Thumbnail

'იუვესთვის პრობლემა არასდროს ვიქნები' - ბუფონი არჩევანს 20 დღეში გააკეთებს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ჯანლუიჯი ბუფონი სულ მალე იუვენტუსს დატოვებს, მაგრამ მანამდე სასუოლოსთან (3:1) მატჩში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჯერ კიდევ მაღალ დონეზე თამაში შეუძლია. ჯიჯიმ თამაშის დასაწყისშივე პენალტი მოიგერია და იუვეს გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

მატჩის შემდეგ 43 წლის კიპერმა კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მისთვის ბოლო ორი სეზონი გამოწვევა იყო, რადგან იყო როლში, რომელიც მანამდე არასდროს ჰქონდა შესრულებული - მეორე მეკარე.

"ეს ორი წელიწადი ჩემთვის დიდი გამოცდა და გამოწვევა. ყოველთვის ვიყავი ის, ვინც რჩევას აძლევდა და ანუგეშებდა მათ, ვინც სათადარიგოთა სკამზე იჯდა. ახლა კი, თუ ოდესმე მწვრთნელი გავხდები, სკამზე დატოვებულ ფეხბურთელებს ვეტყვი ხოლმე, რომ იქ მეც ვიჯექი. იუვეს ყველაფერი მივეცი და კიდევ უფრო მეტი მივიღე. თუ ისევ აქ ვარ, ეს ჩემი დამსახურებაა, მაგრამ ასევე იუვესი, რომელმაც ძალიან ბევრი რამ მასწავლა. ალბათ უკეთესია, რომ უმაყურებლოდ მივდივარ. 3 წლის წინ, როდესაც ტიფოზები დამემშვიდობნენ, ეს ჩემთვის ძალიან ემოციური მომენტი იყო. მეორედ იგივეს ნამდვილად ვერ შევძლებდი", - თქვა ბუფონმა.

43 წლის კიპერს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, გააგრძელებს თუ არა საფეხბურთო კარიერას. როგორც აღნიშნა, საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს: "20-25 დღე ავიღე მოსაფიქრებლად. რამდენიმე შემოთავაზება მქონდა. მინდა დავინახო, მაქვს თუ არა კიდევ ენერგია სხვებისთვის ენთუზიაზმის და ბედნიერების გადასაცემად. პრეზიდენტს იანვარში ვაცნობე, რომ მივდიოდი. არ მინდა, რომ იუვესთვის პრობლემა ვიყო. აქ 20 წლის წინ ბიჭი მოვედი და ახლა მივდივარ, როგორც ბედნიერი კაცი", - დასძინა ჯიჯიმ DAZN-თან ინტერვიუში.

ბუფონმა იუვენტუსის პრობლემატური სეზონიც შეაფასა: "ეს ძლიერი, მაგრამ არასტაბილური იუვენტუსია. ამიტომაც დავკარგეთ ბევრი უაზრო ქულა. შესაძლოა, ეს ყველაფერი ჩვენი ინდივიდუალური თვისებებითაც იყოს გამოწვეული. 5 ქულა დავკარგეთ ბენევენტოსთან, 5 ფიორენტინასთან და ეს 10 ქულა რომ გვქონდეს, ახლა 'სკუდეტოსთვის' ვიბრძოლებდით. კონკურენტებთან მატჩებში ზოგჯერ მოვიგეთ, ზოგჯერ წავაგეთ, ფრეც ვითამაშეთ, მაგრამ ერთ დონეზე ვიდექით. ეს ნიშნავს, რომ იუვეს თამაში ნებისმიერთან შეუძლია. სპორტი ასეთია, 9-წლიანი ტრიუმფის შემდეგ შეიძლება ერთი წელი ცუდად ჩაატარო. როგორც იუვენტუსის გულშემატკივარი, ვამაყობ და მადლობას ვეუბნები პრეზიდენტს, კლუბს ამ 9-წლიანი ეპოქისთვის."

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონი სერია A-ს ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მეკარე გახდა, რომელმაც პენალტი მოიგერია (40 წლის და 140 დღის). ჯიჯიმ იუვენტუსის მაისურით 2001 წლიდან დღემდე 684 თამაში ჩაატარა.

კომენტარები

ბოლო ამბები