Thumbnail

განრიგი, სტუდიები, თამაშების ანონსები - ყველაფერი, რაც E3 2021-ზე უნდა იცოდეთ

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • პრეზენტაციის განრიგები, მონაწილე კომპანიები და მათი გეგმები
  • გაიგეთ, რომელი თამაშების ანონსები იგეგმება წლევანდელ E3-ზე

E3 წელს, ისევე, როგორც შარშან, ციფრულ სივრცეში გაიმართება. ოფიციალურად, კონფერენცია 12-13 ივნისს ჩატარდება, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვან ანონსს 10 და 11 ივნისსაც ველოდებით: ამ მხრივ, მომავალი კვირა ძალიან დატვირთული იქნება. ამ სტატიაში შევეცდებით, მოკლედ გაგაცნოთ, რომელი სტუდიები მიიღებენ მონაწილეობას E3-ში, როდის გამართავენ ისინი შოუქეისებს და რომელი თამაშების შესახებ უნდა ველოდოთ სიახლეებს.

განრიგი და მონაწილე სტუდიები

წარმოგიდგენთ იმ კომპანიებს, რომლებიც წლევანდელ E3-ში მიღებენ მონაწილეობას

📌 EA - Battlefield reveal ოთხშაბათი, 9 ივნისი, 18:00

📌 Summer Game Fest Kickoff Live! ხუთშაბათი, 10 ივნისი, 22:00

📌 Guerrilla Collective შაბათი, 12 ივნისი, 19:00 

📌 Ubisoft Forward E3 2021 შაბათი, 12 ივნისი 22:00

📌 Xbox + Bethesda კვირა, 13 ივნისი, 21:00

📌 Square Enix კვირა, 13 ივნისი, 23:15

📌 PC Gaming Show 2021 კვირა, 13 ივნისი (ზუსტი განრიგი უცნობია)

📌 Future Games Show კვირა, 13 ივნისი (ზუსტი განრიგი უცნობია) 

📌 Nintendo Direct E3 2021 სამშაბათი, 15 ივნისი, 20:00

ამას გარდა, კონფერენციისა და მასთან ასოცირებული სხვა ივენთების ფარგლებში, შოუქეისებს გამართავენ შემდეგი კომპანიებიც: Warner Bros, Koch Media, Capcom , Activision , Bandai Namco, Sega, Gearbox და EA. მათი პრეზენტაციების ზუსტი თარიღი და საათი უცნობია.

რას უნდა ველოდოთ?

Mirosoft, Xbox და Bethesda

მიუხედავად იმისა, რომ Xbox წელს, ალბათ, ახალ კონსოლს არ დააანონსებს, ამ პრეზენტაციისგან, მაინც ბევრ საინტერესო სიახლეს უნდა ველოდოთ. მათგან ერთ-ერთი Halo Infinite-ის ახალი თრეილერია. სავარაუდოდ, კომპანია ამ თამაშის გამოსვლის ახალ თარიღსაც გაგვიმხელს. შეგახსენებთ, რომ Halo Infinite-ის გაყიდვაში ჩაშვება 2020 წლისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა თამაში გადაიდო. წელს ეს Xbox-ის მთავარი ექსკლუზივია და პრეზენტაციის ყურადღების ცენტრში, ბუნებრივია, ეს თამაში მოექცევა. 

კიდევ ერთი საინტერესო სიახლე წელს Xbox-ის პრეზენტაციაზე დეველოპერული კომპანია Bethesda-ს შოუქეისია. შეგახსენებთ, რომ როლური თამაშებით ცნობილი ეს სტუდია,Xbox-მა გასულ წელს შეიძინა.

Bethesda-სგან, როგორც წინა წლებში, ფანები კვლავ Elder Scrolls 6-ის შესახებ ელიან სიახლეებს. თუმცა საეჭვოა, Elder Scrolls-ზე რამე გავიგოთ. სამაგიეროდ, 2022 წლისთვის დაგეგმილი Starfield-ის თრეილერს ვნახავთ. ხოლო Microsoft-ის მფლობელობაში მყოფი სხვა სტუდიებისგან Fable-ს (სტუდია Playground), Forza Motorsport-ისა და Perfect Dark-ის შესახებ ველით ინფორმაციას.

Sony 

Sony უკვე რამდენიმე წელია, E3-ს აღარ სწყალობს: კომპანია საკუთარ კონფერენციებს ცალკე მართავს და როგორც ჩანს, წელსაც ასე აპირებენ. ჯერჯერობით, არავითარი ინფორმაცია არ გვაქვს იმაზე, Sony საერთოდ თუ აპირებს რამის დაანონსებას და არც შემდეგი State of Play-ს თარიღია ცნობილი.

Ubisoft 

Ubisoft-მა უკვე დაადასტურა საკუთარი ტრადიციული კონფერენციის Ubisoft Forward-ის გამართვა E3-ის ფარგლებში. შოუქეისი 12 ივნისს, თბილისის დროით 3 საათზე დაიწყება და სავარაუდოდ, Far Cry 6-ის გარშემო იქნება კონცენტრირებული. ამის გარდა, ვიხილავთ Rainbow Six Quarantine-ის, Riders Republic-ის, Beyond Good and Evil 2-ის, Assassin's Creed-ისა და Splinter Cell-ის თრეილერებს.

გავრცელებული ინფორმაციით, Rainbow Six - Quarantine "ფანებს დიდ სიურპიზს უმზადებს და სრულიად განახლებულ გეიმფლეის ჰპირდება." დამატებით, დეველოპერები შოუქეისის დაწყებამდე ერთი საათით ადრე, For Honor-ის, Trackmania-ს, The Crew 2-ის, Brawlhalla-სა და Watch Dogs: Legion-ის განახლებებზეც ისაუბრებენ. რაც შეეხება Assassin's Creed, შესაძლოა, Valhalla-ს DLC ვიხილოთ.

Ubisoft-მა ასევე დაადასტურა, რომ თამაშების გარდა, სხვა თემებზეც მოგვაწვდიან ინფორმაციას, მათ შორის: Ubisoft Store-ის განახლებაზე, მაგალითად, Mythic Quest-ის სერიალზე და Werewolves Within-ის ფილმზე. 

Square Enix

Square Enix-მა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ E3-ზე ახალი თამაშების დაანონსებას აპირებენ. თუმცა, უკვე დაანონსებული თამაშების ახალ თრეილერებსაც ვიხილავთ, მათ შორის: Life is Strange: True Colors-ს, Final Fantasy 16-სა და Forspoken-ს.

დავიწყოთ Enix-ის მთავარი და ყველაზე პოპულარული ფრენჩაიზით: Final Fantasy 16: The 6 Realms of Valisthea როლური ჟანრის სათავგადავლო თამაშია. მის სამყაროზე და პერსონაჟებზე უკვე საკმარისად გვაქვს ინფორმაცია. სტუდიისგან ამ კონფერენციაზე გეიმფლეი გვჭირდება. ამის საკმაოდ დიდი შანსია, რადგან Final Fantasy XVI, Enix-ის ბოლო შოუქეისზე საერთოდ არ ყოფილა ნახსენები. თუმცა, აქ ერთი პრობლემაა: ცნობილია, რომ FFXVI შემდეგი თაობის კონსოლის, PS5-ის ექსკლუზივი იქნება. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, კომპანიამ მისი გეიმფლეის ჩვენება ივლისში დაგეგმილ Sony-ს ივენთს დაამთხვიოს.

გამორიცხული არც ისაა, რომ Square Enix, FF ფრენჩაიზში არა მხოლოდ ერთ, არამედ ორ თამაშზე მუშაობდეს. ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ჭორები ახალი სათავგადასავლო/როლური თამაშის შესახებ, რომელზეც, Nioh-ის ავტორი სტუდია, Ninja მუშაობს. თამაში ჯერჯერობით სიმბოლურად, Fantasy: Origin-ის სახელთაა ცნობილი. ამ თამაშის გამოსვლა 2021 წლის ზაფხულშია დაგეგმილი, შესაბამისად, სწორედ იდეალური მომენტია მისი გეიმფლეისა და თრეილერის საჩვენებლად.

სავარაუდოდ ვიხილავთ Dragon Quest XII: The Flame of Fate-ის გეიმფლეისაც. Square Enix-მა ეს პროექტი სულ რამდენიმე კვირის წინ დააანონსა, კომპანიის 35 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სთრიმზე. რაც შეეხება Life is Strange: True Colors-ს, მისი პირველი თრეილერი გაზაფხულზე ვიხილეთ, თამაშის გამოსვლა კი სექტემბერში იგეგმება. შესაბამისად, ლოგიკური იქნება, Square Enix-მა კიდევ ერთი თრეილერი გვაჩვენოს. გარდა ამისა, ველოდებით სიახლეებს თამაშ Forspoken-ზე, რომელიც აქამდე Project Athia-ს სახელით იყო ცნობილი. ის Warframe-ის სტილის საბრძოლო/ექშენ თამაშია.

