Thumbnail

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, მესამე საშეჯიბრო დღეს, მედლის მოპოვება ქართველი ძიუდოისტებიდან მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ) მოახერხა, რომელმაც 5 შეხვედრა მოიგო და ფინალში ისე გავიდა.

გადამწყვეტ მატჩში ქართველი ძიუდოისტი შვედ ტომი მაციასს დაუპირისპირდა. შეხვედრა ლაშამ აქტიურად დაიწყო და პირველი შიდო მაციასმა მიიღო. ძირითადი დრო ქულის გარეშე დასრულდა, შვედს ორი გაფრთხილება ჰქონდა და ფინალის ბედი ოქროს ქულამ გადაწყვიტა. 50-ე წამზე მაციასმა ტატამი დატოვა, რისთვისაც მე-3 გაფრთხილება მიიღო და შავდათუაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა!

ლაშა შავდათუაშვილი პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელსაც ოქროს მედლები ოლიმპიადაზე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე აქვს მოგებული

ოლიმპიურმა და ევროპის ჩემპიონმა 29 წლის ქართველმა ძიუდოისტმა გამოსვლა პირველი წრიდან დაიწყო და ერთმანეთის მიყოლებით დამაჯერებლად დაამარცხა პერუელი ალონსო ვონგი, ბრაზილიელი ედუარდო ბარბოსა და ისრაელელი იეჰონათან ელბაზი. ლაშას 1/4-ფინალში მისთვის კარგად ნაცნობი, უნგრელი მიკლოშ უნგვარი შეხვდა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში, დამატებულ მე-8 წუთზე, გაფრთხილებებით დაამარცხა და ნახევარფინალში ასევე დამატებით დროში თურქ ბილალ ჩილოღლუსაც აჯობა.

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციისთვის ეს პირველი მედალია. 9 ივნისს პლანეტის პირველობაზე ორი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს და ორივე 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ლუკა მაისურაძე მეორე წრიდან ჩაერთვება შეჯიბრში და ამერიკელ არტურ რაიტს შეხვდება, ხოლო ტატო გრიგალაშვილი ასევე მე-2 წრეში სამხრეთ კორეელ მონ ჯინ ლისა და ფრანგი უმარ ალფა ჯალოს წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები