Thumbnail
  • იურგენ კლოპს ამ სეზონში ბევრი საკადრო პრობლემა ჰქონდა
  • ბოლო ტურში ლივერპულის მიზანი ოთხეულში მოხვედრაა  

ლივერპულისთვის მიმდინარე სეზონი ისეთი არ გამოვიდა, როგორც წინა იყო. შარშან იურგენ კლოპის გუნდი ჩემპიონობას ზეიმობდა, წელს კი პრემიერლიგის ბოლო ტურში ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა უწევს.

ჩავარდნილი სეზონი ერთ-ერთი მიზეზი "მერსისაიდელების" რიგებში ხშირი ტრავმიანობაა. გუნდს ოქტომბერში გამოაკლდა დაცვის ლიდერი ვირჯილ ვან დაიკი. ასევე დაშავდნენ სხვა ძირითადი მცველები - ჯოელ მატიპი და ჯო გომესი. პრობლემები იყო იყო ნახევარდაცვაშიც.

ასეთი ტრავმიანობის ფონზე პრემიერლიგის მოგება ფანტასტიკის სფეროა. ამის შესახებ თავად იურგენ კლოპმაც ისაუბრა. გერმანელმა აღნიშნა, რომ მსგავს სიტუაციაში ჩემპიონობას ვერც მანჩესტერ სიტი და მანჩესტერ იუნაიტედი შეძლებდნენ.

"საფეხბურთო გუნდი გაქვს ორკესტრს, სადაც უამრავი ადამიანი მუშაობს. თუ ერთ ნაწილს დაკარგავ, პროცესის გაგრძელებას შეძლებ, თუმცა თუ ორს დაკარგავ, ეს ძალიან რთული იქნება. ტრავმების გამო ჩემპიონობის არანაირი შანსი არ გვქონდა. მსგავს სიტუაციაში შანსი არავის ექნებოდა - არც მანჩსეტერ სიტის, თუ მას 3 ცენტრალურ მცველს გამოაკლებდი და არც მანჩესტერ იუნაიტედს", - განაცხადა კლოპმა.

გუნდის ერთ-ერთ ლიდერს ვირჯილ ვან დაიკის ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია

როგორც უკვე აღვნიშნეთ, წელს ლივერპულის მაქსიმუმი ოთხეულში მოხვედრა და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია. კლოპი მოხარული იქნება, თუ მისი გუნდი ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ითამაშებს, თუმცა როგოც ჩანს, ევროპალიგაზე მოხვედრითაც არ იქნება ბოლომდე უკმაყოფილო.

"თუ კვირას ჩვენს შანსს გამოვიყენებთ, მოვიგებთ და ჩემპიონთა ლიგაზე გავალთ, ეს საუკეთესო შედეგი იქნება. ახლა მანჩესტერ იუნაიტედს ჰკითხეთ, მოსწონს თუ არა ევროპალიგა და იტყვიან - დიახ. მათ უყვართ ფინალში თამაში და მოგების შანსი აქვთ. ასე რომ, ჩვენ გარკვეული სამუშაო უკვე შევასრულეთ, თუმცა არა ის, რისი გაკეთებაც გვინდოდა", - დაამატა კლოპმა.

კომენტარები

ბოლო ამბები