კიდევ ერთი ფრენჩაიზი, რომლითაც Square Enix-ია ცნობილი, Tomb Raider, 25 წლის იუბილეს ზეიმობს. ამიტომ, სავარაუდოა, ამ მხრივაც იყოს სიახლეები. ახალი თამაშის ანონსი, ალბათ, არ იქნება, თუმცა რებუთი/რემასტერი მოსალოდნელია. შესაძლოა, ვიხილოთ ამ თამაშზე დაფუძნებული Netflix-ის ანიმეს თრეილერიც.

Capcom

Capcom-ისთვის 2019 და 2020 მშვენიერი წლები იყო: Monster Hunter Rise-მა კომპანიას დიდი შემოსავალი მოუტანა. ფანების დიდი მოწონება დაიმსახურა Resident Evil Village-მაც. კომპანიას ჯერ არ გაუმხელია 2021 წლის მეორე ნახევრის და საშობაო პრემიერების გეგმები, თუმცა თუ VIIlage-ც RE7-ის მაგალითს მიჰყვება, სავარაუდოდ, DLC-ს ვიხილავთ. გარდა ამისა, კომპანია RE: Outbreak-ზეც მუშაობს, რომლის გამოშვებაც 2021 წლის ბოლოსთვის იგეგმება. E3 სწორედ კარგი შანსია ამ თამაშის გეიმფლეის საჩვენებლად. შეგახსენებთ, რომ RE: Outbreak switch-ის ექსკლუზივია.

RE-ს ფრენჩაიზის გარდა, გავრცელებული ცნობების მიხედვით, Capcom-ის ერთ-ერთი აქტიური პროექტია Dragon's Dogma 2. თამაშის პირველი ნაწილი ჯერ კიდევ  PS3/360-ის დროს გამოვიდა და ფანების ფავორიტი იყო უნიკალური ღია სამყაროთი და კარგი სიუჟეტით.  სულ ცოტა ხნის წინ, Netflix-მა Dragon's Dogma-ს ანიმაციური სერიალი დააანონსა. 

ჰიდეკი იცუნომ, რომელიც Dragon’s Dogma-სა და Devil May Cry-ს ავტორია, სულ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ შემდეგ პროექტზე უკვე აქტიურად დაიწყო მუშაობა და მის ხილვას 2022 წლის ზაფხულში შევძლებთ. თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელ თამაშს გულისხმობდა. Devil May Cry 5-ის საოცარი წარმატების შემდეგ, უეჭველია, Capcom შემდეგ ნაწილზეც დაიწყებდა მუშაობას. მით უმეტეს, რომ თამაშის ე.წ. ‘საბოლოო ვერსია’ (Definitive Edition) უკვე გამოვიდა, ვერჯილის DLC-სთან ერთად. DMC-ს ფანები, ახალ თამაშზე ინფორმაციას მოუთმენლად ელიან, თუმცა, ეს ფრენჩაიზი, თამაშებს შორის დიდი პაუზებითაა ცნობილი. იმედია, Capcom მეექვსე ნაწილს მალე გვაჩვენებს და 10-წლიანი ლოდინი არ მოგვიწევს, როგორც ეს DMC4-სა და DMC5-ს შორის მოხდა, თუმცა წელს, თრეილერის ან ანონსის შანსი დაბალია. 

კიდევ ერთი საინტერესო პროექტი, რომელიც სიმბოლურად Pragmata-ს სახელითაა ცნობილი და სავარაუდოდ, ჰიდეო კოჯიმას ავტორობით იქმნება, ოფიციალურად ჯერ არ დაანონსებულა. მასზე მხოლოდ ის ვიცით, რომ ეს საი-ფაი/სათავგადასავლო ჟანრის თამაშია და მისი გამოშვება 2023 წლამდე გადაიდო. შესაბამისად, ალბათ, Pragmata-საც ვერ ვიხილავთ. სამაგიეროდ, კარგი შანსი აქვს საბრძოლო თამაშ Street Fighter 6-ს: მეხუთე ნაწილის გამოსვლიდან უკვე ხუთი წელი გავიდა და Street Fighter 6, დაახლოებით, 2022 წლის ზაფხულშია დაგეგმილი. შესაბამისად, გამორიცხული არ არის, თრეილერიც ვიხილოთ.

Nintendo

Nintendo-სთვის 2020 და 2021 რთული წლები იყო. კომპანიამ რამდენიმე პროექტი გადადო, სხვები კი გააუქმა. მაშინ, როცა Sony-მ, Square Enix-მა და Ubisoft-მა გადაწყვიტეს, პანდემიის პირობებში, ფანებისთვის მცირე მასშტაბიანი ონლაინ სტრიმებით მიეწოდებინათ სიახლეები, Nintendo-მ საპირისპირო გზა აირჩია და დამოუკიდებელი (ინდი) თამაშების დეველოპმენტს დაუთმო დრო. რაც იმას ნიშნავს, რომ დროა, კომპანიამ დიდი სიახლეები შემოგვთავაზოს: Nintendo-ს პრეზენტაციის მიმართ მოლოდინი განსაკუთრებით მაღალია. 

თამაში, რომლის შესახებაც სიახლეებს ყველაზე მეტად ველით, რა თქმა უნდა, The Legend Of Zelda: Breath Of The Wild 2-ია, რომელიც E3 2019-ზე დაანონსდა, თუმცა ამ პატარა თიზერის გარდა, თამაშზე ინფორმაცია არ გვაქვს. იმის გათვალისწინებით, რომ დეველოპერებს ორი წელი ჰქონდათ პროექტზე სამუშაოდ, მოსალოდნელია, ახალი თრეილერი და გეიმფლეი ბიხილოთ.

Legend of Zelda-ს გარდა, Nintendo-ს ერთ-ერთი ძირითადი ფრენჩაიზი Metroid Prime-ია, რომლის მეოთხე ნაწილზე მუშაობა, ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო. მაშინ, E3-ზე რამდენიმე სურათისგან შემდგარი თიზერი ვიხილეთ და უკვე მეოთხე წელია, ამ პროექტზე არაფერი გვსმენია. სწორედ დროა, კომპანიამ სრული თრეილერი გვაჩვენოს. 

Nintendo-ს კიდევ ერთი პოპულარული ფრეინჩაიზის, Bayonetta-ს შესახებაც 2017 წლის Game Awards-ის შემდეგ არაფერი გვსმენია და, ალბათ, ეს წელსაც არ შეიცვლება: ჰიდეკი კამიამ, რომელიც სტუდია Platinum Games-ში Bayonetta 3-ის პროექტს ხელმძღვანელობს, გასულ იანვარში განაცხადა, ჯერ-ჯერობით, ეს თამაში დაივიწყეთო. თუმცა, Bayonetta 3-ზე რომც ვერაფერი შევიტყოთ, Legend Of Zelda: Breath Of The Wild 2 და Metroid Prime 4-იც საკმარისია საიმისოდ, რომ Nintendo-ს შოუქეისი საინტერესო იყოს.

სად ვუყუროთ?

როგორც ხედავთ, წინ ძალიან საინტერესო კვირა გველოდება. ყველაზე კარგი ამბავი კი ისაა, რომ პრეზენტაციები საქართველოს დროით არცთუ ისე გვიან იმართება და მათი ყურება უფასოა. სიახლეების ფეიერვერკს Summer Game Fest გახსნის 10 ივნისს, 21:30-ზე. პირდაპირ ეთერში მისი ყურება Youtube-ს ამ ლინკზე შეგიძლიათ. 

12 ივნისს, ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, Ubisoft Forward-ია, რომელსაც საღამოს 10 საათიდან, კომპანიის Youtube არხზე შეგიძლიათ ადევნოთ თვალი. 13 ივნისს, 21:00 საათზე, Xbox + Bethesda-ს სთრიმი Twitch-ის ამ არხზე გაეშვება, ხოლო Square Enix-ის პრეზენტაციას კომპანიის Youtube არხზე 23 საათიდან იხილავთ. 

რა საკვირველია, ყველა სთრიმი ხელმისაწვდომი იქნება E3-ის Twitch-ზეც. ჰოდა, სწორედ ის დროა, პოპკორნი მოვიმარაგოთ, სავარძლებში მოვკალათდეთ და დაველოდოთ სიახლეებს.

კომენტარები

ბოლო ამბები