Thumbnail
  • ცხუმ-აფხაზეთი 88:94 რუსთავი
  • ანატოლი ბოისას გუნდმა ფინალური სერია 3:0 მოიგო

საკალათბურთო კლუბი რუსთავი საქართველოს სუპერლიგის ჩემპიონი გახდა. ანატოლი ბოისას მიერ გაწვრთნილმა გუნდმა ფინალურ სერიაში ცხუმ-აფხაზეთს 3:0 სძლია და საქართველოს ჩემპიონი 11-წლიანი პაუზის შემდეგ, საერთო ჯამში, მეექვსედ გახდა.

რუსთაველებმა მშობლიურ დარბაზში მეტოქეს 76:60 და 74:71 სძლიეს, დღეს კი, ცხუმ-აფხაზეთს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაეჯიბრნენ და 94:88 იმარჯვეს. გადამწყვეტ შეხვედრაში საუკეთესო ამერიკელი ლეგიონერი მალიკ უაითი იყო, რომელმაც 30 ქულა ჩააგდო.

რუსთავი ქვეყნის ჩემპიონი მეექვსედ გახდა. მალიკ უაითის 30 ქულა ფინალში 

შეგახსენებთ, რომ 2009-2010 წლების სეზონში ქვემოქართლელებმა ფინალში თსუ დაამარცხეს, რის შემდეგაც ტიტულის მოგების შანსი არ მისცემიათ. რუსთაველებმა ფინალში გასვლა დამაჯერებლად ჩატარებული წლევანდელი რეგულარული ჩემპიონატისა და პლეი ოფის საწყისი რაუნდების შემდეგ მოახერხეს. არც მეოთხედფინალში და არც ნახევარფინალში ქვემოქართლელებს წაგების გემო არ განუცდიათ – თსუ-ს და კაკტუსს სერიები 2:0 მოუგეს.

თავის მხრივ, ცხუმ-აფხაზეთი ფინალს სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონის რანგში შეხვდა. 2 წლის წინ, როცა ეს გუნდი დელტას სახელით გამოდიოდა, ფინალურ სერიაში ქუთაისი დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა. კლუბმა სახელი ცხუმ-აფხაზეთით შეიცვალა და წინა სეზონში სუპერლიგის აუტსაიდერი იყო, თუმცა რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე, პანდემიის გამო, ტურნირი შეწყდა. ამის მერე ცხუმელებმა შემადგენლობა გააძლიერეს და შედეგიც სახეზეა – ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი გუნდი ტიტულის შესანარჩუნებლად გადამწყვეტ სერიამდე იბრძოდა.

შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის ბრინჯაოს პრიზიორი დინამო თბილის გახდა. მუჰამედ ტაჩის გაწვრთნილმა გუნდმა რეგულარულ ჩემპიონატში მხოლოდ მე-7 ადგილი დაიკავა, პლეი ოფში კი წარმატებულად იასპარეზა და საბოლოოდ, საპრიზო სამეულში მოხვდა. დინამოელებმა მესამე ადგილისთვის მატჩში არჩილ ჟღენტის გაწვრთნილი კაკტუსი 95:85 დაამარცხეს.

კომენტარები

ბოლო ამბები