Thumbnail
  • MMA-ში საქართველოს ჩემპიონატის მე-3 ტურში 5 სატიტულო ბრძოლა გაიმართება
  • გიორგაძე და პალიანი ქამრისთვის იბრძოლებენ
  • LIVE: ფეისბუქი: ევროპაბეთი და პოპსპორტი, Youtube: პოპსპორტი
  • პირველი ტურის ყველა ბრძოლა იხილეთ აქ
  • მეორე ტურის ყველა ბრძოლა იხილეთ აქ

10 ივნისს, MMA-ში საქართველოს ჩემპიონატის (GFC) მესამე, ფინალური ტურის ორთაბრძოლები ჩატარდება, რომელშიც საქართველოს ჩემპიონებისა და ქამრების მფლობელების ვინაობა გაირკვევა. პირველობის ორგანიზატორი საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნული ფედერაციაა.

მესამე ტურში მონაწილეობას 20 სპორტსმენი მიიღებს. ოქტაგონზე სულ 10 ბრძოლა გაიმართება - აქედან 5 სატიტულო იქნება. ტური 20:00-ზე დაიწყება და პირდაპირი რეპორტაჟი ევროპაბეთისა და პოპსპორტის ფეისბუქის გვერდებზე, ასევე პოპსპორტის იუთუბის არხზე გადაიცემა.

მესამე ტურში 5 სატიტულო ბრძოლა გველის. ქომაგი ახალ სპორტის სასახლეში ჯერ 5 ბრძოლას იხილავს, რის შემდეგაც ფინალები დაიწყება. 66-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ლუკა გიორგაძე მერუჟან პალიანის წინააღმდეგ იჩხუბებს.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ მებრძოლები ფინალამდე მარტივად მივიდნენ. ლუკა გიორგაძემ პირველ შეხვედრაში გიორგი ხუნწარიას ტექნიკური ნოკაუტით მოუგო, ხოლო მეორე ტურში ირაკლი მახათაძეს მახრჩობელა ილეთით აჯობა და ფინალის საგზური მოიპოვა.

მერუჟან პალიანმა ორივე ბრძოლა ტექნიკური ნოკაუტით მოიგო. მის დარტყმებს პირველ ტურში თორნიკე ვარადაშვილმა ვერ გაუძლო. პალიანმა მეორე ტურში ელგუჯა გოგიაც დაამარცხა და ფინალში გავიდა. უნდა აღინიშნოს, რომ მერუჟანმა ორივე ბრძოლა პირველსავე რაუნდში მოიგო.

ლუკაც და მერუჟანიც საკმაოდ შემტევი და აგრესიული სტილით გამოირჩევიან. ორივე მებრძოლის დიდი უპირატესობა დგომში ჩხუბია. პარტერშიც კარგად გამოიყურებიან, თუმცა ორივეს უპირატესობად მაინც დგომში ჩხუბი უნდა მივიჩნიოთ. პოპსპორტი მებრძოლთა კომენტარებს გთავაზობთ. ორივე ამბობს, რომ რთული და მძიმე შეხვედრა გველის.

ლუკა გიორგაძე (მემეტე): "ირაკლი მახათაძესთან საქმე გავირთულე, საკუთარი თავისგან ბევრად მეტს მოველოდი. პარტერში ჩემი შეცდომით გადამიყვანა და ფეხები დამეღალა. შემართებისა და მომზადების ხარჯზე დავამარცხე. MMA-ში კარიერა ახლა დავიწყე, აქამდე კიკბოქსიორი ვიყავი. ჭიდაობა უნდა დავხვეწო. ერთი წელია, რაც MMA-ში ვარ და მინდა, რომ უფრო მოვუმატო.

მერუჟანი ამ ტურნირზე ვნახე. მგონია, რომ დგომში ბევრი არაფერი იცის. ვფიქრობ, ჭიდაობას დამიწყებს და იმედია, რამე განსაკუთრებულს გააკეთებს, თორემ მგონია, პირველივე რაუნდში შევძლებ გამარჯვებას.

ორი თვე ვერ ვვარჯიშობდი, თითი მქონდა მოტეხილი. ტურნირის მოგება წინსვლისთვის კარგი ამბავი იქნება, კონტრაქტები და შეთავაზებები გაჩნდება. საქართველოს ჩემპიონატი მაღალ დონეზეა ორგანიზებული. UFC-ში ქართველების წასვლამ ამ სპორტის მიმართ დაინტერესება გაზარდა. რაც უფრო მეტი ადამიანი მოვა ამ სპორტში, მეტი კონკურენცია იქნება და ეს სასიამოვნო ფაქტია."

ვაჟა წიპტაურმა ლუკა გიორგაძის მოგება დააფიქსირა

მერუჟან პალიანი (13 LEGION): "თორნიკე ვარადაშვილთანაც და ელგუჯა გოგიასთანაც მოგებისთვის მზად ვიყავი, მაგრამ არ მეგონა, თუ ჩხუბი ასე მალე დასრულდებოდა. ბოლო ჩხუბის დროს დგომში მინდოდა ბრძოლის გაგრძელება, მაგრამ შეხვედრა პარტერში გადავიდა და ვადაზე ადრე გავიმარჯვე.

ლუკა კარგი ბიჭია. დგომში კარგად ჩხუბობს, მაგრამ პარტერიც იცის. ბოლო ბრძოლა მტკივნეული ილეთით მოიგო. შეხვედრისთვის ვემზადები და ვეცდები, ისევ გავიმარჯვო. რაკი ორივეს ხელში ჩხუბი გვიყვარს, ვფიქრობ, რომ შეხვედრა კარგი გამოვა.

მსურს, რომ მე-13 ლეგიონის სახელი ბევრმა გაიგოს. ახალციხეში მიხეილ მესხმა გახსნა ეს კლუბი და 2015 წლიდან ვვარჯიშობ. პირდაპირ MMA-ში მოვედი. მინდა, რომ კარგ ორგანიზაციებში ვიჩხუბო და საქართველოს დროშა ავაფრიალო."

 

კომენტარები

ბოლო ამბები