Thumbnail

საქართველოს ეროვნული ნაკრები რუმინეთში გამარჯვების შემდეგ კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს ენსხედეში, ნიდერლანდების ნაკრებთან გამართავს, რომელსაც ისტორიაში პირველად დაუპირისპირდება. ვილი სანიოლის გუნდი სექტემბერში დაგეგმილ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება და კოსოვოსთან თამაშამდე (2 სექტემბერი) ეს ბოლო ტესტი იქნება.

რუმინეთთან საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა, მაგრამ უხარვეზო ფეხბურთი არ უთამაშია, რაც მატჩის შემდეგ სანიოლმაც აღნიშნა და თქვა, რომ საქართველოში მისი მუშაობის პერიოდში ალბათ ხარისხობრივად ყველაზე ცუდი თამაში იყო. მიუხედავად ამისა, მატჩი მაინც ისტორიული გამოდგა - საქართველომ რუმინეთს პირველად მოუგო (მერვე ცდაზე) და სანიოლმაც პირველი გამარჯვება იზეიმა. ამ მატჩში ეროვნული ნაკრების მაისურით სადებიუტო გოლები გაიტანეს გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი აბურჯანიამ, ხოლო საგოლე პასები შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა - ოთარ კიტეიშვილმა და საბა ლობჟანიძემ მიითვალეს.

ამგვარად, ეროვნულ გუნდში კარგი განწყობაა - ფეხბურთელები ნიდერლანდებში დადებითი მუხტით ჩავიდნენ. იგივეს ვერ ვიტყვით ფრანკ დე ბურის გუნდზე, რომელმაც პორტუგალიაში შოტლანდიის ნაკრებთან ისპარინგა და ორჯერ აგებდა, მაგრამ მემფის დეპაის დუბლით მარცხს მაინც გადაურჩა - 2:2.

ფრანკ დე ბურის გუნდმა შოტლანდიასთან ფრე ითამაშა

საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საგზური რომ მოეპოვებინა, ნიდერლანდებს ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდებოდა, მაგრამ ახლა სხვა სურათია და მხოლოდ ამხანაგურად გაეჯიბრება.

მატჩი ენსხედეში გაიმართება, "დე გროლში ვესტეზე", რომელიც ტვენტეს საშინაო არენაა. გიორგი აბურჯანია ენსხედელთა ღირსებას ერთი სეზონი იცავდა. ნიდერლანდებში ბრუნდება გურამ კაშიაც, რომელსაც ადგილობრივი პუბლიკა კარგად იცნობს. საქართველოს ნაკრები ენსხედეში 24 ფეხბურთელით იმყოფება და ყველა მათგანი სანიოლის განკარგულებაშია. მოსალოდნელია, რომ ფრანგი სპეციალისტი რუმინეთთან შედარებით, შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებას განახორციელებს და ამჯერად თამაშის შესაძლებლობა სხვა ფეხბურთელებს მიეცემათ.

გიორგი მიქაუტაძემ რუმინეთთან ეფექტური გოლი გაიტანა
📸 | GFF

ნიდერლანდების ნაკრებისთვის საქართველოსთან მატჩი ევრო 2020-მდე ბოლო შეხვედრაა, რადგან ამის შემდეგ უკვე 13 ივნისს, ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში უკრაინის ნაკრებს შეხვდება. ნიდერლანდების ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის წინ მეკარე იასპერ სილესენი გამოაკლდა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. აღსანიშნავია, რომ ვალენსიას მეკარემ ფრანკ დე ბური საჯაროდ გააკრიტიკა და თქვა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ დატოვეს ევროპის ჩემპიონატის მიღმა, რომლის დაწყებამდე საკმარისი დრო ჰქონდა კორონავირუსისგან გამოსაჯანმრთელებლად. თუმცა, ფაქტია, სილესენი ალკმაარის მეკარემ, მარკო ბიზოტმა შეცვალა.

საინტერესო ფაქტები

⚽ საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებს პირველად დაუპირისპირდება.

⚽ საქართველოს ნაკრებს 8 მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა (4 ფრე, 4 მარცხი), რომელიც რუმინეთთან გამარჯვებით დასრულდა.

⚽ ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით ნაკრებმა 4 თამაში ჩაატარა: 1 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება (ბურთების ბალანსი: 4:5). ამ 4 მატჩიდან ქართველებმა 3 სტუმრად ჩაატარეს - შვედეთთან წააგეს, საბერძნეთთან ფრე ითამაშეს და რუმინეთს მოუგეს.

⚽ მას მერე, რაც საქართველომ 2016 წელს სენსაციურად დაამარცხა ესპანეთი, ნაკრებმა სტუმრად 6 ამხანაგური მატჩი გამართა და 2 მოიგო.

⚽ ნიდერლანდების ნაკრებს ამხანაგური თამაში 2018 წლის შემდეგ არ მოუგია, როდესაც პერუ 2:1 დაამარცხა. მას შემდეგ "ნარინჯისფრებმა" 4 ტესტმატჩი ჩაატარეს (3 ფრე, 1 წაგება).

⚽ ფრანკ დე ბურის გუნდს ბოლო 4 საშინაო თამაში არ წაუგია (2 მოგება, 2 ფრე). ბოლოს 2020 წლის 7 ოქტომბერს, მექსიკასთან 0:1 დამარცხდა (ამსტერდამში).

⚽ ნიდერლანდების ნაკრებმა ბოლო 5 მატჩიდან 3 მოიგო (1 ფრე, 1 წაგება). ამ მატჩებში 4-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ საქართველოს ნაკრების ბოლო 5 მატჩის სტატისტიკა: 1 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება. ამ შეხვედრებში 2-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

ნიდერლანდები (4-3-3): სტეკელენბურგი - ველტმანი, ტიმბერი, დე ვრეი, ვან აანჰოლტი - ვან დე ბეეკი, გრავენბერხი, კუპმეინერსი - ბერგუისი, ვერგოსტი, პრომესი

საქართველო (4-2-3-1): ლორია - კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე - აბურჯანია, გვილია - დავითაშვილი, კიტეიშვილი, ოქრიაშვილი - მიქაუტაძე

კომენტარები

ბოლო ამბები