Thumbnail

უეფამ ჩემპიონთა ლიგის ფინალი პორტუგალიაში გადაიტანა და ფანებიც დაუშვა

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • სიტის და ჩელსის დაპირისპირებას ფანებიც დაესწრებიან
  • სტამბოლი წელსაც ფინალის გარეშე დარჩა

ის, რაც თითქმის გადაწყვეტილი იყო, ახლა უკვე ოფიციალურად დადასტურებული ამბავია: ჩემპიონთა ლიგის ფინალი მანჩესტერ სიტისა და ჩელსის შორის 29 მაისს, სტამბოლის ნაცვლად, პორტუგალიაში, პორტოს "დრაგაუზე" გაიმართება.

უეფას განცხადებაში ნათქვამია, რომ ფინალზე დასწრებას თითოეული გუნდის 6 000 გულშემატკივარი შეძლებს, ხოლო სხვა ფანებისთვის ბილეთების შეძენა 24 მაისს დაიწყება. პორტოს "დრაგაუ" 50 000 გულშემატკივარს იტევს, უეფა კი პორტუგალიის მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა სტადიონზე 20 000 ადამიანი დაუშვას.

შეგახსენებთ, რომ ფინალი თურქეთში, სტამბოლში უნდა გამართულიყო, თუმცა დიდი ბრიტანეთის მთავრობამ თურქეთი კოვიდ-19 პანდემიის გაუარესების გამო წითელ ზონაში შეიყვანა და მისი მიმართულებით გადაადგილება შეიზღუდა. უეფას კი არ სურდა, რომ ზედიზედ მეორე ფინალს ჩაევლო გულშემატკივრების გარეშე.

კორონავირუსის პანდემიის გამო ათათურქის სახელობის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ფინალი უკვე ზედიზედ მეორე წელია ვერ ტარდება. შეგახსენებთ, რომ შარშანდელი ფინალიც სწორედ სტამბოლში უნდა გამართულიყო.

უეფამ ინგლისის მთავრობასთან და ფეხბურთის ფედერაციასთან ფინალის ინგლისში გამართვაზეც იმსჯელა და მიუხედავად ორივე მხარის დიდი სურვილისა, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. პორტუგალია  ინგლისის სიაში მწვანე ზონად არის გამოცხადებული. სამშობლოში დაბრუნებისას, ფინალზე დამსწრე გულშემატკივრებსა და მოთამაშეებს კარანტინი არ მოუწევთ.

"ვფიქრობ, ყველა შეგვიძლია შევთანხმდეთ იმაზე, რომ იმედი ვიქონიოთ, აღარასდროს გვექნება ისეთი წელი, როგორიც ეს იყო. გულშემატკივრებს 12 თვე მოუწიათ ლოდინი, რათა თავიანთი გუნდები ცოცხლად ენახათ და მიეღწიათ ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე, რომელიც საკლუბო ფეხბურთის მწვერვალია. მოხარული ვარ, რომ კომპრომისი გამოინახა და გულშემატკივრებს მატჩზე დასწრება შეეძლებათ. ამ ერთი წლის შემდეგ, რაც ფანებმა გადაიტანეს არ იქნება სწორი, რომ თავიანთი გუნდების სეზონის უდიდეს თამაშს არ უყურონ", - განაცხადა უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა

 

კომენტარები

ბოლო ამბები