Thumbnail
  • ნიუ იორკ ნიქსი 2013 წლის მერე პირველად ითამაშებს პლეი ოფში
  • ბოსტონ სელტიკსს Play-in-ტურნირში თამაში მოუწევს
  • გადავხედოთ, რა ხდება ორივე კონფერენციაში

დღევანდელი მდგომარეობით NBA-ს პლეი ოფში თამაში ჯამში 10 გუნდს აქვს განაღდებული. წუხელ ატლანტამ ვაშინგტონთან თამაში შეატრიალა და 120:116 მოიგო, ხოლო ბოსტონი კი კლივლენდთან 94:102 დამარცხდა (ეს სელტიკსის ზედიზედ მეოთხე წაგებაა). ამით ნიუ იორკ ნიქსმა პლეი ოფში თამაში გაინაღდა - პირველად 2012/2013 წლების სეზონის შემდეგ.

მაიამის, ატლანტას და ნიუ იორკს აღმოსავლეთ კონფერენციაში 31-31 მარცხი აქვთ, ატლანტამ კი 39-ე გამარჯვება მოიპოვა. რეგულარული სეზონის ბოლომდე მე-4, მე-5 და მე-6 ადგილებს სწორედ ეს ტრიო გადაინაწილებს.

აღმოსავლეთ კონფერენცია: პლეი ოფში გასული გუნდები

1. ფილადელფია - 47 მოგება, 22 მარცხი
2. ბრუკლინი - 46 მოგება, 24 მარცხი
3. მილუოკი - 44 მოგება, 25 მარცხი
4. ატლანტა - 39 მოგება, 31 მარცხი
5. მაიამი - 38 მოგება, 31 მარცხი
6. ნიუ იორკი - 38 მოგება, 31 მარცხი

აღმოსავლეთ კონფერენციის საუკეთესო ექვსეულის შემდეგ ვითარება კვლავ დაძაბულია. ბოლო 11 მატჩიდან 8 მარცხის გამო ბოსტონი პლეი ოფში პირდაპირ ვერ გავიდა და Play-In-ტურნირში მოუწევს თამაში. სელტიკსი, შესაძლოა, მე-8 ან მე-9 ადგილამდეც კი ჩამოქვეითდეს.

Play-In-ში თამაში გარანტირებული აქვთ გოგა ბითაძის ინდიანას და შარლოტსაც. მეოთხე ადგილისთვის კი ვაშინგტონი და ჩიკაგო იბრძვიან, ოღონდ უიზარდსს დიდი უპირატესობა აქვს - 32 მოგება 29 მოგების წინააღმდეგ. წესით, ვაშინგტონს ერთი მოგებაც უნდა ეყოს, ჩიკაგოს კი წაგების უფლება აღარ აქვს.

დასავლეთ კონფერენციაში ლეიკერსი ჰიუსტონთან გამარჯვების შემდეგ საუკეთესო ექვსეულში მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებს - ლებრონ ჯეიმსის გუნდი დალასს (მე-5 ადგილზეა) და პორტლენდს (მე-6) თითო მოგებით ჩამორჩება. ლებრონ ჯეიმსმა თქვა, რომ შაბათს ინდიანასთან ითამაშებს.

დასავლეთ კონფერენცია: პლეი ოფში გასული გუნდები

1. იუტა - 50 მოგება, 20 მარცხი
2. ფინიქსი - 48 მოგება, 21 მარცხი
3. კლიპერსი - 46 მოგება, 23 მარცხი
4. დენვერი - 45 მოგება, 24 მარცხი

გოლდენ სტეიტი მე-8 ადგილზეა და უფრო ზემოთ ასვლა და ლეიკერსის გადასწრება აღარ შეუძლია. მე-9 პოზიციაზე მყოფ მემფისს უორიორსი 1 გამარჯვებით უსწრებს და ერთით მეტი მატჩი აქვს ჩასატარებელი. თუმცა სტეფ კარის გუნდი მე-9 ადგილზე ქვემოთაც ვეღარ დაეშვება. საინტერესოა, რომ გოლდენ სტეიტი და მემფისი ბოლო ტურში ერთმანეთს ხვდებიან. საკრამენტოს ჯერ კიდევ აქვს იმის შანსი, რომ სან ანტონიოს აჯობოს და მე-10 ადგილზე გავიდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები