Thumbnail

კორეელი ფეხბურთელი 49 წლის გარდაიცვალა - მას ორ მუნდიალზე გოლი აქვს გატანილი

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • იუ სან ჩოლი 49 წლის ასაკში პანკრეასის კიბოს დაავადებით გარდაიცვალა
  • მას 1998 და 2002 წლის მუნდიალებზე გოლები აქვს გატანილი

სამხრეთ კორეის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი იუ სან ჩოლი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის პანკრეასის კიბოს ებრძოდა და ვერაგ დაავადებასთან გამკლავება ვერ მოახერხა.

მას სამხრეთ კორეის ნაკრებში 1994-2005 წლებში 124 თამაშში 18 გოლი აქვს გატანილი და 2002 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე გუუს ჰიდინკის გუნდის წარმატებულ ასპარეზობაში (მე-4 ადგილი დაიკავეს) დიდი წვლილი შეიტანა. მაშინდელ მუნდიალზე ჩოლი კორეელთა ერთ-ერთი ლიდერი და ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო. ჯგუფურ ეტაპზე პოლონეთის ნაკრებს გოლიც გაუტანა. კარიერაში კი ორ სხვადასხვა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოიჩინა თავი. 2002 წლამდე, 1998 წლის მუნდიალზე ბელგიის ნაკრების კარიც დალაშქრა და იმ მატჩში გუნდის კაპიტანიც იყო.

საკლუბო კარიერაში ის ულსან ჰიუნდაის, იოკოჰამა მარინოსის და კაშივა რეისოლის ღირსებას იცავდა. საფეხბურთო კარიერის მერე მწვრთნელობა დაიწყო და 2011-2019 წლებში დეჟონის, ულსან ჰიუნდაის, ჯეონამ დრაგონსის და ინჰონის თავკაცი იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები