Thumbnail
  • ინდიანა პეისერსი 103:94 ფილადელფია სიქსერსი
  • პეისერსმა კონფერენციის ლიდერს დაძაბულ ბრძოლაში მოუგო
  • ქართველ ცენტრს თამაშიდან სროლა ამჯერადაც არ წაუვიდა 

NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი დღის მატჩები გაიმართა. ზედიზედ მეორე, ბოლო 4 მატჩში კი მესამე გამარჯება იზეიმა პლეი ოფში თამაშის შანსისთვის მებრძოლმა ინდიანა პეისერსმა, რომელმაც შინ აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერ ფილადელფია სიქსერს მოუგო და პლეი ინში თამაში გაინაღდა. ფილადელფიამ კი ამ წაგებით მოგებათა 8-მატჩიანი სერია შეწყვიტა.

გოგა ბითაძის გუნდმა პირველ ნახევარში მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირა და დიდ შესვენებაზე 11-ქულიანი ჩამორჩენით გავიდა, მაგრამ ამის შემდეგ თამაში გამოასწორა. პეისერსმა მატჩს ბედის შემობრუნება თამაშის დასრულებამდე 3:50 წუთით ადრე შეძლო, როდესაც თანაბარ ანგარიშზე (92:92) კარის ლევერტმა ჯერ ორი საჯარიმო ჩააგდო, შემდეგ კი ზედიზედ ზუსტი ორქულიანითა და სამქულიანით გამოირჩა. საბოლოო ანგარიშიც იმავე ლევერტმა ზუსტი საჯარიმოებით დააფიქსირა - 103:94. 

ბოლო წუთებში ლევერტის შედეგიანმა თამაშმა ინდიანას პლეი ინი გაუნაღდა

ტრავმირებული მაილს ტერნერის გარეშე მოთამაშე პეისერსის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი ლიეტუველმა მძიმე ფორვარდმა დომანტას საბონისმა შეიტანა, რომელმაც მიმდინარე სეზონში მეცხრე სამმაგი დუბლი მიითვალა. სიქსერსთან საბონისის აქტივში 16 ქულა, 13 მოხსნა და 15 პასია. ყველაზე შედეგიანი მასპინძელთა რიგებში კი კარის ლევერტი იყო 24 ქულით. 20 ქულა ჩააგდო დუგ მაკდერმოტმა.

ფილადელფიაში, რომელსაც ამ მატჩში ლიდერი ჯოელ ემბიდი ჯანმრთელობის პრობლემის გამო ვერ დაეხმარა, ტობიას ჰარისი (27 ქულა) და ბენ სიმონსი (20 ქულა) გამოირჩნენ.

ბითაძე და საბონისი ტაირიზ მაკსის შეჩერებას ცდილობენ

რაც შეეხება ინდიანას ქართველ ცენტრს, წინა მატჩის მსგავსად, გოგა ბითაძეს თამაშიდან სროლა არც ამჯერად წაუვიდა. მოედანზე გატარებულ 17:30 წუთში ბითაძემ ფილადელფიას ფარში ერთხელ საშუალო დისტანციიდან, სამჯერ კი პერიმეტრიდან შეუტია, თუმცა ყველა ჯერზე უშედეგოდ. სამაგიეროდ, გოგამ ოთხივე საჯარიმო ჩააგდო და 4 ქულა მიითვალა. მის ანგარიშზე ასევე 2-2 მოხსნა და დაფარება და 1 პასია. გოგა სამჯერ დაჯარიმდა, მისი პლუს-მინუს კოეფიციენტი კი 4 იყო.

📺 ინდიანა V ფილადელფია

ინდიანა პეისერსი (33-36) აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში მე-8 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 14 მაისს, შინ მილუოკი ბაქსთან ჩაატარებს. ფილადელფია სიქსერსი (47-22) ამავე კონფერენციის ლიდერად რჩება, მომდევნო შეხვედრას კი 14 მაისს მაიამი ჰიტთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები