Thumbnail

ბრაზილიაც უარზეა - კოპა ამერიკის ჩატარება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • კოპა ამერიკის მასპინძლობა კოლუმბია-არგენტინის შემდეგ, არც ბრაზილიაში სურთ 
  • სამხრეთამერიკული ტურნირი 11 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით უნდა გაიმართოს

ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა გადაწყვიტა, არ მიიღოს მონაწილეობა ამერიკის თასის გათამაშებაში, რომელიც მის ქვეყანაში უნდა ჩატარდეს.

ამის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს და როგორც ირკვევა, ნაკრების ფეხბურთელები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ კოპა ამერიკა, რომელიც თავდაპირველი გეგმით, კოლუმბიასა და არგენტინაში უნდა გამართულიყო, ბრაზილიაში გადაიტანეს. 

ბრაზილიის ნაკრების ვეტერანებმა ქვეყნის  ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელთან, როჟერიო კაბოკლოსთან საუბრისას ამ ფაქტის გამო უკმაყოფილება გამოთქვეს. შეხვედრაზე განიხილეს ტურნირში მონაწილეობაზე უარის თქმის ან მთლიანად მისი გაუქმების შესაძლებლობა. 

კოპა ამერიკა 2019 წელსაც ბრაზილიაში ჩატარდა და გამარჯებული მასპინძელი გახდა

დიალოგის შედეგად ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს, რომ ტურნირში მონაწილეობა არ მიიღონ. ამას გარდა, ბრაზილიელები შეეცდებიან სხვა ნაკრებების ფეხბურთელებიც დაიყოლიონ, რათა მათაც გააპროტესტონ წელს კოპა ამერიკის ჩატარება.

მოგვიანებით კომენტარი ბრაზილიის ნაკრების კაპიტანმა კაზემირომ გააკეთა:

"ჩვენი პოზიციის შესახებ ყველასთვის ცნობილია. ის ნათელი და გასაგებია. ვაპირებთ, პარაგვაისთან მატჩის შემდეგ (8 ივნისს), უფრო ხმამაღლა გამოვაცხადოთ ჩვენი პოზიცია. ეს ნაკრების ყველა ფეხბუთელის, მათ შორის მთავარი მწვრთნელის ტიტეს შეხედულებაცაა".

კაზემირო ტურნირის ბრაზილიაში ჩატარებას ეწინააღმდეგება

შეგახსენებთ, რომ ამ გაზაფხულზე კოპა ამერიკა 2021-ის მასპინძლობის უფლება კოლუმბიასა და არგენტინას ჩამოართვეს. მიზეზად ამ ქვეყნებში პოლიტიკური და პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემები დასახელდა. ბოლო მომენტში კონმებოლმა ტურნირი, რომელიც 11 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით უნდა ჩატარდეს, ბრაზილიაში გადაიტანა, თუმცა კორონავირუსის გავრცელების მხრივ კარგი ვითარება არც ამ ქვეყანაშია.

📺 ბრაზილია V ეკვადორი

გეგმის თანახმად, კოპა ამერიკის 47-ე გათამაშებაში ათი სამხრეთამერიკული ქვეყანა უნდა გამოვიდეს: არგენტინა, ბოლივია, ბრაზილია, ეკვადორი, ვენესუელა, კოლუმბია, პარაგვაი, პერუ, ურუგვაი, ჩილე. ტურნიში ასევე მიწვეულია ორი ნაკრები - ავსტრალია და ყატარი. 

კომენტარები

ბოლო ამბები