Thumbnail

ავსტრალიური Rugby.com.au-ს მიმომხილველი ნიკ ვასილიევი ე.წ. მეორე დონის სარაგბო გუნდების მდგომარეობას გამოეხმაურა და მათ შორის საქართველოს ეროვნულ ნაკრებზეც ისაუბრა. მისი თქმით, “ბორჯღალოსნები” 6 ერში თამაშს იმსახურებენ და ეს, უახლოეს წლებში უნდა მოხდეს.

“მეორე დონის ნაკრებებიდან რამდენიმე კიდევ უფრო უკეთ ითამაშებს, თუკი მათ ძლიერ მეტოქეებთან რეგულარულად დაპირისპირების საშუალება მიეცემათ. ბოლო მსოფლიოს თასზე ჩვენ ვნახეთ, რომ ურუგვაიმ ფიჯი დაამარცხა, 2015-ში კი იაპონიამ სამხრეთ აფრიკას სძლია. უბრალოდ, ამ ქვეყნებმა შიდა ჩემპიონატები უნდა განავითარონ, რათა კიდევ უფრო პროფესიონალურ დონეზე ავიდნენ. გასაგებია, რომ ეს მხოლოდ დიდი ინვესტიციების ჩადების შემთხვევაში მოხდება, როგორც ეს იაპონიასა და აშშ-შია, ამასთან, საჭიროა, ძლიერი უცხოელი სპეციალისტების მიწვევა და არგენტინული ხაგუარესის მსგავსი ფრანჩიზის შექმნა. საქართველოს შემთხვევაში, გვყავს ნიჭიერი მორაგბეები და რაგბის განვითარებაში სახელმწიფოც აქტიურადაა ჩართული. ამდენად, ევროპულმა რაგბმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ისინი 6 ერის დონეზე გაიყვანოს. ვფიქრობ, ქართულ რაგბს საკმარისი რაოდენობის პროფესიონალი მწვრთნელები აკლია, მათ შორის, ადგილობრივები და ასევე – ძლიერი შიდა ჩემპიონატი. ჩემი აზრით, საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს 6 ერის მონაწილე მომავალი 5-10 წლის განმავლობაში. მათ მეტი ზრდის საშუალება უნდა მივცეთ. საქართველოს ნაკრებმა იტალია უნდა დაამარცხოს და როგორც კი ეს მოხდება, მათ წინაშე ახალი შესაძლებლობები გაიხსნება”.

📋 მეტი ამ თემაზე

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებს 6 ერზე გამარჯვება 2015 წლის თებერვლის მერე არ აქვს. “აძურიმ” ზედიზედ 31 მატჩი წააგო და მედიისა და ექსპერტების კრიტიკა დაიმსახურა. ტურნირის ფორმატის ცვლილებას უკვე ბევრი მომხრე ჰყავს ევროპაში, მედიაც დადებითად არის განწყობილი სიახლისადმი, თუმცა ტურნირის ორგანიზატორები უახლოეს მომავალში ცვლილებებს გამორიცხავენ. თავის მხრივ, საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის მიმდინარე გათამაშებაც ვადაზე ადრე მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები