Thumbnail
  • ფრანკ რიბერის შემდეგ, კონტრაქტი არიენ რობენმაც გააგრძელა
  • რეკორდმაისტერმა რაფინიასაც ახალი ხელშეკრულება გაუფორმა
  • ბაიერნი ერთ 100-მილიონიან ტრანსფერსაც გეგმავს

ჯერ იყო ფრანკ რიბერი (2007), მერე კი არიენ რობენი (2009) და მას შემდეგ “რობერი” მიუნხენის ბაიერნის გულშემატკივრების ერთ-ერთი უსაყვარლესი ტერმინია. დარწმუნდნენ რა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბები ჰყავდათ, რეკორდმაისტერის ფანებმა რობენისა და რიბერის გვარები სწორედ ასე გააერთიანეს: “Robbery”.

წლები გავიდა, ორივე ფეხბურთელი ასაკშია და წელს ამ დუეტის დაშლას სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა. მეტიც: შესაძლებელი იყო, რომ ბაიერნი ორივეს ერთად დაეტოვებინა, მაგრამ არა - “რობერის” ფენომენი გრძელდება!

არიენ რობენი და ფრანკ რიბერი

რამდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ 35 წლის რიბერი მიუნხენურ გრანდთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე თანახმა იყო, ახლა კი ოფიციალურად დადასტურდა, რომ 34 წლის რობენიც ბაიერნში რჩება! ჰოლანდიელმა გერმანიის ჩემპიონთან ხელშეკრულება 1 წლით, 2019 წლის ივნისამდე გაახანგრძლივა.

შეგახსენებთ, რომ ბაიერნმა რობენი 2009 წელს, მადრიდის რეალიდან, 25 მილიონ ევროდ შეიძინა. მას მერე ჰოლანდიელმა რეკორდმაისტერში გერმანიის 7 ჩემპიონობა იზეიმა. მასთან ერთად, ბავარიელებმა 32 წლის ბრაზილიელი მცველის, რაფინიას კონტრაქტის ერთი წლით გაგრძელებაც დაადასტურეს.

“ძალიან გვიხარია, რომ ფეხბურთელებთან, რომლებსაც ჩვენი გუნდის და გულშემატკივრების წინაშე უდიდესი დამსახურება აქვთ, კონტრაქტები ერთი წლით გავაგრძელეთ. მომავალი სეზონისთვის თითოეული მათგანი ძალიან მნიშვნელოვანია,” - ნათქვამია ბაიერნის სპორტული დირექტორის, ჰასან სალიჰამიჯიჩის განცხადებაში.

ჯერ მხოლოდ გორეტცკა

რაც შეეხება ბაიერნის სატრანსფერო გეგმებს: ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ახალწვეულის ვინაობაა ცნობილი. შალკეს ნახევარმცველი ლეონ გორეტცკა ზაფხულიდან ბაიერნის ფეხბურთელი გახდება. გარდა ამისა, მიუნხენში ბრუნდებიან სერჟ გნაბრი (ჰოფენჰაიმში იყო განათხოვრებული) და რენატო სანჩესი (სუონსი), გუნდის მთავარი მწვრთნელი კი, როგორც იცით, იუპ ჰაინკესი იქნება.

ლეონ გორეტცკა და ჰასან სალიჰამიჯიჩი

რეკორდმაისტერის გენერალური დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე აცხადებს, რომ ბაიერნის სატრანსფერო გეგმები ამით არ ამოიწურება - ზაფხულში ბავარიელები გუნდს აუცილებლად გააძლიერებენ. “ბილდის” ინფორმაციით, მიუნხენური გრანდი ერთი ძვირადღირებული, დაახლოებით 100-მილიონიანი ფეხბურთელის შეძენას აპირებს.

11 ჩემპიონობა! რობენი კრუიფზე ტიტულოვანია

იოჰან კრუიფი ყველა დროის საუკეთესო ჰოლანდიელი ფეხბურთელია, მაგრამ არიენ რობენმა უდიდეს ლეგენდას ტიტულებით გადაასწრო. ამ სეზონში რობენმა ქვეყნის ჩემპიონატი მეთერთმეტედ მოიგო - კრუიფს კი 10 ჰქონდა მოგებული.

“სტატისტიკის ფანი არ ვარ. იოჰან კრუიფი ყველა დროის უდიდესი ჰოლანდიელი ფეხბურთელია. რა თქმა უნდა, ამაყი ვარ, რომ მასზე მეტი ტიტული მაქვს მოგებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასზე მაღლა ვდგავარ,” - აცხადებს რობენი, რომელმაც ჩემპიონობები ეინდჰოვენთან (1), ჩელსისთან (2), რეალთან (1) და ბაიერნთან (7) ერთად იზეიმა. კრუიფმა, რომელიც სამჯერ იყო ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელი, ტიტულები ამსტერდამის აიაქსში (8), ბარსელონაში (1) და როტერდამის ფეიენოორდში (1) იზეიმა. იოჰან კრუიფი 2016 წლის მარტში, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები