Thumbnail

PREVIEW | გადამწყვეტი მატჩი ტურინში - მილანს იუვენტუსთან უჭირს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 📅 9 მაისი | ⌚ 22:45 | ⚽ იუვენტუსი V მილანი
  • ტურინში ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ბევრი რამ გაირკვევა
  • წაგება პრაქტიკულად შანსის დაკარგვას ნიშნავს
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

სერია A-ს 35-ე ტურში იტალიური კლასიკა შედგება - იუვენტუსი მილანს უმასპინძლებს. თამაშს ძალიან დიდი დატვირთვა აქვს,  სასწორზე ჩემპიონთა ლიგის საგზური დევს!

სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე იტალიის ჩემპიონატში 'სკუდეტოს' მფლობელი უკვე გარკვეულია (ინტერი), მაგრამ სამაგიეროდ, ოთხეულში მოსახვედრად განსაკუთრებული ბრძოლაა გაჩაღებული: ატალანტას, იუვენტუსს და მილანს 69-69 ქულა აქვთ, ნაპოლის 67 და ლაციოს 64, რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული (ტორინოსთან 19 მაისს ითამაშებს) და ვინ გავა ჩემპიონთა ლიგაზე, უცნობია. 3 ვაკანტური ადგილისთვის 5 გუნდი იბრძვის!

ამგვარად, იუვენტუსი-მილანის დაპირისპირებას შეიძლება ფინალის სტატუსიც მიენიჭოს, რადგან გამარჯვებული გუნდი დიდ ნაბიჯს გადადგამს მიზნისკენ, ხოლო დამარცხებული, როგორც ქულების მხრივ, ისე მენტალურად, დიდი ალბათობით, დაეცემა.

ორივე გუნდი შეხვედრას ცუდ ფორმაში ხვდება. იუვენტუსის თამაშის ხარისხი მთელი სეზონი, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო ხანებში, კრიტიკას ვერ უძლებს. ტურინელებმა ბოლო ტურში უდინეზეს მხოლოდ იმიტომ მოუგეს, რომ კრიშტიანო რონალდო ჰყავთ, თორემ უდინეში 3 ქულისთვის ანდრეა პირლოს საერთოდ არაფერი გაუკეთებია.

მილანმა წინა ტურში ბენევენტოს სძლია, რომელიც სერია A-ში ყველაზე ცუდ ფორმაშია და ამ თამაშით დასკვნების გამოტანა არ შეიძლება. სამაგიეროდ, მანამდე "როსონერიმ" ზედიზედ ორი მარცხი განიცადა. ზოგადად, მეორე წრეს სტეფანო პიოლის გუნდი სუსტად ატარებს. მილანი ზამთრის ჩემპიონი გახდა, ახლა კი ჩემპიონთა ლიგის საგზურიც კი კითხვის ნიშნის ქვეშ უდგას.

თუ სპორტული ფორმით ორივე გრანდი საშინლად გამოიყურება, საკადრო პრობლემებს არ უჩივიან. მილანს მხოლოდ სამუ კასტილიეხო დააკლდება დისკვალიფიკაციის გამო, ხოლო იუვეს ფედერიკო კიეზა გამოუჯანმრთელდა, რომელიც 18 აპრილის მერე ლაზარეთში იყო და სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში იქნება. კიეზა მიმდინარე სეზონში ტურინელთა ნათელი წერტილია და მისი დაბრუნება მართლაც აღსანიშნავი ამბავია. გავიხსენოთ, რომ იუვე-მილანის პირველი წრის გმირი სწორედ იტალიელი შემტევი იყო, რომელმაც "სან სიროზე" შოუ დადგა, დუბლი შეასრულა და თავის გუნდს 3:1 მოაგებინა. სხვათა შორის, პირველი წრის მატჩის წინ ტურინელებს მხოლოდ 32 ქულა ჰქონდათ, მილანელებს 42 და შესაბამისად, მას მერე იუვენტუსმა 10 ქულით მეტი დააგროვა, ვიდრე მილანმა.

პირველი მატჩის მთავარი გმირი ფედერიკო კიეზა იყო

გარდა იმისა, რომ ეს თამაში ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში გარდამტეხი და ალბათ, გადამწყვეტია, საინტერესოა სხვა კუთხითაც და მას ჯანლუიჯი დონარუმა ჰქვია. იტალიელ მეკარეს მილანთან კონტრაქტი ეწურება და ამბობენ, რომ იუვენტუსთან ძალიან ახლოსაა. მაგრამ, ტრანსფერისთვის საჭიროა ტურინული გრანდი ჩემპიონთა ლიგაზე გავიდეს. მეორეს მხრივ, თუ მილანი ლიგაზე ვერ გავა, დონარუმას კონტრაქტის განახლება, რომელიც 30 ივნისს იწურება, საერთოდ გამოირიცხება. ამგვარად, იუვენტუსი-მილანის შედეგი დიდი ალბათობით, გავლენას სატრანსფერო გეგმებზეც მოახდენს.

უნდა ითქვას ისიც, რომ დიდი ხანია იტალიური ფეხბურთის მთავარ გრანდებს შორის დაპირისპირებას მსგავსი სატურნირო დატვირთვა არ ჰქონია. ბოლოს, 2011/12 წლების სეზონში, როდესაც ორივე გუნდი სკუდეტოსთვის იბრძოდა, მას მერე "როსონერიმ" პოზიციები ცალსახად დათმო და იტალიაში იუვენტუსი გაბატონდა. იყო დროც, როცა ისინი არა მარტო სკუდეტოს ეცილებოდნენ, არამედ ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ხვდებოდნენ, მაგრამ აწმყოში სხვა რეალობაა და ახლა იუვენტუსი-მილანის 90-წუთიანი დუელი ჩემპიონთა ლიგის საგზურის ბედს გადაწყვეტს.

საინტერესო ფაქტები

⚽ 2011/12 წლების სეზონიდან იუვენტუსმა მილანი სერია A-ში 15-ჯერ დაამარცხა (1 ფრე, 3 წაგება) და არცერთ სხვა გუნდთან ამაზე უკეთესი შედეგი ამ პერიოდში არ აქვს (15 გამარჯვება ასევე ლაციოსა და უდინეზესთან, მაგრამ მათ წინააღმდეგ ერთით მეტი მატჩი ჩაატარა).

⚽ იუვენტუსმა მილანის წინააღმდეგ ბოლო 9 საშინაო მატჩიდან ყველა მოიგო და მხოლოდ ფოჯასთან (11) აქვს უკეთესი საშინაო გამარჯვებების სერია იტალიის ჩემპიონატში.

⚽ იუვენტუსმა სერია A-ს ბოლო 10 მატჩში გოლი გაუშვა. ეს 2010 წლის აპრილის შემდეგ პირველად მოხდა, როდესაც ტურინელებმა ზედიზედ 10 თამაშში ვერ შეძლეს კარის მშრალად შენახვა. ჩემპიონის რანგში კი უარესი სერია მხოლოდ ინტერს ჰქონდა, რომელმაც 2011 წელს მიჯრით 12 თამაშში გოლი გაუშვა.

⚽ იუვენტუსმა მიმდინარე სეზონში 13 საშინაო მატჩში მოახერხა მინიმუმ 2 გოლის გატანა, რაც საუკეთესო შედეგია ჩემპიონატში.

⚽ 2012/13 წლების სეზონის შემდეგ მილანს პირველად აქვს დაგროვებული 69 ქულა. მაშინ როსონერიმ სეზონი 72 ქულით დაასრულა, 35 ტურის შემდეგ კი 65 ქულა ჰქონდა.

⚽ მილანმა ბოლო საგარეო მატჩი წააგო და შეიძლება ზედიზედ ორი გასვლითი თამაში პირველად ვერ მოიგოს 2020 წლის თებერვლის შემდეგ, სანამ ლოქდაუნი დაიწყებოდა.

⚽ იუვენტუსმა მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი ქულა მოიპოვა წამგებიანი პოზიციდან (17 ქულა), ხოლო მილანმა ყველაზე ნაკლები ქულა დაკარგა მაშინ, როდესაც ანგარიში გახსნა (5).

⚽ მას მერე, რაც გუნდებს გამარჯვებაზე 3 ქულა ენიჭებათ, სერია A-ში პირველად მოხდა, რომ 34-ე ტურის შემდეგ მეორე და მეხუთეადგილოსან გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ 2 ქულაა.

⚽ კრიშტიანო რონალდოს მიმდინარე სეზონში 9 დუბლი აქვს შესრულებული და ერთ სეზონში ამ მხრივ უკეთესი შედეგი მხოლოდ 2014/15 წლების სეზონში ჰქონდა (12). ერთადერთი, ვინც მასზე მეტი დუბლი შეასრულა ამ სეზონში, ერლინგ ჰაალანდია (10).

⚽ ტეო ერნანდესი მილანის პირველი მცველია 2004/05 წლების შემდეგ (მას მერე, რაც ასეთი სტატისტიკას ითვლიან), რომელმაც სეზონში მინიმუმ 5 გოლი გაიტანადა 5 საგოლე პასი შეასრულა.

⚽ ახლა ორივე გუნდს 69-69 ქულა აქვს, მაგრამ პირველ წრეში, როდესაც ეს გუნდები მილანში შეხვდნენ, ლომბარდიელები უკეთეს ვითარებაში იყვნენ. მაშინ (6 იანვარს) მილანს 42 ქულა ჰქონდა, იუვენტუსს კი მხოლოდ - 32.

⚽ იუვენტუსის ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 4-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ მილანის ბოლო 5 შეხვედრაში 4-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ამ გუნდების ბოლო 5 მატჩში 2-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა. 2 მატჩი იუვემ მოიგო, 1 მილანმა და ორჯერ ფრე დაფიქსირდა.

⚽ მილანს სტუმრად ყველაზე მეტი ქულა აქვს მოპოვებული (40) და ყველაზე მეტი თამაში აქვს მოგებული (13, 1 ფრე, 2 წაგება). თუმცა, ბოლო საგარეო თამაშში ლაციოსთან 0:3 დამარცხდა.

⚽ იუვენტუსს საკუთარ მოედანზე 41 ქულა აქვს მოპოვებული და ამ შემდეგით მხოლოდ ინტერს ჩამორჩება. ამასთან, შინ ყველაზე ცოტა გოლი გაუშვა (13).

⚽ სერია A-ში იუვენტუსი და მილანი 171-ჯერ შეხვედრიან. 67 თამაში ტურინელებმა მოიგეს, 50 მილანელებმა და 54 დაპირისპირება ფრედ დასრულდა.

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (4-4-2): შჩესნი - დანილო, დე ლიხტი, კიელინი, ალექს სანდრო - კუადრადო, ბენტანკური, რაბიო, კიეზა - მორატა, რონალდო

მილანი (4-2-3-1): დონარუმა - კალაბრია, კიაერი, ტომორი, ერნანდესი - ბენასერი, კესი - საელემაკერსი, ჩალჰანოღლუ, ლეაო - იბრაჰიმოვიჩი
დისკვალიფიკაცია: კასტილიეხო

კომენტარები

ბოლო ამბები