Thumbnail
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 6:4, 6:3, 0:6, 6:2 დუშან ლაიოვიჩი
  • ქართველი ჩოგბურთელის მომდევნო მეტოქე ჯერ არ გარკვეულა

29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ღია პირველობაზე პირველი გამარჯვება იზეიმა. ნიკამ წარმატებას სერბ დუშან ლაიოვიჩთან დაპირისპირებაში მიაღწია – 6:4, 6:3, 0:6, 6:2.

საინტერესოა, რომ საქართველოს პირველი ჩოგანი პირველ სეტში 1:4 ჩამორჩა, რის შემდეგაც ზედიზედ 5 გეიმი მოიგო და როგორც სჩანს, ლაიოვიჩი მორალურადაც გატეხა, რადგანაც ბრეიკი მე-2 სეტშიც მალევე შეასრულა და საბოლოოდ, 6:3 მოიგო. მე-3 სეტში უკვე დუშანის უპირატესობა იყო აშკარა და მან 6:0 იმარჯვა. მე-4 სეტში ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქის მოწოდება 2-ჯერ აიღო და ლაიოვიჩის დამარცხება 2 საათსა და 8 წუთში მოახერხა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ოთხ სეტში მოიგო

ნიკოლოზს 2 ეისი და 2 ორმაგი შეცდომა ჰქონდა (მეტოქეს, შესაბამისად, 6 და 3), მოწოდება 6-ჯერ დათმო, თავად კი 12 ბრეიკ-პოინტიდან 8 გამოიყენა. ქართველ ჩოგბურთელს პირველ მოწოდებაზე 69%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა, საიდანაც 56% (62-დან 35) სათავისოდ დაასრულა, მე-2 მოწოდებაზე კი 54%-იანი შედეგი (28-დან 15) დაუფიქსირდა.

საინტერესოა, რომ ბასილაშვილი 30 წლის ლაიოვიჩს კარიერაში მეხუთედ გაეჯიბრა და მე-4 გამარჯვება იზეიმა, მისი შემდეგი მოწინააღმდეგე კი კვალიფიკაციის ესპანელი გამარჯვებულების - ალკარაზისა და ზაპატა მირალესის მატჩში ირკვევა. ნიკოლოზი ერთეულებში მორიგ  შეხვედრას 2 მაისს ჩაატარებს, 1-ში კი ნიკა და გერმანელი ანდრე ბეგემანი წყვილთა ტურნირში ინდოელ როჰან ბოპანასა და ხორვატ ფრანკო სკუგორს ეთამაშებიან.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს როლან გაროსზე საუკეთესო შედეგი 2017 წელს ჰქონდა, როდესაც მე-3 წრეში გავიდა და იქ მომავალ ჩემპიონ რაფაელ ნადალთან (ესპანეთი) 0:6, 1:6, 0:6 წააგო. მანამდე, ნიკამ ფრანგ ჟილ სიმონს 1:6, 6:2, 6:4, 6:1 სძლია, სერბი ვიკტორ ტროიცკი კი 7:6 (7:3), 7:6 (7:2), 7:6 (8:6) დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები