Thumbnail

ვლადიმირ ვაისი სამუშაოს დაუბრუნდა - ორ ტიტულთან ძალიან ახლოს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი სამშობლოში იმუშავებს
  • 56 წლის სპეციალისტის გუნდს ჩემპიონატსა და თასზე გამარჯვების შანსი აქვს 

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი საქმიანობას დაუბრუნდა. 56 წლის სლოვაკმა სპეციალისტმა თავის სამშობლოში სლოვან ბრატისლავა ჩაიბარა, რომელსაც ადრეც წვრთნიდა და კლუბთან ერთად ტიტულების მოგების შანსი უკვე უახლოეს მომავალში ექნება.

"ჩვენი მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა. ვლადიმირ ვაისზე მისივე სამწვრთნელო ღირსებები და წარმატებები მეტყველებს. მე მას დღევანდელობის საუკეთესო სლოვაკ სპეციალისტად მივიჩნევ. ეს ჩვენი უმთავრესი არჩევანი იყო და მოხარული ვარ, რომ მასთან თანამშრომლობის საშუალება ისევ გვეძლევა და დარწმუნებული ვარ, რომ ის წარმატებული იქნება", - განაცხადა კლუბის გენერალურმა დირექტორმა ივან კმოტრიკ-უმცროსმა.

ვლადიმირ ვაისმა სლოვანში პირველი ვარჯიში უკვე ჩაატარა

ვლადიმირ ვაისის ბოლო სამუშაო ადგილი საქართველოს ნაკრები იყო, რომელიც 2016 წელს ჩაიბარა და 2020 წლის ბოლოს, მას შემდეგ დატოვა, რაც გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ისტორიული შანსის გამოყენება ვერ შეძლო და ჩრდილოეთ მაკედონიასთან პლეი ოფის ფინალი დათმო (0:1). 

რაც შეეხება ვლადიმირ ვაისის ახალ სამუშაო ადგილს, სპეციალისტი ბრატისლავას კლუბს ლამის ათწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. სლოვანი, სადაც ამჟამად ვლადიმირ ვაისი უმცროსი გამოდის, სატურნირო ცხრილს 65 ქულით ლოდერობს, 4 ქულით უსწრებს დუნაისკა სტრედას და ზედიზედ მესამე ჩემპიონობის გაფორმება უკვე მომავალ ტურში გამარჯვებით შეუძლია. გუნდი ასევე გასულია სლოვაკეთის თასის ფინალშიც.

ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრებში ისტორიული შანსი ვერ გამოიყენა

ვლადიმირ ვაისს სლოვაკეთში ასევე უმუშავია არტმედიაში, გაუწვრთნია რუსული სატურნი და ყაზახური ქაირათიც, განსაკუთრებული წარმატება კი თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ჰქონდა, რომელსაც 2006-11 წლებში წვრთნიდა და გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის 1/8-ფინალში გაიყვანა.

კომენტარები

ბოლო ამბები