Thumbnail

როდის დაბრუნდება კვარაცხელია? რუბინის მწვრთნელის პასუხი

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა ფეხბურთელმა ბარძაყის ტრავმა 18 აპრილს მიიღო
  • მის გუნდს პრემიერლიგაში გადამწყვეტი მატჩი როტორთან ელის

ყაზანის რუბინს რუსული პრემიერლიგიდან ევროთასზე გასვლის კარგი შანსი აქვს და ამ ფონზე, კიდევ უფრო აქტუალურია კითხვა, შესძლებს თუ არა გუნდის დახმარებას ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია. ამ უკანასკნელმა ტრავმის გამო რამდენიმე მატჩი გამოტოვა, მის შესაძლო დაბრუნებაზე კი რუბინის მთავარ მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის ტულის არსენალთან მოგებული (4:2) თამაშის მერე ჰკითხეს.

“კვარაცხელია სრული დატვირთვით სათამაშოდ ჯერ მზად არაა. დამატებით რაიმეს თქმა გამიჭირდება. მოდით, მოვლენათა განვითარებას დაველოდოთ”, - იყო სლუცკის პასუხი.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ ბარძაყის კუნთი 18 აპრილს, ურალთან სტუმრად გამართულ შეხვედრაში (1:0) იტკინა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შესძლო. არსებობდა ვარაუდი, რომ ქართველი ფეხბურთელი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვერ ითამაშებდა, თუმცა, ვარჯიში უკვე განაახლა. კვარაცხელიას გამოჩენას პრემიერლიგის გასულ ტურში ტულის არსენალთანაც კი ელოდნენ, მაგრამ განაცხადში ვერ მოხვდა.

რუსეთის პრემიერლიგაში გასული 29 ტურის შემდეგ, ყაზანის რუბინს 52 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა, რაც კლუბს ევროპალიგის საგზურს იძლევა, ის კი არადა, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც კი აღმოჩნდეს. ყველაფერი 16 მაისს დაგეგმილ ბოლო ტურში გაირკვევა, როდესაც ყაზანელები ვოლგოგრადის როტორს უმასპინძლებენ. 20 წლის ქართველმა ნახევარმცველმა რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის 23 მატჩში ითამაშა და 4 გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე ასავე 8 საგოლე პასია (მოპოვებული პენალტების ჩათვლით).

კომენტარები

ბოლო ამბები