Thumbnail
  • THE SPUN-ის ინტერვიუ ილინოისის ფორვარდ გიორგი ბეჟანიშვილთან
  • გიორგი NBA-ს დრაფტისთვის ემზადება და არჩევის იმედი აქვს

The Spun-მა ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა NCAA-ის ილინოისის უნივერსიტეტის ქართველ ფორვარდ გიორგი ბეჟანიშვილთან, რომელმაც კოლეჯთა ლიგის დასრულება და პროფესიული კარიერის დაწყება გადაწყვიტა.

"გიორგი საქართველოში ეკონომიკური გაჭირვების გამო ავსტრიაში გადახვეწილი ოჯახიდან არის. მან ცხოვრების დიდი ნაწილი ევროპაში გაატარა, მან 1 წელი ითამაშა ჰილსაიდში, სადაც ის ილინოისის მწვრთნელმა ბრედ ანდერვუდმა შეამჩნია. არადა, ის თამაშზე იმ კალათბურთელის სანახავად იყო მისული, რომელიც უშუალოდ დაჩაგრა ქართველმა მოთამაშემ. ქართული წარმოშობის სპორტსმენის ნამდვილი ჰოლივუდური ისტორია აქედან დაიწყო", - წერს The Spun. 

ილინოისში ლიდერის თვისებებით გამოირჩეოდა

"დასაწყისი ფანტასტიკური იყო - 2019 წლის თებერვალში მან 35 ქულა ჩააგდო, რაც ილინოისის ისტორიაში დებიუტანტისთვის ყველა დროის რეკორდია. გიორგიმ კიდევ ორი წელი გაატარა ილინოისში და 2020/21 წლების სეზონის შემდეგ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო - კოლეჯში კარიერის გაგრძელებაზე უარი თქვა და NBA-ს დრაფტზე დადგა". გთავაზობთ ამ ინტერვიუს ნაწილს.

The Spun: რამდენად დროული იყო თქვენი მხრიდან NBA-ის დრაფტზე დადგომა?

გიორგი ბეჟანიშვილი: კოლეჯთა ლიგაში 3 სეზონი ვიყავი, სამი გრძელი წელიწადი. ამ დროში საჭირო გამოცდილება მივიღე. შემდეგ კი ვიგრძენი, რომ დროა - ვფიქრობ, ჩემი გადაწყვეტილება სწორია. დროა, ახალი ნაბიჯი გადავდგა ჩემს კარიერაში. 

The Spun: პირველივე სეზონში დეონ თომასის რეკორდი მოხსენით ილინოისში. რა იგრძენით მაშინ?

გიორგი ბეჟანიშვილი: ეს იყო საოცარი გრძნობა, როგორიც მანამდე არ განმიცდია. დარბაზში 15 ათასი ადამიანი შეუჩერებლად ჩემს სახელს გაიძახოდა. მათი ენერგია თამაშში ძალიან დამეხმარა. მიხარია, რომ ის დაესწრო თამაშს, როცა მისი რეკორდი დავამხე. მივედი და ბოდიში მოვუხადე, რომ რეკორდების "წიგნიდან" წავშალე. ეს იყო მომენტი, რომელსაც არასდროს დავივიწყება, მხიარული და ამაღელვებელი.

The Spun: ლოქდაუნისას კამპუსში მუშაობაც დაიწყეთ...

გიორგი ბეჟანიშვილი: როცა შარშან კოლეჯთა ლიგის ჩემპიონშიპი გაუქმდა, ბევრმა სამსახური დაკარგა, მე კამპუსში ჩავრჩი. ევროპაში დედაჩემმა სამსახური დაკარგა. ოჯახი დარჩა შემოსავლის გარეშე. მოგეხსენებათ, უნივერსიტეტში სწავლით და თამაშით ფულს ვერ იშოვი. მეგობარმა მითხრა, რომ იყო აპლიკაცია, რომლის მეშვეობით პროდუქტის დარიგება შეიძლება და ამით შემოსავლის წყარო გამიჩნდებოდა. NCAA-ის კანონებით მე არ მქონდა ამის უფლება. მეგობრის სახელით დავრეგისტრირდი და ლოქდაუნის სამი თვეზე მეტი ასე ვმუშაობდი მასთან ერთად და ოჯახს ცოტა ფულსაც ვუგზავნიდი. 

The Spun: უკან რომ მოიხედოთ, რას იტყვით თქვენს კარიერაზე?

გიორგი ბეჟანიშვილი: როცა ევროპაში ვთამაშობდი, მქონდა მძიმე პერიოდი, ავსტრიის მოქალაქეობას ვიღებდი, რომ ნაკრებში მეთამაშა. დროულად არ მოხერხდა ჩემთვის პასპორტის მოცემა. მეგონა, რომ არცერთი სკაუტი არ გამეკარებოდა და ჩემთვის კარიერა დასრულდა. შემდეგ ამერიკელმა გუნდელმა მირჩია, კოლეჯთა ლიგაში გადასვლა. ასე მოვხვდი ნიუ ჯერსიში, მერე ილინოისში. 

The Spun: რას იტყვით ილინოისში გატარებულ კარიერაზე?

გიორგი ბეჟანიშვილი: ვფიქრობ, რომ ილინოისის წყალობით, მოედანზე კარგად ვმოძრაობ, თამაშის ალღო მაქვს და შემიძლია ნებისმიერი სიმაღლის მეტოქეს გავუმკლავდე, მაგრამ მაქვს შეგრძნება, რომ ჩემი საუკეთესო თვისებები ჯერ არ მიჩვენებია. ამიტომ ვუთხარი ჩემს აგენტს, რომ მსურს ჩემი შესაძლებლობები NBA-ის გუნდების წარმომადგენლების თვალწინ წარმოვაჩინო. ვფიქრობ, ენერგიული ვარ და ალბათ გუნდში ატმოსფეროს შეცვლაც შემიძლია დადებითისკენ. ჩემი საუკეთესო თვისებების ნაწილი სტატისტიკაში არ ისახება, მაგრამ ისინი გუნდს წარმატების მიღწევაში ეხმარება. 

კარიერის რეკორდი კოლეჯთა ლიგაში - 35 ქულა თამაშში

The Spun: მაინც რა თვისებები გსურთ NBA-ის სკაუტებმა დაინახონ?

გიორგი ბეჟანიშვილი: ვფიქრობ, ყველაზე მეტად მინდა დაინახონ, როგორი დრიბლინგი და პასი მაქვს, ეს კოლეჯთა ლიგაში ხშირად არ მჭირდებოდა და ჩემი საქმე არც იყო. ასე რომ, ამით ბევრს გავაკვირვებ. 

The Spun: NBA-ში ვის თამაშს აკვირდებით ყველაზე მეტად?

გიორგი ბეჟანიშვილი: ვცდილობ, ვნახო ყველა თამაში. კი "მაღალი" ვარ, მაგრამ მიყვარს მცველებზე დაკვირვება. მომწონს ლებრონ ჯეიმსი, კრის პოლი, დომანტას საბონისი. აღფრთოვანებული ვუყურებ, როგორ თამაშობს დრეიმონდ გრინი. 

The Spun: რა რეაქცია გექნებათ, თუ თქვენ გვარს დრაფტზე გამოაცხადებენ?

გიორგი ბეჟანიშვილი: ო, ღმერთო ჩემო! შეიძლება მოვკვდე ბედნიერებისგან.  შეიძლება ვერც კი გავინძრე შოკისგან - ეს იქნება ჩემი ოცნების ასრულება. სიტყვებით ვერც გამოვხატავ. 

The Spun: რას მიიღებს NBA-ის გუნდი გიორგი ბეჟანიშვილისგან?

გიორგი ბეჟანიშვილი: ძალიან ენერგიულ მოთამაშეს, რომელსაც სახეზე სულ ღიმილი ექნება და სხვასაც აიძულებს მხიარული გახდეს; კარგ ატმოსფეროს ვარჯიშებზე; მოთამაშეს, რომელიც სხვებს პატივს სცემს და მზად არის შრომისთვისა და ბრძოლისთვის. სიყვარული, ბედნიერება და პატივისცემა ყველაფერია ჩემთვის. ეს იმიტომ, რომ რასაც მივაღწიე, ყველაფრისთვის დიდი შრომა გავიღე.   

შეგახსენებთ, რომ NBA-ს დრაფტი 29 ივლისს ბრუკლინში გაიმართება. ამერიკული მედია ვარაუდობს, რომ დრაფტის მეორე წრეში სხვა ქართველს, სანდრო მამუკელაშვილს აირჩევენ, გიორგი ბეჟანიშვილის არჩევას კი სკეპტიკურად უყურებენ.     

შეგახსენებთ, რომ გიორგი ავსტრიის მოქალაქეა, თუმცა საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი "პოპსპორტთან" ინტერვიუში დაადასტურა, თუმცა ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. 

📺 ილინოისი V ნორსვესთერნი

კომენტარები

ბოლო ამბები