Thumbnail

'პრემიერლიგის მოგება უფრო მნიშვნელოვანია'- პეპი ჩემპიონთა ლიგაზე არ ფიქრობს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მანჩესტერ სიტი პრემიერლიგის და ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან ახლოსაა
  • გვარდიოლა უპირატესობას პირველს ანიჭებს და მეორეზე ჯერ არ ფიქრობს

მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ამბობს, რომ ნაციონალური პირველობის მოგება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება და ამაში მატერიალურ მხარესაც გულისხმობს. 

შეგახსენებთ, რომ ესპანელი სპეციალისტის გაწვრთნილი გუნდი ორივე ტიტულისთვის იბრძვის. სიტი პრემიერლიგის სატურნირო ცხრილს 80 ქულით ლიდერობს და დარჩენილ ოთხ ტურში ერთი მოგებაც ყოფნის ჩემპიონობის გასაფორმებლად. ამასთან, გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალშია გასული, სადაც მეტოქედ ჩელსი ჰყავს.

"ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემპიონატში გამარჯვება უფრო ღირებულია. მატერიალური თვალსაზრისით, ნებისმიერი კლუბისთვის უფრო მნიშვნელოვანია მომდევნო ჩემპიონთა ლიგისთვის კვალიფიცირება. ოთხი თამაში გვაქვს დარჩენილი და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მომდევნო უქმეებზევე მოვიპოვოთ ტიტული. ახლა ფინალზე საერთოდ არ ვფიქრობთ", - ამბობს გვარდიოლა.

მანჩესტერ სიტის პრემიერლიგაში მომდევნო მატჩი 8 მაისს, საკუთარ მოედანზე ლონდონის ჩელსის წინააღმდეგ უწევს.

სიტის პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში ტრიუმფამდე თითო მოგება აშორებს

50 წლის ესპანელი სპეციალისტი მანჩესტერ სიტის 2016 წლიდან წვრთნის და გუნდს პრემიერლიგა უკვე ორჯერ მოაგებინა - 2017/18 და 2018/19 წლებში. გვარდიოლას მწვრთნელის რანგში ჩემპიონთა ლიგა ორჯერ აქვს მოგებული - ბარსელონასთან ერთად. 

კომენტარები

ბოლო ამბები