Thumbnail

სარაგბო ჟურნალმა Rugby World-მა მაისის ნომერში წამოიწყო დისკუსია თემაზე: უნდა შემოიღონ თუ არა 6 ერში გავარდნა/აღზევების სისტემა - "დებატი, რომელიც არ სრულდება". მას მერე, რაც იტალიის ნაკრებმა ზედიზედ 32 მატჩი წააგო ტურნირზე, სარაგბო ექსპერტების საყვარელ თემად ექვსი ერის ტურნირის სავარაუდო რეფორმა იქცა. 

ჟურნალში ამ კითხვას ორი ექსპერტი პასუხობს, ერთი პასუხი დადებითია, მეორე უარყოფითი. დებატებში მონაწილეობდნენ ბერნარდ ჯეკმენი და ბარნი პარი. მიუხედავად, განსხვავებული პასუხისა მთავარ კითხვაზე, საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს, ორივეს პოზიცია მოეწონებათ. 

 📋 მეტი ამ თემაზე

ბერნარდ ჯეკმენი. RTÉ-ის ანალიტიკოსი

"რატომ უნდა ჰქონდეს, გუნდს, რომელიც ბოლო ადგილზე გავიდა, შემდეგ წელსაც გარანტირებული ადგილი შეჯიბრებაში? ფული და სტაბილურობა კარგია, მაგრამ დღევადელი სიტუაცია, ჩემი აზრით, არაჯანსაღია. 

იტალიას 2015 წლის მერე ტურნირზე ვერ მოუგია და მუდმივად "ხის კოვზს" იმსახურებს. მეტიც, ამ ნაკრებთან ყველა უკვე ბონუსით მოგებას გეგმავს. იმედი ჰქონდათ, რომ ბენეტონი კონკურენტუნარიანი იქნებოდა Pro14-ში. ესეც ფარსი გამოდგა, ორივე იტალიური ფრენჩაიზი ახალ სეზონს ჩელენჯ კაპზე გაატარებს.

მჯერა, რომ 6 ერის ბოლოადგილოსანმა პლეი ოფი უნდა ითამაშოს რაგბი ევროპის ჩემპიონთან. შეიძლება იმასაც დავთანხმდე, რომ ეს პლეი ოფი 1-მატჩიანი იყოს 6 ერის მონაწილის მოედანზე, მაგრამ ევროპის ყოველ გუნდს უნდა რჩებოდეს რაღაც სტიმული, რომ უმაღლეს დონეზე თამაშს შეძლებს. 

დრაგონსის მწვრთნელობით, თავადაც გამომიცდია, რას ნიშნავს წაგებების სერია - ამან შეიძლება სულ დაამსხვრიოს გუნდის მენტალიტეტი, მოთამაშეების თვითრწმენა.

ინგლისში და საფრანგეთში ჰარლინკინსი, ნორზჰემპტონი, ბაიონი და ლიონიც გავარდნილან, მაგრამ ისინი უფრო ძლიერები ბრუნდებოდნენ. ერთი სეზონიც კი დადებითი შედეგები, გუნდს თვითრწმენის დაბრუნებაში დაეხმარება. გავარდნა არ არის სამყაროს დასასრული, როგორც ზოგს უნდა "დახატოს". 

აგრეთვე, მეორე რანგის ქვეყნებს განვითარების შესანიშნავი მოტივაცია ექნებათ. ეს კარგი იქნება რაგბისთვის ევროპაში, არა მხოლოდ ტრადიციულ ქვეყნებში. 

2000 წლამდე იტალიამ მოიპოვა 6 ერის პირველობაზე თამაშის უფლება. მიმაჩნია, რომ 21 წელი საკმარისი დროა ადაპტაციისა და განვითარებისთვის. ჩაკეტვა კონკურენციას ვერ გააძლიერებს, ასე რომ, მომხრე ვარ 6 ერში გავარდნა/აღზევების სისტემის შემოღების".

2018 წ. იტალია v საქართველო. ქართველი გულშემატკივრები 'არტემიო ფრანკიზე'

ბარნი პარი წინააღმდეგია:

"ეს დებატები უკვე დამღლელია, მაგრამ ეს საუბრები იმდენად არ მაღელვებს, რამდენადაც საშიში წინაპირობა, რომელსაც ეს დებატი ქმნის. ეს არის "იტალიური საკითხი". იტალიის ნაცვლად ინგლისზე, საფრანგეთზე ან სხვა გუნდებზე რომ იყოს საუბარი, ვინმე მოიწონებდ იდეას?

ასევე ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია ისედაც. თავად საქართველოს ნაკრების მხარდამჭერი ვარ. იმ ნაკრების, რომელსაც დებატებში ცენტრალური ადგილი უჭირავს. მათ შეუძლიათ გაართოებულ ტურნირში ითამაშონ. არავის გაგდება არ არის საჭირო.

იმ პერიოდში, როცა ყველა რაგბის გლობალიზაციაზე საუბრობს, განა მისაღებია, ერთი ნაკრების განვითარება მეორის ხარჯზე? გუნდს უნდა ჰქონდეს სწრაფვა, განვითარდეს და წინ წავიდეს და არ იყოს მუდამ დაქვეითების საფრთხის ქვეშ.

მიუხედავად იმისა, რომ მეორე ეშელონის ქვეყნებში საქართველო დომინირებს, მან ვერ აჩვენა, რომ 6 ერში მეტად კონკურენტუნარიანი იქნება, ვიდრე იტალია - მსოფლიო რაგბის რეიტინგი სრულ სურათს არ იძლევა.

იტალია ისედაც 117 წლის დაგვიანებით შეუერთდა ტურნირს, არ არის საჭირო ამ განვითარებად ქვეყანას პროგრესში ხელი შევუშალოთ". 

კომენტარები

ბოლო ამბები