Thumbnail
  • 'მათ ნდობა გამომიცხადეს და ახალ შეთავაზებაზე ბევრი აღარც მიფიქრია'
  • კოტე მიქაუტაძემ ბასკურ კლუბთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ ფრანგული TOP 14-ის ბაიონთან ახალი 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

29 წლის მორაგბე ბასკურ კლუბს გასული წლის ოქტომბერში “სამედიცინო ჯოკერის“ სტატუსით შეუერთდა, ახლა კი, ბაიონელებს თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეუთანხმდა. როგორც მიქაუტაძემ საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდს განუცხადა, ფრანგულ კლუბს მასთან 3-წლიანი კონტრაქტის გაფორმება თავიდანვე სურდა:

“უკვე ნოემბერში ახალი, 2-წლიანი ხელშეკრულება შემომთავაზეს და პრე-კონტრაქტიც გავაფორმე. მაშინვე ვიცოდი, რომ გუნდში 2023 წლამდე დავრჩებოდი და ახლა, როდესაც სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა, ახალი კონტრაქტი ოფიციალურად გავაფორმე. ტრავმირებული რომ ვიყავი, ბევრ კლუბს არ სჯეროდა, რომ სათანადო დონეზე დავბრუნდებოდი, მათ კი ნდობა გამომიცხადეს, ძალიან კარგად მიმიღეს და ახალ შეთავაზებაზე ბევრი აღარც მიფიქრია“.

TOP 14-ის მიმდინარე სეზონის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე, ბაიონი 44 ქულით მე-12 ადგილზეა და 3 ქულით უსწრებს გადათამაშების ზონაში მყოფ პოს. მიქაუტაძე დარწმუნებულია, რომ გუნდს ელიტაში ადგილის შენარჩუნება არ გაუჭირდება და მომავალ სეზონში უფრო მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს:

“ბაიონი ისტორიული კლუბია კარგი სპორტული და ფინანსური შესაძლებლობებით. ვფიქრობ, ლიგაში ადგილის შენარჩუნება არ გაგვიჭირდება. გუნდი მომავალი სეზონისთვის უკვე იმატებს ძლიერ მოთამაშეებს და ფიქრობენ, რომ რამდენიმე წელიწადში ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ჩაებმებიან“.

კოტე მიქაუტაძე ბაიონას მაისურით

მას შემდეგ, რაც ტრავმების გამო ბორჯღალოსნებს მეორეხაზელები – ლაშა ჯაიანი და გრიგორ ქერდიყოშვილი გამოაკლდნენ, მნიშვნელოვანია, რომ კოტე ზაფხულის ტესტებს საუკეთესო ფორმაში შეხვდეს. შეგახსენებთ, რომ საქართველო სანაკრები მატჩებს 26 ივნისს, თელავში ბელგიასთან ან ნიდერლანდებთან 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩით იწყებს, 3 და 10 ივლისს სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან ორ ტესტ-მატჩს გამართავს, 17 ივლისს კი შოტლანდიას უმასპინძლებს.

“ბაიონში გადასვლიდან მალევე კორონა-ვირუსი დამიდგინდა და საკმაოდ მძიმედ გადავიტანე, თუმცა კლუბის შემადგენლობაში 16-17 მატჩი ჩავატარე, “შემოდგომის ერთა თასზე“ ორჯერ ვითამაშე და ახლა, კარგ ფორმაში ვარ. ნოემბერში ჩატარებული მაღალი დონის შეხვედრების შემდეგ, ზაფხულში სამი კიდევ უფრო რთული თამაში გველის და ეს ზუსტად ისაა, რაც გუნდს და მის თითოეულ მოთამაშეს ჭირდება. ყველა ხედავს, რომ საქართველო რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის გადაიზარდა და დიდ გუნდებთან მეტი მატჩი გვჭირდება. იმედია, ასეთი შეხვედრები ხშირად გვექნება. ძალიან დიდი დაფასებაა, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონი გიწვევს და ორჯერ გეთამაშება. ასეთი ფუფუნება ბევრ გუნდს არა აქვს და იმედია, თავს საუკეთესოდ წარმოვაჩენთ“.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძეს “ბორჯღალოსნების” მაისურით 2010 წლიდან დღემდე 66 მატჩი აქვს ჩატარებული, აქედან 55 სასტარტო შემადგენლობაში და ორი ლელო გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები