Thumbnail
  • ტურინულ კლუბში მთავარი მწვრთნელის შეცვლაზე ისევ ფიქრობენ
  • ანდრეა პირლოს შემცვლელებად ზიდანი და გატუზო სახელდებიან

მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი და ნაპოლის თავკაცი ჯენარო გატუზო ტურინის იუვენტუსში მთავარი მწვრთნელობის მთავარი კანდიდატები არიან. ამის შესახებ იტალიური სპორტული მედია წერს.

ცნობილია, რომ ზინედინ ზიდანის მიწვევაზე დიდი ხანია ფიქრობს იუვენტუსის პრეზიდენტი ანდრეა ანიელი, თუმცა ძირითადი პრობლემა ფრანგი სპეციალისტის ხელფასის ოდენობაა, რომელიც წელიწადში 12 მილიონ ევროს შეადგენს. 

ამ მხრივ ტურინელებისთვის უფრო ხელსაყრელი ვარიანტი შესაძლოა გატუზო იყოს, რომელმაც სეზონის დასრულების შემდეგ შესაძლოა ნაპოლი დატოვოს.

ზიზუ იუვეს ღირსებას 1996-2001 წლებში იცავდა

იუვენტუსის ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ ტურინული გუნდი გასულ ზაფხულს, თანამდებობიდან მაურიციო სარის გაშვების შემდეგ ჩაიბარა. კლუბისა და  სპეციალისტისთვის სეზონი წარმატებული ვერ გამოვიდა - იუვე უკვე გამოითიშა ჩემპიონთა ლიგას და სკუდეტოც ინტერს დაუთმო. 

საინტერესოა, რომ ტურინული კლუბი ყოფილ მთავარ მწვრთნელებს - მასიმილიანო ალეგრისა და მაურიციო სარის, რომლებთანაც კონტრაქტი გაწყვეტილი არ არის, აქამდე უხდის ხელფასებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "ბებერმა ქალბატონმა" ბოლო სამ წელიწადში სამ სპეციალისტს უკვე 40 მილიონ ევროზე მეტი გადაუხადა.

ტურინის იუვენტუსს სერია A-ში ჩატარებული 34 მატჩის შემდეგ, 69 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზეა. ამდენივე ქულა აქვთ ატალანტასა (2) და მილანსაც (4), რომლებიც ჩემპიონთა ლიგის საგზურებისთვის იბრძვიან. ანდრეა პირლოს გუნდი მომდევნო ტურში, 9 მაისს, მილანს მასპინძლობს.

კომენტარები

ბოლო ამბები