Thumbnail
  • ESPN-ის ინფორმაციით, ბარსელონა ჰანსი ფლიკისთვის ბრძოლაში ჩაერთო
  • 56 წლის სპეციალისტს გერმანიის ნაკრებშიც ეპატიჟებიან

მიუნხენის ბაიერნის ბოსმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ამას წინათ შემთხვევით არ თქვა, რომ გერმანიის საფეხბურთო კავშირმა ჰანსი ფლიკის ბუნდესგუნდში დანიშვნის საკითხის გადაწყვეტა უნდა იჩქაროს, რადგან ევროპის ტოპ-კლუბები მასთან მოლაპარაკებების დაწყებას შეეცდებიან. ESPN-ის ცნობით, ასეთი ნაბიჯი უკვე გადადგა ბარსელონამ! კატალონიურმა გრანდმა 56 წლის გერმანელ სპეციალისტს მიმართა - ფლიკს ბარსაში მუშაობა შესთავაზეს.

კატალონიელები რონალდ კუმანის მუშაობით კმაყოფილები არ არიან, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია. ნიდერლანდელს ბარსასთან კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული. მისი სკამი კლუბში განსაკუთრებით ლევანტესთან 3:3-ის შემდეგ შეირყა - თამაშის, რომლის გამოც ბარსელონას ესპანეთის ჩემპიონატის მოგების შანსები უკიდურესად შეუმცირდა.

ESPN წერს, რომ ბარსელონას პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა გერმანული სამწვრთნელო სკოლის დიდი მოყვარულია. თუმცა ამავე გამოცენის ინფორმაციით, ფლიკმა ბარსელონას შეუთვალა, რომ გერმანიის ნაკრებში მუშაობა ურჩევნია. მართალია, ფლიკი და გერმანიის საფეხბურთო კავშირი ჯერ არ შეთანხმებულან, მაგრამ მაინც - ეს ფაქტობრივად დროის ამბავია.

ჰანსი ფლიკი განსაკუთრებით პოპულარული ბოლო წელიწადნახევარში გახდა, რადგან ამ პერიოდში ბაიერნს ჯამში 7 ტიტული მოაგებინა - მათ შორის ჩემპიონთა ლიგა გასულ სეზონში. ფლიკის ხელმძღვანელობით მიუნხენური გრანდი წელსაც გერმანიის ჩემპიონი გახდა. ამ სეზონის ბოლოს ჰანსი ბაიერნს თავისი სურვილით ტოვებს. მას ლაიპციგის დამრიგებელი იულიან ნაგელსმანი შეცვლის.

კომენტარები

ბოლო ამბები