Thumbnail

'დიახ, საქართველოც ასე მოიქცევა!' - რუსი კომენტატორის პოსტი უკრაინის ფორმაზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ცნობილი რუსი სპორტული კომენტატორი ალეკსეი ანდრონოვი უკრაინის ეროვნული ნაკრების მაისურების თემას გამოეხმაურა, რომელზეც ქვეყნის სრული ტერიტორიის კონტური, ყირიმის ჩათვლით არის აღბეჭდილი.

შეგახსენებთ, რომ ყირიმი რუსეთს აქვს ანექსირებული და უკრაინელთა მაისურებს, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის შეიქმნა, რუსეთში ნამდვილი ისტერია მოყვა. დუმაში იმედი ჰქონდათ, რომ უეფა მათ პრეტენზიას გაითვალისწინებდა, მაგრამ ასე არ მოხდა - ორგანიზაციის განცხადებით, უკრაინელებს წესდება არ დაურღვევიათ.

უკრაინის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ამ ფორმით ითამაშებს

"НТВ-Плюс"-ის ყოფილი კომენტატორი მიიჩნევს, რომ მისი თანამემამულეების ისტერია უსაფუძვლოა და არამხოლოდ უკრაინა, საქართველოც იმავეს გააკეთებს თავის ანექსირებულ ტერიტორიებთან, აფხაზეთსა და სამაჩაბლოსთან დაკავშირებით. 
 
"ვერ ვხვდები, რატომ გამოიწვია აჟიოტაჟი უკრაინის ნაკრების ფორმამ. რუსებს, რომლებსაც დიდწილად არასდროს არ ანაღვლებთ უკრაინელთა აზრი, უცბად ფორმამ გამოაფხიზლა. საერთოდ, რატომ გახდა ეს საკითხი რუსების გასარჩევი? გასაგებია, კოლივანოვი დიდი ხანია უმუშევარია… გასაგებია, აზრი გამოთქვა ვასილი უტკინმაც, რომელიც მედიის წარმომადგენელია. დანარჩენებს რაღა უნდათ? სხვა ქვეყნის ნაკრების ფორმა თქვენ რატომ გეხებათ?

დიახ, უკრაინა ხატავდა, ხატავს და მომავალშიც დახატავს თავის რუკას - ყირიმთან ერთად.

დიახ, საქართველოც იმავეს გააკეთებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში.

დიახ, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი მიიჩნევენ სსრკ-ს ოკუპანტად. დიახ, ეს ასეა. სხვა პრობლემა არაა? მხოლოდ ეს გაინტერესებთ? უკვე "რუსეთის ფორმაზე ალიასკის გამოსახვაზე" ვსაუბრობთ… ეს რაღაც კოლექტიური სიგიჟეა..", - წერს ალეკსეი ანდრონოვი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

ბოლო ამბები