლით გაახანგრძლივა. ასე რომ, თუ წავა, მხოლოდ იჯარით. 

კომენტარები

ბოლო ამბები