Thumbnail
  • სასუოლო 1:3 იუვენტუსი
  • ტურინელები ოთხეულში მოხვედრის შანსს ჯერ ისევ ინარჩუნებენ
  • რონალდომ და დიბალამ კლუბში საიუბილეო გოლები მიითვალეს
  • ბუფონმა პენალტი მოიგერია და სერია A-ს ისტორიაში შევიდა 

ტურინის იუვენტუსმა სერია A-ს 36-ე ტურში სტუმრად სასუოლო რაბიოს, რონალდოსა და დიბალას გოლებით დაამარცხა (3:1) და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის შანსი შეინარჩუნა. ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, ანდრეა პირლოს გუნდი 72 ქულით მე-5 ადგილზე რჩება, მაგრამ ქულით ჩამორჩება ნაპოლის, ხოლო 3 ქულით - მილანსა და ატალანტას.

სასუოლოსთან შეხვედრა განსაკუთრებული აღმოჩნდა კრიშტიანო რონალდოსთვის, პაულო დიბალასა და ჯანლუიჯი ბუფონისთვის. 36 წლის პორტუგალიელმა თავდამსხმელმა, რომელიც იუვენტუსის ღირსებას 2018 წლის ზაფხულიდან იცავს, სასუოლოსთან შეხვედრაში კლუბის მაისურით მე-100 გოლი მიითვალა.  

იუვენტუსში საიუბილეო, მე-100 გოლი შეაგდო პაულო დიბალამაც, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ 27 წლის არგენტინელი ფორვარდი "ბებერი ქალბატონის" პირველი არაევროპელი ფეხბურთელი გახდა, რომელიც ასეთი მიღწევით გამოირჩა.

ჯიჯის ასაკი პენალტის მოგერიებაში ხელს ვერ უშლის 

სასუოლო-იუვენტუსის შეხვედრაში კიდევ ერთი რეკორდი ტურინელთა ვეტერანმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა დაამყარა. 43 წლის ჯიჯი, რომელიც იუვეს ზაფხულში დაემშვიდობება, მატჩის დასაწყისში დომენიკო ბერარდის დარტყმული პენალტი მოიგერია და სერია A-ს ისტორიაში ყველაზე ასაკიანი გოლკიპერი გახდა, ვინც 11-მეტრიანი ნიშნულიდან მეტოქეს არ გაატანინა.

ტურინის იუვენტუსი იტალიის ჩემპიონატში მომდევნო მატჩს 15 მაისს, შინ უკვე გაჩემპიონებულ ინტერთან გამართავს, ბოლო ტურში, 23 მაისს კი ბოლონიას ესტუმრება. შუალედში, 19 მაისს, პირლოს გუნდი იტალიის თასის ფინალში ატალანტას დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები