Thumbnail

NBA-ს პლეი ოფი დღეიდან მოქმედი ჩემპიონის გარეშე გრძელდება!

სხვადასხვა სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო, რაზეც უფრო დეტალურად ახლო მომავალში დავწერთ, ლეიკერსს მთელი რეგულარული სეზონის განმავლობაში ეტყობოდა, რომ ტიტულის შენარჩუნება გაუჭირდებოდა, მაგრამ იმის წარმოდგენა კი ძალიან რთული იყო, რომ ლებრონ ჯეიმსი და კომპანია პლეი ოფის პირველსავე რაუნდში გავარდებოდნენ.

ფინიქს სანსმა ლეიკერსს მეექვსე თამაში ლოს ანჯელესში 113:100 მოუგო, სერიაში 4:2 დააფიქსირა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, ლოსანჯელესელებს კი შეუძლიათ, დაისვენონ…

ზუსტად ისე, როგორც მეხუთე მატჩში, ლეიკერსმა თამაში ამჯერადაც კატასტროფულად დაიწყო. პირველი მეოთხედის შემდეგ ანგარიში უკვე 14:36 გახლდათ და ეს ჩამორჩენა ლებრონის გუნდმა თამაშის ბოლომდე ვეღარ აღმოფხვრა.

გასაოცრად ითამაშა ფინიქსის ვარსკვლავმა დევუნ ბუკერმა, რომელსაც პირველ ტაიმში უკვე 33 ქულა ჰქონდა ჩაგდებული, მატჩი კი 47 ქულით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ მან ცხრავე საჯარიმო ჩააგდო. ბუკერს 11 მოხსნაც ჰქონდა და მისი 10 სამქულიანიდან 8 ზუსტი გახლდათ. მან ყველა დაჩრდილა - თვით ლებრონიც კი, რომელიც ლეიკერსს 29 ქულით, 9 მოხსნით და 7 პასით შეეწია, მაგრამ ეს ოდნავადაც არ იყო საკმარისი.

ლებრონ ჯეიმსისთვის ეს მარცხი ისტორიულია. იგი NBA-ს პლეი ოფის პირველ წრეში პირველად გავარდა. როგორც იცით, 36 წლის ლებრონი NBA-ში 2003 წლიდან თამაშობს.

კიდევ ერთი ისტორიული ფაქტი: 2010 წლის შემდეგ ფინალში პირველად არ იქნებიან ლებრონ ჯეიმსი ან სტეფ კარი (გოლდენ სტეიტიც გავარდნილია).

მატჩის შემდეგ ლებრონმა მეგა-ჟესტით ყველა აღაფრთოვანა: დევინ ბუკერს ხელმოწერილი ფორმა გადასცა და ამით მოწინააღმდეგის გრანდიოზული თამაში დააფასა.

აღსანიშნავია, რომ ენტონი დევისმა თამაში დაიწყო, მაგრამ ტრავმამ მაინც შეაწუხა და საბოლოოდ, პარკეტზე მხოლოდ 5 წუთი გაატარა. ლებრონის შემდეგ ყველაზე მეტი ქულა გერმანელმა დენის შიორდერმა ჩააგდო (20), რომელსაც წინა შეხვედრის სტატისტიკაში ამ გრაფაში 0 ეწერა.

“მთელი ჩემი ცხოვრება ამ მომენტისთვის ვმუშაობდი. დღესაც ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ მოგვეგო. მინდოდა, ყველასთვის მეჩვენებინა, რა შემიძლია და რა შეუძლია ამ გუნდს,” - აღნიშნა თამაშის შემდეგ ბუკერმა.

“ენტონი დევისი მებრძოლია. თავს კარგად ნამდვილად არ გრძნობდა, მაგრამ თამაში დაიწყო. საბოლოო ჯამში, ის ტრავმები, რასთანაც ბრძოლა მუდმივად გვიწევდა, ჩვენთვის მეტისმეტი აღმოჩნდა. მჯერა, ამ მხრივ ყველაფერი კარგად რომ ყოფილიყო, ნამდვილად გვყავდა გუნდი, რომელსაც წელსაც შეეძლო ჩემპიონობა. რომ არა ტრავმები, ამას მოვახერხებდით.” - ეს ლეიკერსის მწვრთნელის, ფრენკ ვოგელის სიტყვებია.

კომენტარები

ბოლო ამბები