Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ საზაფხულო ტესტების შესახებ ისაუბრა, როდესაც “ბორჯღალოსნები” სტუმრად 2-ჯერ ითამაშებენ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას, შემდეგ კი, შინ, შოტლანდიას დაუხვდებიან. შარიქაძის კომენტარს საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს. 

“სერიოზული გამოცდა გველის. მსოფლიოს ჩემპიონთან ორი მატჩი და ტიერ 1-ის გუნდის მასპინძლობა, სიხარულთან ერთად დიდი გამოწვევაცაა. ორივე დიდი გუნდია და გვსურს მათთან კარგი თამაშით ჩვენც გავიხაროთ და გულშემატკივარიც გავახაროთ. რა თქმა უნდა, ამ მატჩებში ბოლომდე დავიხარჯებით და ვნახოთ, რა შედეგი გვექნება. ასეთი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონთან პირველი თამაშების გამართვის პატივი გვერგო, რაც მოლოდინს კიდევ უფრო ამწვავებს. გულშემატკივარი მოუთმენლად ელის სამხრეთ აფრიკის პირველ თამაშს და როდესაც ქომაგი განსაკუთრებულის მოლოდინშია, სპორტსმენი შესაძლებლობის მაქსიმუმს აჩვენებს. აფრიკელები მოტივირებული დაგვხვდებიან, ეცდებიან გულშემატკივარი გაახარონ და სერიოზულ ბრძოლას შემოგვთავაზებენ. საქართველოს ამ დონის ტესტ-მატჩები აქამდე არასდროს ჰქონია. სასიხარულოა, რომ შოტლანდიამ კიდევ ერთხელ ისურვა ჩვენთან სტუმრობა, აფრიკელებმა კი, ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებთან შეხვედრების წინ, საქართველოსთან თამაში პროდუქტიულად მიიჩნიიეს. ვფიქრობ, ეს ნებისმიერ ქართველს უნდა უხაროდეს“.

შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნები” “ქურციკებს”, რომელთაც 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალის შემდეგ არ უთამაშიათ, 3 და 10 ივლისს გაეჯიბრებიან და ეს, სამხრეთ აფრიკისთვის მოსამზადებელი ეტაპი იქნება ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებთან სამმატჩიანი სერიისთვის. 

აფრიკიდან შინ მობრუნებული საქართველო 17 ივლისს შოტლანდიას მასპინძლობს და ჯამში, ზაფხულის ტიერ 1-ის გუნდებთან სამი მატჩი გამოგვივა, რაც აქამდე არ მომხდარა. ვთქვათ ისიც, რომ მანამდე, 26 ივნისს, 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩში, საქართველო შინ, ბელგიასა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულს უმასპინძლებს.

🎙 დიდი გამოცდა და გამოწვევა გველის" - მერაბ შარიქაძე სამხრეთ აფრიკასთან და შოტლანდიასთან ივლისის ტესტების შესახებ ➡️ bit.ly/3hmWW0n 🏉

Posted by Georgian Rugby on Thursday, May 13, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები