Thumbnail
  • დორტმუნდმა ლაიპციგი დაამარცხა და ოთხეულში შევიდა
  • ამით მიუნხენის ბაიერნმა გერმანიის ჩემპიონობა გაინაღდა
  • რეკორდმაისტერი ამ ჩემპიონობით მე-5 ვარსკვლავს მიიღებს

ამ თამაშს ორი გამარჯვებული ჰყავდა!

ბუნდესლიგის 32-ე ტურში დორტმუნდის ბორუსიამ ლაიპციგი უპრინციპულეს შეხვედრაში 3:2 დაამარცხა და ნანატრ, ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ მე-4 ადგილზე გადაინაცვლა - მინიმუმ დროებით, სანამ აინტრახტისა და მაინცის თამაში (კვირასაა) ჩატარდება. მე-17 ტურის შემდეგ პირველად მოხდა ისე, რომ დორტმუნდი საუკეთესო ოთხეულშია.

ამავდროულად, ბორუსიას გამარჯვებამ მიუნხენის ბაიერნს გერმანიის ჩემპიონობა მოუტანა - ლაიპციგის მარცხის შემდეგ რეკორდმაისტერი ოფიციალურად გახდა ჩემპიონი!

მიუნხენური გრანდისთვის ეს ზედიზედ მე-9 და ჯამში 31-ე ჩემპიონობაა!

ბაიერნის ფეხბურთელები გლადბახთან მატჩისთვის მოედანზე გადიოდნენ, როცა დორტმუნდისა და ლაიპციგის დაპირისპირება დასრულდა. ისინი დორტმუნდისა და ლაიპციგის თამაშის ბოლო წუთებს თავიანთ სმარტფონებში უყურებდნენ და ასე ნახეს, როგორ გახდნენ ჩემპიონები.

წაიკითხეფეხბურთის მომავალი გერმანულია - რატომ არის ბაიერნის მოდელი სრულყოფილი

ბაიერნის მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა, რომელიც 1 ივლისიდან თავისი სურვილით რეკორდმაისტერს ტოვებს (მას ლაიპციგის დამრიგებელი იულიან ნაგელსმანი შეცვლის), მიუნხენურ გრანდში წელიწადნახევარში უკვე მე-7 ტიტული მოიგო.

მას შემდეგ, რაც უშუალოდ ბუნდესლიგა დაარსდა (1963 წლიდან), ბაიერნი 30-ედ გახდა გერმანიის ჩემპიონი (ერთი ჩემპიონობა მანამდე, 1932 წელს ჰქონდა), რაც იმას ნიშნავს, რომ ბავარიული გრანდი მეხუთე ვარსკვლავს მიიღებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები