Thumbnail

მანჩესტერ სიტი ინგლისის ჩემპიონია - იუნაიტედმა შანსი დაკარგა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მანჩესტერ იუნაიტედი ლესტერთან დამარცხდა
  • მანჩესტერ სიტი თანაქალაქელის წაგების შემდეგ მე-7-ედ გაჩემპიონდა

მანჩესტერ სიტი ინგლისის პრემიერლიგის 2020/21 წლების სეზონის ჩემპიონია. პეპ გვარდიოლას გუნდმა ტიტული ისე გაიფორმა, რომ მინდორზე არც ყოფილა. ყველაფერი მანჩესტერში გაირკვა, ოღონდ არა "ეტიჰად სთედიუმზე", არამედ "ოლდ ტრაფორდზე".

მანჩესტერ იუნაიტედი ერთადერთი გუნდი იყო, რომელიც სიტის გადასწრების შანსს ინარჩუნებდა, მაგრამ 36-ე ტურში ოლე გუნარ სულშერის გუნდი შინ ლესტერ სიტისთან დამარცხდა (1:2), რის შედეგადაც თანაქალაქელების გადასწრების ყველანაირი შანსი დაკარგა.

გვარდიოლას გუნდს 35 თამაშში 80 ქულა აქვს, ხოლო სულშერის ბიჭების მონაგარი ასევე 35 მატჩში 70 ქულაა და პრემიერლიგაში საჩემპიონო ინტრიგა დასრულებულია. მეორეს მხრივ, ლესტერმა "ოლდ ტრაფორდზე" მოგებით ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად დიდი ნაბიჯი გადადგა.

მანჩესტერ სიტისთვის სეზონის გარდამტეხი მომენტი ნოემბერში ტოტენჰემთან მარცხი გამოდგა. მას შემდეგ 27 მატჩიდან 22 მოიგო (2 ფრე) და ამ შესანიშნავი მონაკვეთის წყალობით მე-11 ადგილიდან სეზონის ფინიშამდე 3 ტურით ადრე ჩემპიონის ტიტული გაინაღდა. მანჩესტერ სიტი ინგლისის ჩემპიონი ისტორიაში მეშვიდედ, ბოლო 9 წელიწადში კი მეხუთედ გახდა. "ქალაქელებმა" ჩემპიონობა 1937, 1968, 2012, 2014, 2018, 2019 და 2021 წლებში შეძლეს.

სიტიმ პრემიერლიგის გარდა ინგლისის ლიგის თასიც მოიგო და 29 მაისს, ჩემპიონთა ლიგის მოგებას ისტორიაში პირველად ეცდება, ფინალში კი ლონდონის ჩელსის შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები